Spread the love
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  

Foreign Affairs – აშშ

მარია სადოვსკაია – კომლაჩი

 

 

 

9 აგვისტოს საპრეზიდენტო არჩვნების შემდეგ, ბელორუსი არნახულმა საპროტესტო  ტალღამ მოიცვა. ამჟამინდელმა პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ საკუთარი გამარჯვება გამოაცხადა – ხმების 80%-იანი წილით. პროტესტის მონაწილეები ქუჩაში გამოვიდნენ ხმების  სამართლიანად და გამჭირვალედ დათვლის მოთხოვნით. მსგავსი რამ ამ ქვეყანაში, უკვე 20 წელია არ მომხდარა. მომდევნო დღეებში პოლიციამ დააპატიმრა და საშინელ პირობებში ამყოფა ათსობით მოქალაქე და მათ წინააღმდეგ გამოიყენა ფსიქოლოგიური და ფიზიკური წამების მეთოდები. ასობით აქციის მონაწილეს სცემეს, ნაწილი კი დაჭრეს. მიუხედავად ამისა, ბელორუსები გამოდიან თავიანთი ქალაქების ქუჩებში და მოითხოვენ, რომ ხელისუფლებამ აღიაროს არჩევნების ფალსიფიკაცია და დაიწყოს მოლაპარაკებები ძალაუფლების გადაცემის შესახებ

აქციის მონაწილეები არ აწყობენ უწესრიგობებს, პოლიციასთან შეტაკებას, იერიში არ მიაქვთ სამთავრობო დაწესებულებებზე და არ ქურდავენ მაღაზიებს. ამის ნაცვლად,  ისინი ბარიკადებს აგებენ, დილით კი მიდიან სამსახურში. თუმცა სპეცრაზმი მათ წინააღმდეგ იყენებს ცრემლსადენ გაზს, წყლის ჭავლს, რეზინის ტყვიებს, მანათობელ და ხმოვან ხელყუმბარებსა და საბრძოლო ტყვიებს ( ამას ჰყავს თვითმხილველები). რამდენიმე დღის შემდეგ, დოკუმენტირებული ძალადობის გამო, მთავრობამ გაათავისუფლა ათასობით დაკავებული.

სახელმწიფო მედიის თანახმად, საპროტესტო მოძრაობა უცხო ძალების ნამუშევარია. თუმცა ძნელია ეს დაიჯერო, როცა ჩინოვნიკებიც კი აპროტესტებენ პოლიციის ძალადობას და მოითხოვენ ხმების სამართლიანად გადათვლას. ქვეყნის ცნობილი ადამიანები, მათ შორის მსახიობები,  ექიმები, ოლიმპიური ჩემპიონი ბიატლონში – დარია დომჩაროვა და მსოფლიოს ყოფილი პირველი ჩოგანი ვიკტორია აზარენკო, იღებენ ვიდეოს, ხელს აწერენ პეტიციებს, მოითხოვენ შეწყდეს ძალადობა და პატივისცემით მოეპყრან დემონსტრანტების მოთხოვნებს. იტყობინებიან, რომ პოლიციის მხრიდან ხდება შეკრებებიდან მამაკაცების გამოცალკევება და მათი ცემა.

საპროტესტო მოძრაობა გაერთიანდა სამი ძირითადი მოთხოვნით. ხელისუფლებამ უნდა გაათავისუფლოს  ყველა პოლიტპატიმარი (მათ შორის, ყოფილი კანდიდატები ვიკტორ ბაბარიკო და სერგეი ტიხანოვსკი), პოლიციური ძალადობა იქნას გამოძიებული და დამნაშავეები დააკავონ, მერე კი ხელისუფლებამ აღიაროს სვეტლანა ტიხანოვსკაია არჩევნებში გამარჯვებულად და  ჩატარდეს ახალი კენჭისყრა, სადაც დაუშვებენ საინფორმაციო მედია საშუალებებს და დამოუკიდებელი  დამკვირვებლებს.

 

                                                     ნაძალადევი რჩევა

 

თვალს თუ მიადევნებ, როგორ შუქდება პროტესტი დასავლურ, რუსულ და უკრაინულ მედიაში ბელორუსში არსებული მღელვარების შესახებ, ბევრს ვერაფერს გაიგებ. ეს გამოცემები გატაცებულნი არიან ბელორუსის შექმნილი ვითარების შედარებით, სხვა ქვეყნებში მომხდარ მშვიდობიან რევოლუციებთან და წარუმატებელ გადატრიალებათა მთელ წყებასთან. ერთმა ევროპელმა მაღალი რანგის მოხელემ Facebook – ში დაწერა: ,,მე გაოცებულმა აღმოვაჩინე, რომ ჩემ უცხოელ მეგობრებს შორის, ბელორუსის საპროტესტო მოძრაობის ბევრი სპეციალისტია.’’ მოგვიანებით, მან  ეს პოსტი წაშალა და ოფიციალური ტონით საუბარი არჩია, თუმცა ბევრი ბელორუსი იზიარებს ამ გაღიზიანებას.

