Spread the love
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  

Berlingske  დანია

 უფფე ელლემან-იენსენი  (დანიის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი)

 

ბევრმა ყური დაცქვიტა, როცა ალექსანდრე ლუკაშენკომ პარასკევს განაცხადა, რომ მას შემდეგ, რაც ქვეყანას ახალი კონსტიტუცია ექნება, ის გადადგება.  კოლმეურნეობის ყოფილი თავმჯდომარე, აგერ უკვე 26 წელიწადია, ქვეყანას რკინის ხელით მართავს. იქნებ ბოლოს და ბოლოს  დაიწყო ,,ოტტეპელი’’ ქვეყანაში, რომელიც ისე ახლოს მდებარეობს ჩვენს საზღვრებთან, რომ არ გვაქვს ფუფუნება, თვალი მაინც არ მივადევნოთ ამბებს, რაც იქ ხდება

აგვისტოში, არჩევნების შემდეგ, ლუკაშენკომ თქვა, რომ გაიმარჯვა და ხმების 80% მიიღო. ეს ციფრი  „ზედმეტად მიახლოებული“ აღმოჩნდა. ადამიანები გამოვიდნენ ქუჩაში, სახელმწიფო საწარმოების მოსამსახურეებმა გამოაცხადეს გაფიცვა, ხოლო პოლიციამ და სამხედროებმა დაიწყეს პროტესტის მკაცრად ჩახშობა. ისინი ისროდნენ, როგორც რეზინის, ისე საბრძოლო ტყვიებს. ადამიანებს სცემდნენ ტელეკამერების წინ, ციხეები გადაივსო, ბევრი გაიქცა მეზობელ ქვეყნებში, ძირითადად ლიეტუვაში.

ამგვარად, იმის ვარიანტი, რომ ლუკაშენკო  სახალხო წნეხის შედეგად ნებაყოფილობით პოსტს დათმობდა, არ რჩებოდა. მაგრამ შეხვედრაზე, რომელიც ქვეყნის დედაქალაქ მინსკში პარასკევს გაიმართა, მან განაცხადა, რომ მზად იყო შეეცვალა პრეზიდენტის უფლებამოსილება. ,,მე ამ სიტუაციაში ერთი რამ მაღელვებს: უცნობი პრეზიდენტისთვის ასეთი კონსტიტუციის გადაცემა არ შეიძლება, ეს უბედურება იქნება’’- თქვა მან, ბელორუსის ახალი ამბების ოფიციალური ბიუროს ინფორმაციით.

,,კონსტიტუციას ჩემზე არ ვირგებ. ახალი კონსტიტუციით მე თქვენთან პრეზიდენტად არ ვიმუშავებ, ამიტომ ყველაფერი  მშვიდად მიიღეთ’’ – განაცხადა ლუკაშენკომ. ამის შემდეგ, ყველამ დაიწყო ვარაუდების გამოთქმა. ნეტავ, მართლა ექნება ქვეყანას ახალი კონსტიტუცია? თუ ლუკაშენკო გაება რუსულ სათაგურში?

                                                  პუტინის მხარდაჭერა         

ევროკავშირმა და აშშ-მ შემოიღეს სანქციები, მაგრამ შეეცადნენ არ გაეღრმავებინათ კონფლიქტი, რათა საქმე რუსეთთან ღია კონფრონტაციამდე არ მისულიყო. ეს ჭკვიანური სვლა იყო. ბევრ დემონსტრანტ და ოპოზიციურ პოლიტიკოსს, როგორც ჩანს არ სურს რევოლუცია, რომელიც დასავლეთთან დაახლოებით დასრულდება, მათ უბრალოდ მეტი თავისუფლება და ლუკაშენკოს მოშორება უნდათ.

ჯერჯერობით პუტინი მას მხარს უჭერს. თუმცა მოსკოვში ლუკაშენკოს უსარგებლო ფიგურად მიიჩნევენ. 9 აგვისტოს, არჩევნებამდე, ის რუსეთს წინასაარჩევნო რბოლის დროს ჩარევაში ადანაშაულებდა. მან განაცხადა, რომ რუსი ,,მეთოჯინეები’’ მხარს უჭერენ ოპოზიციას და რომ ბელორუსში დააკავეს რუსეთის შეიარაღებული ძალების არაოფიციალური დაჯგუფების 33 წევრი.

