Spread the love
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  

მიხეილ ოქრიაშვილი

 

კაზრეთის  ხეობაში  არსებულ  მრავალ  ისტორიულ  ძეგლთა  შორის   გამორჩეულია  „სათხის“  სამონასტრო  კომპლექსი. იგი  მდებარეობს  კაზრეთის  დასახლებიდან  სამხრეთით,  სამიოდე  კილომეტრზე,  ტყის  სიღრმეში,  მოქმედი  კარიერის  დასავლეთით,  გზა  ტრანსპორტით  ამჟამად  მისადგომია. „ტაძრის  ფასადებზე  წარწერები  X-XI საუკუნეებით  თარიღდება“ (მანანა  სინაურიძე: კაზრეთის  ხეობის  არქეოლოგიური  ძეგლები,  1985წ.  გვ.7).  „სათხის“  სამონასტრო  კომპლექსი  ყოველთვის  იმსახურებდა  ისტორიკოს-სპეციალისტთა  განსაკუთრებულ  ყურადღებას.  საუკუნეების  განმავლობაში,  „სათხი“  ეკლესიასაც, ჟამთასვლის  ქარტეხილებისა  თუ  მტრის  მსახვრალი ხელის  შედეგად,  იგივე  ბედი  ეწია,  რომელიც  თავს  დაატყდა  კაზრეთის  ხეობაში  არსებულ  ეკლესიებს:  „სამების“, „კვირაცხოვლის“, „დავით-გარეჯისა“  და  სხვა  ტაძრებს,  რომლებიც  ნანგრევებად  გადაიქცა. საბედნიეროდ,  მათი  ფუძე-კვალი  სულ  არ  წაშლილა  და  დღემდეა  შემორჩენილი,  ხოლო,  ზოგიერთი   მათგანი  ამჟამად  რესტავრირებულია.

„სათხის“  სამონასტრო  კომპლექსის მრავალ  ღირსებათა  შორის  განსაკუთრებულ  ყურადღებას   იმსახურებს  უნიკალური  კანკელი,  რომელიც პირველად   1896  წელს  უნახავს  დიდ  ქართველ  მოღვაწეს, ისტორიული  ძეგლების  მკვლევარს  ექვთიმე  თაყაიშვილს,  რომლის  ინიციატივით  და  უშუალო  მონაწილეობით  კანკელი  კაზრეთიდან  თბილისში  იქნა  გადატანილი.  აი,  როგორ  აღწერს  ექვ.  თაყაიშვილი  კანკელის  გადატანას  თბილისში: „სათხეში  პირველად  ვიყავით  1896  წელს,  როდესაც  შევამოწმეთ  და  გადმოვიღეთ  წარწერები,  მაშინ,  ისეთი  დიდი  შთაბეჭდილება  მოახდინა  ჩვენზე  კანკელის  ნანგრევებმა,  რომ,  გადავწყვიტეთ  დარჩენილი  ნაწილები  თბილისში  ჩამოგვეზიდა.  ეს  შევიძელით  მხოლოდ  1900  წელს.  პირველ  დღეს  კაზრეთში  მივედით  და  ღამე  გავათენეთ. მეორე  დღეს  სათხეში  გავემგზავრეთ.  ამინდი  ცუდი  დაგვესწრო,  წვიმდა,  მაგრამ   მაინც  შევუდექით  მუშაობას.  კანკელს ირგვლივ  მიწა  სულ  შემოვუთხარეთ,  მოვაგროვეთ  კანკელის  ყველა  ქვა  და  მისი  წარწერის ცალკეული  ნაკლული  ნაშთები.   ტყეში  საურმე  გზა  არ  იყო  და  ამიტომ  კაზრეთამდე  ქვები  მარხილებით  მოვათრიეთ,  ხოლო,  შემდეგ   თბილისში  ურმებით  ჩამოვზიდეთ.  ახლა  კანკელი  ქართული  ხელოვნების  მუზეუმში  ინახება,  შეძლებისამებრ  აღდგენილი პირვანდელი  სახით.  ეს   ხატოვანი  კანკელი   ფრიად  საყურადღებო  ძეგლია,  იგი  ერთადერთი  ძველი  რიგის  კანკელია,  რომელმაც  ჩვენამდე  ასე  თუ  ისე  მთლიანად  მოაღწია.  კანკელი  წარმოადგენს  ხუთ  გაშლილ  კამარას  რომელნიც  ექვს  ლამაზად  მოჩუქურთმებულ   სვეტზეა  დაყრდნობილი“.  (ექვ.თაყაიშვილი: სომხით-საორბელიანოს  ძეგლების   წარწერები, 1951წ.  გვ160).

By admin