ჯერ კიდევ ივნისში, პოლიტიკური ანალიტიკოსი ვიტალი შკლიაროვი, რომელიც ვაშინგტონში ცხოვრობს, ბელორუსულ პროტესტს, ,,მსოფლიოში ყველაზე უჩვეულოს“ უწოდებდა. ვერავინ იწინასწარმეტყველებდა რომ ჩვეულებრივი ბელორუსი ქუჩაში გამოვიდოდა, წერდა ის Foreign Policy – ში, თუმცა აღმოჩნდა, რომ უკმაყოფილება ღვივდებოდა ისე ღრმად, რომ ადამიანების უმრავლესობა ამას ვერ ამჩნევდა. საჭირო იყო ერთი მოვლენა, ისეთი მადესტაბილიზებელი მასშტაბის – როგორც პანდემია – რომ ის ამოხეთქილიყო.’’ შკლიაროვი ბელორუსში  ივლისის თვეში დააპატიმრეს და ბრალად საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევა დასდეს.

სინამდვილეში ბელორუსულ მშვიდობიან პროტესტში უჩვეულო არაფერია და მისი მიზეზი პანდემიაში იმალება. რაგინდ არ უნდა იზიარებდეს ის  სამხრეთით ან აღმოსავლეთით მდებარე სხვა ქვეყნების გამოცდილებას, მისი პრაქტიკა  მაინც განსხვავებულია. ქვეყანაში არსებობს სამოქალაქო კოოპერაციის ხანგრძლივი და მშვიდობიანი გამოხატვის ისტორია, რომელიც ჩამოყალიბდა შემაძრწუნებელი  სახელმწიფო ძალადობის ფონზე. თითქმის ყოველი მესამე ბელორუსი დაიღუპა მეორე მსოფლიო ომის დროს, ნაცისტების ან კომუნისტების ხელით. საბჭოთა ლიდერმა იოსებ სტალინმა გაანადგურა ქვეყნის ინტელექტუალური ელიტა და ასობით ნათელი გონება მოსპო. მე-20 საუკუნის  ეს ტრამვა ჯერ კიდევ დაღად ამჩნევია ყოველ ბელორუსულ ოჯახს.  დღევანდელი მთავრობა უნარიანად მანიპულირებდა  ამ მეხსიერებით იძლეოდა მშვიდობისა და სტაბილურობის პირობას, რაც არ იყო მშფოთვარე  პოსტსაბჭოთა  ქვეყნებში.

როცა უკრაინელებმა სცადეს შეედარებინათ ბელორუსული პროტესტი მათი მღელვარებისთვის, ბევრი ბელორუსი ამან განარისხა: 2014 წლის უკრაინული ,,ღირსების რევოლუციაც’’ კი მათთვის მეტად სასტიკი იყო, ბელორუსებს აშინებს ეს შედარება მრავალი მიზეზით. კრემლის მიერ დაფინანსებული მედია, ფართოდ ხელმისაწვდომია ბელორუსში, უკრაინელ რევოლუციონერებს კი კრემლი  ,,ნაცისტებად’’ ხატავდა, რომლებიც სახლებს წვავდნენ. ბევრი ისეთიც, რომელსაც არ  სჯერა ამ პროპაგანდის, კრთება პროტესტის დროს ნებისმიერი ძალადობის ხსენებისას. უკრაინის მწარე გამოცდილება, რომელმაც დაკარგა საკუთარი ტერიტორიის ნაწილები, ჭკუის სასწავლ ისტორიად იქცა. სწორედ ამ საფრთხეზე მიუთითებენ ლუკაშენკოს მომხრეები, როცა ცდილობენ ხალხს აუხსნან, რატომ უნდა დარჩეს დღევანდელი პრეზიდენტი. რუსული  ოპოზიციის აქტივისტთა რჩევები ბელორუსებისთვის, კიდევ უფრო პრობლემურია. საბჭოთა კავშირის დროს, რუსეთს სხვა  რესპუბლიკებს უსახავდნენ, როგორც „უფროს დას,  იგულისხმებოდა, რომ საზოგადოება იქ უფრო განვითარებული იყო. შემდეგ, როცა საბჭოეთი დაიშალა, რუსეთს მემკვიდრეობით ერგო ენერგეტიკული რესურსების, დოვლათის და რეგიონში პოლიტიკური ძალმოსილების უდიდესი ნაწილი. ამ ყველაფრით ის სარგებლობდა  და ბელორუსებისგან გამუდმებით  მოითხოვდა დათმობებს. რუსეთის პრეზიდენტი პუტინი არ მალავს, რომ ორი ქვეყნის ,,უფრო ღრმა ინტეგრაცია’’ სურს, ან სულაც გაერთიანება. რუსეთის ოპოზიციას   არ მიუცია საბაბი, რომ ბელორუსებს არ შინებოდათ ამგვარი პერსპექტივის – ასე მაგალითად, რუსეთის ოპოზიციონერ ლიდერ ალეკსეი ნავალნის  არასდროს გაუკრიტიკებია კრემლის პოზიცია ყირიმთან დაკავშირებით.

