CNN აშშ
ჯოშუა ბერლინგერი
იონიუნგ სეო
ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა კიმ ჩენ ირმა განაცხადა, რომ ქვეყანას აღარ დასჭირდება საომარი მოქმედებები, რადგან მისი ბირთვული არსენალი წარმოადგენს ჩრდილოეთ კორეის უსაფრთხოების გარანტიას, იტყობინება ქვეყნის სახელმწიფო მედია.
”ჩვენი საიმედო და ეფექტური თავდაცვა ბირთვული შემაკავებლის საშუალებით, უზრუნველყოფს, რომ აღარ იქნება ომები დედამიწაზე, ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოება და მომავალი კი სამუდამოდ იქნება დაცული” – თქვა კიმმა სამშაბათს სიტყვით გამოსვლისას, ჩრდილოეთ კორეის ახალი ამბების სააგენტოს (KCNA) ცნობით.
27 ივლისს, კორეის ომის 67 წლის იუბილეზე ვეტერანებთან შეხვედრისას, კიმმა თქვა, რომ ბირთვული იარაღი საშუალებას მისცემს ჩრდილოეთ კორეას დაიცვას თავი „იმპერიალისტური და მტრულად განწყობილი ძალების ზეწოლისა და სამხედრო მუქარისგან. ”
ჩრდილოეთ კორეა წლების განმავლობაში განიხილავდა ბირთვული იარაღის გამოყენებას, როგორც თავდაცვის საშუალებას. მაგრამ ზოგიერთი ექსპერტი ამბობს, რომ ბირთვული იარაღი გაათამამებს ფხენიანს და კიმის რეჟიმს უფრო მტრული პოლიტიკის გატარების საშუალებას მისცემს.
მიუხედავად იმისა, თუ რატომ ცდილობს ჩრდილოეთ კორეა ბირთვულ იარაღსა და მათ გადამტან ბალისტიკურ რაკეტებზე აქცეტის გადატანას, კიმის ორშაბათის კომენტარი კიდევ ერთხელ გვახსენებს იმას, თუ რამდენად რთული იქნება ისეთი გარიგების დადება, რომელიც აიძულებს ჩრდილოეთ კორეას უარი თქვას იმ საშუალებებზე, რომლებსაც გადარჩენისთვის საჭიროდ თვლის.
კიმის გამოსვლა ჩრდილოეთ კორეის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან დღესასწაულს დაემთხვა: “კორეელი ხალხის გამარჯვება დიდ სამამულო განმათავისუფლებელ ომში”, ასე უწოდებს ჩრდილოეთ კორეა – კორეის ომს.
ისტორიკოსების უმეტესობა თანხმდება, რომ კონფლიქტი დაიწყო მაშინ, როდესაც ჩრდილოეთ კორეის ამჟამინდელი ლიდერის პაპა, კიმ ირ სენი სამხრეთში შეიჭრა და კორეის ნახევარკუნძულის ძალით გაერთიანება სცადა. ჩრდილოეთ კორეა კი ასწავლის თავის მოქალაქეებს, რომ ომი დაიწყო მაშინ, როდესაც შეერთებული შტატები და სამხრეთ კორეა შეიჭრნენ ჩრდილოეთში – და რომ ფხენიანმა მოიგო ომი კიმ ირ სენის დამსახურებით.
კონფლიქტი ფორმალურად ჯერ კიდევ მიმდინარეობს, რადგან მხარეებმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას ცეცხლის შეწყვეტის შესახებ და არა ზავს – 1953 წლის 27 ივლისს, რამაც გამოიწვია საომარი მოქმედებების შეჩერება. ათწლეულების შემდეგ, ჩრდილოეთ კორეამ გააფრთხილა თავისი ხალხი, რომ შემოჭრის საფრთხე ისევ რჩება, მიუხედავად იმისა, რომ კონფლიქტი თითქმის გაქრა შეერთებულ შტატების ეროვნული მეხსიერებიდან.
ზოგიერთების ოპტიმისტური განწყობის მიუხედავად, რომ კიმის და აშშ-ს პრეზიდენტის დონალდ ტრამპის 2018 წლის სინგაპურის სამიტზე მხარეები მიაღწევნენ შეთანხმებას, ბირთვულმა განხილვებმა ვაშინგტონსა და ფხენიანს შორის შედეგი ვერ გამოიღო.
კიმ იო ჩენმა, ჩრდილოეთ კორეის ლიდერის დამ და, ალბათ, ქვეყნის ყველაზე ძლიერმა მეორე ფიგურამ, ამ თვის დასაწყისში თქვა, რომ აშშ-მ უნდა მიიღოს მოლაპარაკების ახალი სტრატეგია, რათა გაიმართოს მომავალი შეხვედრები მხარეების ლიდერებს შორის.
კიმ იო ჩენმა ასევე თქვა: მას სჯერა, რომ ორ ქვეყანას შორის მოლაპარაკებების პრიორიტეტები უნდა შეიცვალოს და ის მიმართული უნდა იყოს „აშშ-სგან მტრობის შემცირებაზე“, და არა ბირთვულ განიარაღებაზე სანქციების შერბილების სანაცვლოდ.
ჩრდილოეთ კორეა წლების განმავლობაში ბრალს სდებდა შეერთებულ შტატებს, რომ ეს უკანასკნელი „მტრული პოლიტიკას“ ატარებდა ჩრდილოეთ კორეის მიმართ, ყურადღებას ამახვილებდა სამხრეთ კორეასთან ალიანსზე და მზადყოფნას გამოთქვამდა დაეცვა სამხრეთ კორეა „ატომური ქოლგით“ და ამერიკული ძალები განეთავსებინა აღმოსავლეთ აზიაში.
”ჩვენ გვსურს განვაცხადოთ: ეს არ ნიშნავს იმას, რომ ბირთვული განიარაღება შეუძლებელია, – თქვა კიმმა KCNA– ს მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში – მაგრამ ჩვენ ვგულისხმობთ, რომ ამ ეტაპზე ეს ვერ მოხერხდება. შევახსენებ აშშ-ს, რომ კორეის ნახევარკუნძულზე ბირთვული განიარაღება შეიძლება მოხდეს მხოლოდ მაშინ, როდესაც მეორე მხარე განახორციელებს მნიშვნელოვან ცვლილებებს“.
მოამზადა ირაკლი კახეთელიძემ