ყოველივე ეს, ხდებოდა რუსეთის მრავალწლიანი მცდელობის ფონზე,  დაეყოლიებინა ბელორუსი სახელმწიფოთაშორის კავშირზე. ლუკაშენკოს ეს იდეა აშკარად არ ხიბლავდა. მას სურდა სამომავლოდაც შეენარჩუნებინა უფლება ყინჩად ევლო თავის უცნაურ საპრეზიდენტო სამოსში.

თუმცა, ხმების დათვლის შემდგომ, ატმოსფერო დაიძაბა და ის სხვანაირად ალაპარაკდა. დაპატიმრებული რუსეთის მოქალაქეები სახლში გაუშვეს, ბელორუსის პრეზიდენტი კი მოჰყვა გოდებას, რომ ნატოს ჯარები ზედ მის საზღვრებთან იდგნენ. ეს იყო სრული ბოდვა, მაგრამ ნათელი შეიქნა, ვისზე იყო მისი ნათქვამი გათვლილი: ახლა,  უკვე პუტინს ევალებოდა მისი დახმარება. ლუკაშენკო, შავი ზღვის სანაპიროზე, სოჭში, პუტინის სასახლეში მიიწვიეს. რუსეთის პრეზიდენტმა მას ეკონომიკური დახმარება აღუთქვა და ამასთან განაცხადა: „ბელორუსებმა თავად უნდა მოაგვარონ შიდა პრობლემები ,,სამშვიდობო დიალოგის გზით.’’

მაშინ, პრეზიდენტები შეთანხმდნენ, რომ ერთობლივი სამხედრო წვრთნები ბელორუსში ძალაში რჩებოდა და რომ რუსი მეომრები, ამის შემდეგ სახლში დაბრუნდებოდნენ…

ამ შეხვედრის შედეგად ბევრმა გაანალიზა პუტინისეული კინეტიკის ენა: მისი ზიზღი ლუკაშენკოს მიმართ თვალშისაცემი იყო  და ის ჩამოჰგავდა კატას,  რომელმაც თაგვი კუთხეში მიიმწყვდია.

                                უსაფრთხოება მეზობელ ქვეყნებში

გასულ კვირაში, მინსკს ესტუმრა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი. მან თქვა: ,,უპირველესად, მინდა გადმოქცეთ ვლადიმერ ვლადიმერის-ძის მოკითხვა. მან დაადასტურა ყველაფერი, რაზეც თქვენ მანამდე, სოჭში შეთანხმდით.’’

,,ჩვენ რა თქმა უნდა დაინტერესებული ვართ, რომ სიტუაცია იყოს მშვიდი, სტაბილური და ამას, ჩვენი აზრით, ხელს შეუწყობს  ბელორუსის ხელმღვანელობის ინიციატივა საკონსტიტუციო რეფორმის შესახებ’’- დაამატა მან.

ერთი დღის შემდეგ, კომენტარებით ლუკაშენკო გამოვიდა.

ჩვენ, ისღა დაგვრჩენია, დაველოდოთ. კონკრეტულად  რაზე ის შეთანხმდა პუტინთან? იმაზე ხომ არა, რომ ლუკაშენკო აღარ შეეწინააღმდეგება რუსეთისა და ბელორუსიისთვის საერთო კონსტიტუციის იდეას? ასეთ შემთხვევაში ლუკაშენკოს დღეები დათვლილია.

რა შეგვიძლია ჩვენ, დანარჩენ სამყაროს გავაკეთოთ? პრაქტიკულად არაფერი. ამ საკითხზე მოსკოვთან პირდაპირი კონფრონტაცია სახიფათოა.  პუტინს ალერგია აქვს პოტენციური ახალი „ფერადი რევოლუციების“ მიმართ, იმის მსგავსი რევოლუციებისა, როგორიც საქართველოსა და უკრაინაში მოხდა. ამასთან, ბელორუსის მოსახლეობას  ეს არც სურს.

ამიტომ, საუკეთესო რაც შეიძლება გავაკეთოთ, ეს არის ის, რომ მხარი დავუჭიროთ დემოკრატიულ პროცესს ამ ქვეყანაში და მის ფარგლებს გარეთ. ეს შესაძლებლობას მისცემს დემოკრატიულ ძალებს ბელორუსში, უკეთ გაერკვნენ, რა სურთ და მიზანს როგორ მიაღწიონ.

ამავე დროს, ჩვენ თვალი უნდა მივადევნოთ იმას, რომ უსაფრთხოება სათანადო სიმაღლეზე იყოს ,,თავად, ჩვენსავე რიგებში“: ეს ეხება იმ ქვეყნებს, რომლებიც ესაზღვრება ბელორუსს – ლიეტუვას,ლატვიასა და პოლონეთს.

 

By admin