მეტიც, ბელორუსი აქტივისტები იცნობენ რუსეთში ლოკალური სამოქალაქო აქტივობის რამდენიმე ლოკალურ მაგალითს და  ისინი განსხვავებული ჩანს მინსკში არსებული სიტუაციისგან. მაგალითად რუსეთის ქალაქ ხაბაროვსკის მაცხოვრებლები ითხოვენ რეგიონის დაპატიმრებული გუბერნატორის ციხიდან გამოშვებასა და მის თანამდებობაზე აღდგენას. ბელორუსიაში ადგილობრივი ჩინოვნიკები ყოველთვის მმართველი ელიტის წევრებს წარმოადგენენ, ხოლო პოლიცია იოლად მოთოკავს ნებისმიერ პროტესტს, რომელიც მხოლოდ ერთ ქალაქზე ვრცელდება. შედეგად, რჩევები რუსეთიდან მოწყვეტილი ჩანს ბელორუსული გამოცდილებიდან.

 

                                            დარღვეული კონტრაქტი

 

ახლანდელი რეჟიმი ბელორუსში 26 წლის წინ დამყარდა. 1994 წელს, ლუკაშენკომ გაიმარჯვა თავისუფალ და სამართლიან არჩევნებში, მოაგროვა რა ხმების 80,6%.  ორი წლის შემდეგ, მან წამოაყენა საკონსტიტუციო ცვლილებები, რომლებიც პრაქტიკულად შეუზღუდავი ძალაუფლების გარანტიას იძლეოდა. პარლამენტი ამას შეეწინააღმდეგა, ლუკაშენკომ ის დაითხოვა და ახალი დეპუტატები აირჩია. ამის შემდეგ, მან მოხსნა შეზღუდვა საპრეზიდენტო ვადების შესახებ – რეფერენდუმის საშუალებით. ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციას, 1994 წლიდან მოყოლებული, არც ერთი არჩევნები არ უცვნია სამართლიანად და თავისუფლად. ლუკაშენკოს მმართველობის დროს დაიხურა ან ცენზურას დაექვემდებარა დამოუკიდებელი მედიასაშუალებები, დააპატიმრეს ასობით პოლიტიკური ოპონენტი. 1999 წელს ოპოზიციის ორი ლიდერი და ბიზნესმენი მისტიურად გაუჩინარდა და გამოძიება დღემდე გრძელდება. ამ დროს ბელორუსია რუსეთზე სულ უფრო დამოკიდებული ხდება. ფორმალურად, ბელორუსული ენა ქვეყანაში, უფლებრივად რუსულთან გათანაბრებულია, მაგრამ ის მარგანალიზებულია და ,,ოპოზიციის ენად’’ მიიჩნევა. ცხოვრების დონე ქვეყნის დიდ ნაწილში დაბალია. თუმცა, ასეთი ყოფითი შეზღუდვების მიუხედავად, ბელორუსები იღებენ კარგ განათლებას და მოგზაურობენ. პანდემიამდე მიღებული შენგენის ვიზების რაოდენობით, ისისნი მსოფლიოში პირველ ადგილზე იყვნენ ერთ სულ მოსახლეზე შეფარდებით.

როცა მარტში ქვეყანას თავს კორონავირუსი დაატყდა, ლუკაშენკომ საჯაროდ განაცხადა, რომ დაავადებას სერიოზულად არ მიიჩნევდა, ისე, როგორც ამას ბრაზილიის პრეზიდენტი ჟაირ ბოლსონარუ სჩადიოდა. მაგრამ მოსახლეობამ თვითორგანიზაციის ხარჯზე მოახერხა საავადმყოფოების მომარაგება, იქნებოდა ეს 3D პრინტერზე დაბეჭდილი დამცავი ეკრანები, თუ ფაბრიკების ორიენტაციის შეცვლა და დამცავი საშუალებების კერვა.

პანდემიით  გაღვივებული ურთიერთდახმარების სულისკვეთება, სულ უფრო ძლიერდება ამ შფოთიან დღეებში. მოხალისეების დემონსტრანტებს იწვევენ სახლებში და აძლევენ Wi Fi -ით სარგებლობის საშუალებას, ამარაგებენ საკვებითა და სასმელით, დგებიან გრძელ რიგებში, რომ შეეგებონ ციხიდან გათავისუფლებულ ოპოზიციონერებს და მიჰყავთ სახლში. ბოლო დრომდე, ამას მათი უმრავლესობა ვერც გაბედავდა.

