Blomberg აშშ
კლარა ფერეირა მარკესი
ბელორუსის სტანდარტითაც კი, ის რომ ლუკაშენკომ ფაქტობრივად გაიტაცა თვითმფრინავი, რომელიც ერთი ევროპული დედაქალაქიდან მეორისკენ მიემართებოდა, რათა ოპოზიციონერი ჟურნალისტი დაეპატიმრებინა – არის უკიდეგანო უგუნურება.
ბევრი დეტალი ჯერ კიდევ უცნობია, მაგალითად რუსეთის როლი მომხდარში ( თუ ის – რა თქმა უნდა ამაში მონასწილეობდა). თუმცა ერთი რამ მკაფიოა: დისიდენტის ჰაერში დაპატიმრება ავიაგადაზიდვების ყველა საერთაშორისო ნორმის დარღვევით, შეიძლება გახდეს პრეცედენტი სხვა დიდი ავტორიტარული სახელმწიფოებისთვის, მათ შორის ჩინეთისთვის. მხოლოდ ,,შეშფოთების გამოხატვა’’ ევროპისა და სხვა დასავლური სახელმწიფოების მხრიდან, საკმარისი ვერ იქნება
გასული წლის აგვისტოდან, ლუკაშენკო თავისი რეჟიმის გადასარჩენად იბრძვის. მაშინ დაუჯერებელი განცხადებები იმის შესახებ, რომ მან ისევ (მეექვსედ) გაიმარჯვა არჩევნებში და ხმების აბსოლუტური უმრავლესობა მოიპოვა, მოჰყვა მასობრივი პროტესტი ქუჩებში. დემონსტრაციებს და გაფიცვებს უპასუხეს სასტიკი დარბევებითა და დაპატიმრებებით. დიდწილად მოსკოვის მხარდაჭერით, კოლმეურნეობის ყოფილი თავმჯდომარე, კრიტიკოსთა ძალისხმევის მიუხედავად, გადაურჩა ჩამოგდებას. ის დღემდე ახშობს ოპოზიციონერების ხმას და ზრდის წნეხს. თუნდაც გასული კვირა ავიღოთ: დიდი ხნის განმავლობაში პოპულარულმა ოპოზიციურმა ახალი ამბების საიტმა Tut.by-მ შეწყვიტა საქმიანობა და ხელისუფლებამ მისი მფლობელების წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრა – გადასახადებისგან თავის არიდების ბრალდებით.
მიუხედავად ყველაფრისა, აიძულო Ryanair-ის სამგზავრო რეისი, რომელიც ნატოს წევრი ერთი ქვეყნიდან მეორეში მიემგზავრება (საბერძნეთიდან ლიეტუვაში) იმისთვის, რომ დისიდენტი დააკავო – ეს მკვეთრი ესკალაციაა. აპრილში, პუტინი ცდიდა ჯო ბაიდენს სამხედრო ძალების თავმოყრით უკრაინის საზღვართან. ბელორუსმა კიდევ უფრო ღრმად შეტოპა. ევროპულმა ქვეყნებმა და აშშ-მ მოითხოვეს ახსნა-განმარტება, კვირას განხორციელებული იძულებითი დაჯდომის გამო. პასუხს სავარაუდოდ ვერ მიიღებენ. ამდენად, ბრიუსელმა უნდა გამოიყენოს ამ კვირაში დაგეგმილი ევროკავშირის ლიდერთა სამიტი, რომ სწრაფი და მძაფრი პასუხი გასცეს ასეთ პირდაპირ გამოწვევას.
ლუკაშენკო, რომელიც აქამდე საკუთარი ხალხისთვის წარმოადგენდა თავსატეხს, ახლა უკვე საერთაშორისო საფრთხედ იქცა, თვლის ნაიჯელ გულდ-დევისი, საერთაშორისო სტრატეგიული კვლევების თანამშრომელი და დიდი ბრიტანეთის ყოფილი ელჩი ბელორუსში. ეს ნაბიჯი აქარწყლებს ყველა მოსაზრებას, რომ დასავლური დიპლომატიის თავშეკავება მინსკთან ურთიერთობაში, აიძულებდა ლუკაშენკოს ემოქმედა უფრო კონსტრუქციულად.
მომხდარი, ჰოლივუდის სცენარს მოგვაგონებს. Ryanair-ის კუთვნილი თვითმფრინავი, რომელიც ათენიდან ვილნიუსისკენ 170 მგზავრით მიფრინავდა, რამდენიმე წუთით ადრე ბელორუსის საჰაერო სივრციდან გასვლამდე, მიწაზე იძულებით დასვეს, თითქოსდა ხომალდში არსებული ბომბის გამო. იმის ნაცვლად, რომ დანიშნულების ადგილამდე გაეცილებინათ რეისი, ,,ჰაერი-ჰაერი ტიპის’’ რაკეტებით აღჭურვილი სამხედრო თვითმფრინავის საშუალებით დასვეს მინსკში. დაჯდომის შემდეგ, ხელისუფლებამ დააპატიმრა ბორტზე მყოფი ცნობილი ჟურნალისტი რომან პროტასოვიჩი, ახალი ამბების საკვანძო არხ NEXTA-ს, ყოფილი მთავარი რედაქტორი.
