Spread the love
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  

  

Lidovky ჩეხეთი

ირჟი იუსტი

 

        რკინის დატალღულ მესერს ზემოდან გასდევს ეკლიანი მავთული. მის უკან მართლმადიდებლური ტაძრის ორი მოოქროვილი გუმბათი მოჩანს. შორიახლო აღმართულია რამდენიმე თეთრად შეღებილი ნაგებობა. ასე გამოიყურება შრომა-გასწორებითი კოლონია ნომერი-2 პოკროვში, მოსკოვიდან დაახლოებით 100 კილომეტრში. ახლა, აქ სასჯელს იხდის ოპოზიციონერი პოლიტიკოსი – ალექსეი ნავალნი

ნავალნიმ აღწერა ციხე, როგორც „მეგობრული კონცლაგერი.” მას არ გადაუჭარბებია.  შრომა-გასწორებითი  კოლონია პოკროვში ცნობილია მსჯავრდებულების მიმართ მკაცრი მოპყრობით. აქ პატიმრები განიცდიან ფსიქოლოგიურ ძალადობას და მათ არცთუ იშვიათად, ცემით უსწორდებიან. ეს კოლონია არ არის გამონაკლისი –   რუსეთის სასჯელაღსრულების სისტემა, ალაგ-ალაგ ჰგავს სტალინურ ლაგერებს.

„რუსეთში სიტყვა – გულაგი – სიმბოლურ მნიშვნელობას იძენს, როცა ციხის სისტემაზე ვლაპარაკობთ. ახლანდელი სისტემა, რა თქმა უნდა განსხვავებულია. ადამიანები გამოსასწორებელ დაწესებულებებში აღარ მუშაობენ ქანცის გაწყვეტამდე და არ კვდებიან გამოფიტვითა და შიმშილით, მაგრამ თანამედროვე რუსეთის ციხეს ატყვია გულაგის დამღა“ – ამბობს რუსული სერვერის – „მბხ მედიის“ ჟურნალისტი და უფლებადამცველი ზოია სვეტოვა.

ის, რაც აერთიანებს რუსეთის ამჟამინდელ სასჯელაღსრულების სისტემასა და სტალინურ ლაგერს – არის დამცირება და წამება, რაც იშვიათობა როდია ბევრ დაწესებულებაში: „ციხის თანამშრომლები ოდნავადაც არ თანაუგრძნობენ მსჯავრდებულებს, უფრო ეშინიათ მათი და სძულთ ისინი. როცა საშუალება აქვთ თანამშრომლები არ ერიდებიან ძალის დემონსტრირებას“ – დასძენს სვეტოვა.

 

                                                              საბჭოთა       მემკვიდრეობა

 

„რუსეთს, საბჭოთა კავშირიდან მემკვიდრეობით ერგო ძველი შენობები, საწამებელი საკნები, საშინელი კორიდორები, რომლებსაც დასჯის წინ პატიმრები გადიოდნენ. ყველაფერი უცვლელია. მხოლოდ ღია-მწვანე და ყავისფერი კედლების შეფერილობა შეცვალეს ამ საშინელ ადგილებში“ – ამბობს ოსეჩკინი, ადამიანი,  რომელმაც რამდენიმე წელი თავად გაატარა ციხეში გამოგონილი ბრალდებით.

ოსეჩკინის თქმით, რუსეთის სასჯელაღსრულების სისტემაში შენარჩუნებულია საბჭოთა ტრადიციები, როგორც პატიმართა შორის, ისე ზედამხედველებში. ექსპერტი აღნიშნავს, რომ რუსეთის საპატიმრო სისტემა არ არის დამოუკიდებელი ორგანო, ის სრულად ექვემდებარება რუსეთის უშიშროების ფედერალურ სამსახურს (ФСБ).

„რუსეთის ფედერაცია არ ასრულებს, არა მარტო ევროსაბჭოს მიერ დადგენილ პატიმრებისადმი მოპყრობის წესებს, არამედ საკუთარ კანონებსა და კონსტიტუციასაც. რუსეთის სასჯელაღსრულებით სისტემაში წამება და დამცირება ფართოდ არის გავრცელებული“ – აღნიშნავს ოსეჩკინი.

