Spread the love
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  

The Guardian  ბრიტანეთი

სარედაქციო წერილი

 

  უკრაინის საზღვართან რუსეთის ჯარების თავმოყრის მოტივაცია გაურკვეველია და საქმე სწორედ ბუნდოვანებაშია. ვლადიმერ პუტინის საგარეო პოლიტიკა მიმართულია იქითკენ, რომ გამოიწვიოს საერთაშორისო დამკვირვებლები და მოაქციოს ისინი ჩიხში. რუსეთის უბრალო მოქალაქეები ვერაფერს მოიგებენ იმით, რომ კრემლი ათეულ ათასობით ჯარისკაცს, პლუს ტანკებსა და არტილერიას აგზავნის იმისთვის, რომ შეაშინოს მეზობელი სახელმწიფო, ისე, როგორც ვერ მიიღეს, რაიმე მატერიალური სარგებელი 2014 წელს – ყირიმის ანექსიით. პირიქით, რუსეთის მოქალაქეები დაზარალდნენ ამის გამო შემოღებული სანქციებისგან

მაგრამ პუტინის სამხედრო ავანტიურები, მას საშუალებას აძლევს, თავი მკაცრ მმართველად წარმოადგინოს, რომელიც არაფერს უთმობს დასავლეთს. ოდესღაც საბჭოთა კავშირის კუთვნილი ტერიტორიების მიტაცება, იყო ნაციონალური სიამაყის აღორძინების კამპანიის მთავარი ელემენტი, მას შემდეგ, რაც დაიკარგა ზესახელმწიფოს სტატუსი. ამგვარი დღის წესრიგი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია პრეზიდენტისთვის, რომელსაც ბევრი არაფრის შეთავაზება შეუძლია საკუთარი ხალხისთვის. ყოვლისმომცველმა კორუფციამ და აგრესიულმა ავტორიტარიზმმა გამოიწვია ეკონომიკის სტაგნაცია. იმ გეგმის უქონლობამ, რომელიც რუსეთს გადააქცევდა კონკურენტუნარიანად სამოქალაქო სფეროებში, კრემლი აიძულა მიმართოს ისეთ მეთოდებს,  როგორიცაა სამხედრო ძალის დემონსტრირება, კიბერშპიონაჟი და გეოპოლიტიკური ინტრიგები, რათა ყველა დაარწმუნოს, რომ მისი უგულებელყოფა შეუძლებელია.

მოვლენათა ამგვარი განვითარება წარმოადგენს საფრთხეს უკრაინის სუვერენიტეტისთვის და სერიოზულ პრობლემას უქმნის ამ ქვეყნის მოკავშირეებს. ოთხშაბათს, საგარეო საქმეთა მინისტრი დომინიკ რააბი შეხვდა მის ამერიკელ, ფრანგ და გერმანელ კოლეგებს, რათა განეხილათ  გამწვავებული ვითარება. თეორიულად ნატო მხარს უჭერს კიევს. ალიანსის გენერალური მდივნის იან სტოლტენბერგის თქმით, ეს მხარდაჭერა ,,ურყევია.’’ აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა, რუსეთის ქმედებას ,,ძალზე პროვოკაციული’’ უწოდა.

იმას, თუ როგორ რეაგირებს ბლინკენის ბოსი თეთრ სახლში, ყურადღებით აკვირდება კრემლის მთავარი პროვოკატორი. მისწრაფება, გამოიცნოს „რა კაცია ბაიდენი“ და ,,რა ღირს ის საერთოდ“, არ არის ერთადერთი მიზანი უკრაინის წინაშე იარაღის ჟღარუნისა, მაგრამ ეს მნიშვნელოვანი ფაქტორია, თუ აშშ გატყდება, ეს  პუტინის მხრიდან აღქმული იქნება, როგორც ნებართვა, რათა გააფართოვოს მოქმედება იქ, რასაც ის თავის ,,გავლენის სფეროს’’ უწოდებს, ევროპაში – შესაძლებელია, მან ამისთვის ძალაც გამოიყენოს. უკრაინის შეიარაღებული ძალები, ნატოს დახმარებით, ახლა უფრო მომზადებული და უკეთ აღჭურვილია, ვიდრე 2014 წელს იყო , მაგრამ ამ გაზრდილმა ბრძოლისუნარიანობამ და პოტენციალმა შეიძლება ვერ შეაჩეროს რუსეთი. უფრო მნიშვნელოვანი შემაკავებელი ფაქტორი იქნებოდა შიში ნეგატიური რეაქციისა თავად რუსეთში, რაც გაჩნდება, თუკი გაიზრდება დანაკარგი.

საბედნიეროდ, მოვლენები ასე შორს არ წასულა, მაგრამ ასეთი განვითარება შესაძლებელია და ეს უნდა გახდეს იმის მიზეზი, რომ მოახლოებულმა კრიზისმა მიიპყროს მეტი ყურადღება ევროპის ქვეყნებში. ლონდონი რუსეთთან დამოკიდებულებაში საომრადაა განწყობილი (განსაკუთრებით სკრიპალის მოწამვლის შემდეგ), მაგრამ პარიზი და ბერლინი, როგორც წესი, უფრო ფრთხილნი არიან კრემლთან ურთიერთობაში. აქ საქმე ეხება კომერციულ და სტრატეგიულ საკითხებს, მათ შორის არცთუ უმნიშვნელოა ნავთობსადენის მშენებლობა – რუსული გაზის გერმანიაში ტრანსპორტირებისთვის. ევროკავშირი მაინცდამაინც ვერ ახერხებს საგარეო პოლიტიკის კოორდინაციას. უსაფრთხოების საკითხებში ეს კონტიგენტი ეყრდნობა აშშ-ს და ამით ცდის ვაშინგტონის მოთმინებას. დონალდ ტრამპი ამ მხრივ უხეშად და მტრულად იქცეოდა, თუმცა მისი უკმაყოფილება არ იყო გამონაკლისი.

რაც მეტი უთანხმოებაა ნატოს შიგნით, მით მეტ შესაძლებლობებს ხედავს პუტინი საკუთარი მანევრებისთვის, რომლებიც მიმართულია პრობლემების შექმნისკენ. არ არსებობს რუსეთთან გამკლავების მარტივი მეთოდი, რადგან ამ ქვეყნის საგარეო პოლიტიკა გაპირობებულია პარანოიდალური ნაციონალიზმითა და ცინიკური მცდელობებით – შიდა აუდიტორის კეთილგანწყობა მოიპოვოს საერთაშორისო კონფლიქტების გაჩაღებით. მაგრამ ატლანტიკის ორივე მხარეს მდებარე დემოკრატიული სახელმწიფოებისთვის, ამოსავალ წერტილად უნდა იქცეს იმ სუვერენული ქვეყნის უკომპრომისო სოლიდარობა, რომელიც უკვე დაზარალდა კრემლის ტერიტორიული აგრესიით და რომელსაც ეს კვლავ ემუქრება.

By admin