მიუხედავად ჩხრეკითა და სამსახურეობრივი ძაღლებით გაფორმებული სპექტაკლისა, 26 წლის პროტასოვიჩის მყისიერმა დაპატიმრებამ, ყოველგვარი ეჭვები გაფანტა მინსკის ნამდვილი მიზნის გარშემო. ოპოზიციის ლიდერ სვეტლანა ტიხანოვსკაიას თქმით, NEXTA-ს მთავარ რედაქტორს ემუქრება სისხლის სამართლის ბრალდება და შესაძლოა სიკვდილით დასჯაც.
იმედისმომცემია, ის დაუყოვნებლივი მძლავრი სიტყვიერი პასუხი ევროპიდან, რომელიც ნამდვილად არ ჰგავს ევროპისათვის ტრადიციულ რიტუალურ ხელის ბანას და უმოქმედობას.
ევროპული კომისიის თავმჯდომარემ, ურსულა ფონ ლაიენმა განაცხადა, რომ ეს არის ,,აღმაშფოთებელი უკანონობა’’ და ამ ქმედებას მოჰყვება ,,შედეგები.’’ როგორი შეიძლება იყოს ეს ,,შედეგები’’?
თუ გავითვალისწინებთ მუდმივ პრობლემას, რომ ევროკავშირის 26 ქვეყანა ვერასდროს თანხმდება-ხოლმე სანქციებზე, ბელორუსისთვის დღეს არსებული შეზღუდვების გაფართოება, ალბათ მალე არ მოხდება. მარია როხოვა, ექსპერტი ბელორუსის საკითხებში ოსლოს უნივერსიტეტიდან, გონივრულად მოითხოვს ამ ინციდენტს განსაკუთრებული სასჯელი მოჰყვეს და აღდგეს სტატუს კვო. აზრი შემდეგში მდგომარეობს: გამოცხადდეს ბელორუსის საჰაერო სივრცე საფრთხის შემცველად, ასევე შეიზღუდოს ნაციონალური კომპანია „ბელავია“, სანამ ლუკაშენკო არ მისცემს ახსნა-განმარტებას და პროტასოვიჩი და მისი გოგონა არ გათავისუფლდებიან.
არსებობს სხვა გზებიც. არსებული ევროპული სანქციები მოიცავს ემბარგოს – ბელორუსისთვის იარაღის მიყიდვაზე, სავიზო აკრძალვას და ამ ისტორიაში ჩართული პირებისა და კომპანიებისთვის აქტივების გაყინვას. ეს არ არის საკმარისი. შემდეგი ნაბიჯი იქნებოდა ამ სიის გაფართოება და მასში მნიშვნელოვანი სახელმწიფო კომპანიების ჩართვა, მაგალითად ,,ბელარუსკალიის’’ – ეს კალიუმის სასუქის ერთ-ერთი მსხვილი მწარმოებელია მსოფლიოში, რომელსაც ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი შემოსავალი მოაქვს.
ყოველივე ამას, ახლავს გარკვეული სიძნელეები. მაგალითად, ბელორუსის გამიჯვნა რუსეთისთვის დაწესებული სანქციებიდან. მოსკოვის დახმარების გარეშე წარმოუდგენელი იქნებოდა მინსკის აღმაშფოთებელი ქმედება. მაგრამ თავსატეხი სხვა რამაა. უფრო მკაცრმა ზომებმა შეიძლება დააჩქაროს მოსკოვის მიერ ბელორუსის მიტაცება, მაგრამ მოსკოვის ქვეშევრდომობა ბელორუსში ნამდვილად არ მოეწონებათ, რასაც მოჰყვება კამათი. ასე რომ, ბრიუსელსა და ვაშინგტონს – არ უნდა ეშინოდეთ მოვლენათა ასეთი განვითარების. კარგი იქნებოდა პოზიტიური ღონისძიებები, მაგალითად დამოუკიდებელი მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერა.
ამ მომენტისთვის, ბოინგ 737-800-ის იძულებით დასმა, იმდენად აღმაშფოთებელი ფაქტია, რომ მისი იგნორირება შეუძლებელია. თუ ბელორუსს შეუძლია მსგავსი რამის ჩადენა, ისე რომ, ამას პასუხი არ მოჰყვეს, რა დაუდგება წინ რუსეთს, რომლის ტერიტორია იმდენად მოცულობითია, რომ მას გვერდს ვერ აუქცევ? ან ჩინეთი რატომ არ გაიმეორებს იგივეს? მან ხომ უკვე გვაჩვენა, რომ შეუძლია გადასწვდეს სხვა ქვეყნებსაც დისიდენტების დასაბრუნებლად, ხოლო ჰონგ-კონგის ნაციონალური უსაფრთხოების ახალი კანონი, მიესადაგება ყველას, მათ შორის უცხო ქვეყნების მოქალაქეებს.
დასავლეთმა მკაფიოდ უნდა აჩვენოს, რომ ასეთი ქმედებები დაუშვებელია.