სვეტოვას თქმით, ახლა რუსეთის ციხეებში ცხოვრების პირობები ბევრად უკეთესია, ვიდრე საბჭოთა ლაგერებში, თუმცა ციხეები განსხვავდება.

„შრომა-გასწორებით კოლონიაში, სადაც ახლა ალექსეი ნავალნი იმყოფება, არის ცხელი წყალი და საცხოვრებელი პირობები არც ისე მძიმეა, მაგრამ სამწუხაროდ სამედიცინო მომსახურება უვარგისია. ამის შესახებ შეგვიძლია ვიმსჯელოთ იმ ფაქტით, რომ ნავალნი ავად გახდა. მავთულხლართებს მიღმა არ შეუძლიათ აღმოუჩინონ მას სათანადო სამედიცინო დახმარება“ – გვიხსნის ჟურნალისტი. რამდენიმე დღის წინ, რუსი ოპოზიციონერის ადვოკატმა ოლგა მიხაილოვამ გვაცნობა, რომ ნავალნის მგომარეობა შემაშფოთებელია. მას ძლიერი ტკივილები აწუხებს ზურგისა და მარჯვენა ფეხის არეში. მკურნალობის ნაცვლად, მას ექიმი ტკივილგამაყუჩებელს აძლევს. თავად ოპოზიციონერი დარწმუნებულია, რომ მისი ჯანმრთელობის დამძიმება შეგნებულად ხდება.

 

                                                       წითელი და შავი ციხეები

 

გასული საუკუნიდან რუსეთის თანამედროვე სასჯელაღსრულების სისტემას გადმოჰყვა ერთი თავისებურება: ის ადასტურებს, თუ რამდენად მყიფეა რუსეთის ციხეებში ზღვარი – დანაშაულსა და კანონს შორის.  ლაპარაკია ციხეების დაყოფაზე: წითლებად და შავებად.

 

„შავ ციხეებს ძირითადად განაგებდნენ  დამნაშავეები, ხელმძღვანელობა მხოლოდ მათ ზედამხედველობას ახორციელებდა. პირობები, ამ შემთხვევაში იყო უფრო გაიოლებული. პატიმრებს ჰქონდათ მობილური ტელეფონები, ალკოჰოლი და ნარკოტიკებიც კი“ – ამბობს სვეტოვა. ხელმძღვანელობისთვის ნებადართული იყო, მას ციხის მართვა განეხორციელებინა პროფესიონალ დამნაშავეებთან,  ე.წ. კანონიერ ქურდებთან ერთად, რათა ამბოხი ყოფილიყო გამორიცხული. „ციხის თანამშრომლები ქრთამის აღებით მშვენივრად ცხოვრობდნენ“ – ამბობს ის.

„რაც შეეხება წითელ ციხეებს, იქ მოქმედებს განსაკუთრებით მკაცრი რეჟიმი. ციხის ხელმძღვანელობა სრულად აკონტროლებს დაწესებულებას, ითხოვს განაწესის ზედმიწევნით შესრულებას და ამას აღწევს პატიმარი-აქტივისტების დახმარებით. მათი ამოცანაა დათრგუნონ სხვა მსჯავრდებულები, რომლებიც ზომაზე მეტი დამოუკიდებლობით გამოირჩევიან, აცხადებენ, რომ მისდევენ ქურდულ ტრადიციებს და არ ემორჩილებიან ადმინისტრაციას“ –  მოგვითხრობს ჟურნალისტი. მაგალითად,  წითელია კოლონია , სადაც ნავალნი იმყოფება.

ასეთი მკაცრი დაყოფა, გვხდებოდა  ჯერ კიდევ 15 წლის წინ. ჟურნალისტი ვარაუდობს, რომ ბოლო დროს ვითარება იცვლება და შავი ციხეები წითლებად გარდაიქმნებიან. ეს მხოლოდ ზდის შიშს, რომელიც რუსეთის სასჯელაღსრულების დაწესებულებებში სუფევს.

 

By admin