ბელორუსებმა ნახეს ბევრი რამ და მიხვდნენ, რომ მკვეთრი ცვლილებები სრულიადაც არ უზრუნველყოფს ცხოვრების გაუმჯობესებას. უკრაინაში მოლდოვაში, საქართველოსა და სომხეთში დემოკრატიისკენ სავალი გზა ფათერაკებით იყო სავსე. ბელორუსები, რომლებიც გამოთქვამდენ პროტესტს  ჯერ კიდევ არჩევნებამდე, ჟურანალისტებს ეუბნებოდნენ, რომ მათ სურდათ სიტყვის თავისუფლება და კონსტიტუციის დაცვა მთავრობის ხელყოფისაგან. თითქმის არავინ ამბობდა რომ ქუჩაში ანაზღაურების გაზრდის მოთხოვნამ, ან ხელისუფლების სიძულვილმა გამოიყვანა.

ამის მიუხედავად ხელისუფლებამ მათ უპასუხა დაშინებით და არაადამიანური მოპყრობით. ამგვარი ქმედებით  მან ნაკუწნაკუწ აქცია 25 წლიანი კონტრაქტი მოსახლეობასთან – დაეცვა ის კონფლიქტებისგან.

ბელორუსები ხელისუფლებას ბოლო შანს აძლევენ, რათა ამ უკანასკნელმა, მათ მოთხოვნებს ყური უგდოს. 90-იანი წლებიდან პირველად, სახელმწიფოს კუთვნილებაში არსებული ფაბრიკა-ქარხნების მუშა-მოსამსახურეები გაიფიცნენ შეაჩერეს წარმოება და შეუერთნენ აქციებს. ბელორუსის პრემიერ მინისტრი რომან გონჩარენკო, ალბათ შეძრწუნებული იმ  მოქალაქეების საქციელით, რომლებიც ხელისუფლების  სოციალურ ბაზას წარმოადგენდნენ, შეხვდა მუშებს, რომ შეეჩერებინა საერთოეროვნული დაფიცვა.

შინაგან საქმეთა მინისტრი კი გამოვიდა სახელმწიფო ტელევიზიით და ბოდიში ითხოვა უნებლიე ჭრილობებისა და ტრავმების გამო, რომლებიც უდანაშაულო დემონსტრანტებს მიაყენეს.

ოპოზიციის კანდიდატმა სვეტლანა  ტიხანოვსკაიამ, რომელიც ახლა ლიეტუვაში იმყოფება, დაარღვია დუმილი. ტიხანოვსკაია დარწმუნებულია, რომ გაიმარჯვა 9 აგვისტოს არჩევნებში.  Youtube-ზე განთავსებულ ვიდეოში, ის მოითხოვდა ადგილობრივ ხელისუფალთ გაეცათ ყველა ქალაქში დემონსტრაციის გამართვის უფლება, შემდეგ კი დაწყებულიყო ხელისუფლების მშვიდობიანი გადაბარების პროცესი. ასე გამოვიდა  იმ დღეს 200 000 კაცი მინსკის ქუჩებში და ათეულ ათასობით ადამიანი სხვა ქალაქებში. პროტესტის ზოგიერთი მონაწილე გაუჩინარდა მას შემდეგ, რაც იძულებით შეაგდეს უნომრო ავტობუსებში. თუმცა საპროტესტო მოძრაობის დაწყებიდან პირველად, არ ყოფილა ღია პოლიციური ძალადობა.მსგავსი არაფერი მომხდარა აქციების მონაწილეთა მხრიდანაც, მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტის მოსახლეობასან შეკრებაზე მთელი ქვეყნიდან მოკრიბეს ლუკაშენკოს მომხრეები.როიტერის ცნობით, მათი რიცხვი 5 000-სს შეადგენდა, ბელორუსის პოლიციის მტკიცებით კი, ლუკაშენკოს მომხრეების რაოდენობა 60 000-სს აღწევდა. თუ ტიხანოვსკაიას მეორე ეტაპიც, ისე წარმატებული აღმოჩნდა, როგორც პირველი, ბელორუსი მთელ მსოფლიოს დაუმტკიცებს, რომ მისი საზოგადოება მართლაც არა არის სასტიკი. ეს იქნება მკაფიო დადასტურება ქვეყნის ჰიმნისა, რომელიც იწყება ასე: „ჩვენ ბელორუსები –  მშვიდობის მოყვარულნი“

იბეჭდება მცირეოდენი შემოკლებით

By admin