NEW YORK, USA - JUNE 11: 'Black Lives Matter' protests continue in New York City, United States on June 11, 2020 over the death of George Floyd, an unarmed black man who died after being pinned down by a white police officer in Minneapolis, Minnesota, United States on May 25, 2020. (Photo by Tayfun Coskun/Anadolu Agency via Getty Images)
Spread the love
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  

დროდადრო, მნიშვნელოვანი პოლიტიკური მოვლენები ჩამოწვება ისე, როგორც ნისლი სანდბერგის ქმნილებაში, შემოიპარება კატის პატარა თათებით, ფეხაკრეფით, უჩუმრად და მერე მთელს ერს ბურუსში გახვევს. ერთი ასეთი მოვლენა იყო ტრამპის ოთხიწლისწინანდელი გამოჩენა. ეს იყო მყვირალა და  თვალშისაცემი კანდიდატი, რომელიც ბევრს პოლიტიკურ კლოუნად მიაჩნდა და ფიქრობდა, რომ ის მარცხისთვის იყო განწირული. პოლიტიკური ისტებლიშმენტიდან ნებისმიერს ეგონა,რომ  ელექტორალური დომინაციის დემოკრატიული „ლურჯი კედელი“ წინ აღუდგებოდა ამ კაცის შეტევას , შუა დასავლეთიც მედგრად დაუხვდებოდა და ჰილარი კლინტონი პრეზიდენტად მოგვევლინებოდა.

მაგრამ ქვეყანა სულ უფრო ეხვეოდა ნისლში. ამერიკის შუაგულში საშუალო ფენამ მკაფიოდ იგრძნო, რომ ქვეყანაში რაღაც ისე ვერ იყო, ნაციის ლიდერები ამერიკას უარესობისკენ მიაქანებდნენ და ამ პროცესს მათი მომავალი ეწირებოდა. იმხანად არ იყო არც ქუჩის პროტესტი, არც მგზნებარე გამოსვლები, არც ერთ მუშტად შეკრული აქტივისტები ჩანდნენ და არც საჯარო მოთხოვნები გაისმოდა. პოლიტიკურ ელიტასთან აგრერიგად ხმაშეწყობილ მეინსტრიმული მედიას კი  გამორჩა, რომ საზოგადოებაში დუღილი მიდიოდა  –  რატომ უნდა შეემჩნია, გარეგნულად ხომ ყველაფერი შვენივრად იყო.

ამასობაში, უკმაყოფილოები დროს უქმად არ კარგავდნენ, ჰქონდათ იმედი, რომ დადგებოდა წამი, როცა ისინი თავიანთ წმიდათაწმიდა ვალს საარჩევნო უბნებში აღასრულებდნენ. ეს დროც დადგა და ტრამპმა გაიმარჯვა. ამას ნამდვილად  არავინ ელოდა.

რაღაც ამგვარი შეიძლება მოჰყვეს ქუჩის ფართომასშტაბიან დემონსტრაციებს, რომელთაც ახლავთ განუკითხაობა, ძარცვა-გლეჯა, ნგრევა და ძალადობა. ყოველივე არის გამოძახილი ჯორჯ ფლოიდის საშინელი მკვლელობისა, რომელიც მინეაპოლისში გულქვა პოლიციელმა ჩაიდინა – ის  მსხვერპლს ყელზე მუხლს თითქმის 9 წუთი აჭერდა. ის ფაქტი, რომ თეთრკანიანმა შეძლო  და აფროამერიკელი ასე იოლად გამოსალმა სიცოცხლეს, იქცა საერთონაციონალური გლოვისა და რეფლექსიის მიზეზად. ამდენად, რა გასაკვირია: საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვებმა აჩვენა, რომ ხალხი მასობრივად უჭერს მხარს მშვიდობიან საპროტესტო გამოსვლებს, რომლებიც ეძღვნება ჯორჯ ფლოიდის ხსოვნას და  გმობს მის უაზრო სიკვდილს.

მაგრამ გამოკითხვები იმასაც აჩვენებს, რომ მოსახლეობა აღშფოთებულია განუკითხაობით და ძარცვა-გლეჯით. ასე, რომ დრამას, რომელიც დაკავშირებულია ფლოიდის სიკვდილთან, თან ახლავს ძალადობის აზვირთება და ნგრევა, ასევე მემარცხენეების აგრესიული რიტორიკა, რითაც იზრდება პოლიტიკური დაძაბულობა. ყოველივე ეს ააშკარავებს, თუ   რამდენად ღრმადაა წასული პროცესი, რომელიც ამერიკას ორ ნაციად აქცევს, ორი ნარატივით მისი დღევანდელობისა და არსებული პრობლემების შესახებ.

ერთ ნარატივს, რომელსაც წლებია ცდილობენ საზოგადოებაში დაამკვიდრონ და რომელიც განსაკუთრებით ფლოიდის სიკვდილის შემდგომ გააქტიურდა, შეგვიძლია ვუწოდოთ ლიბერალური. ამ ვერსიით, ამერიკა თავისი არსით რასისტული ქვეყანაა, რომელიც დაავადებულია „სისტემური რასიზმით“. ეს შესაძლოა ვერც შეამჩნიო, ხშირად ის შენიღბულია გულმოწყალე თეთრი ადამიანის სახით, მაგრამ დაბუდებულია მის გულში, მოქმედებსმზაკვრულად, ჩაგრავს უმცირესობებს, განსაკუთრებით შავკანიანებს და აიძულებს მათ თავი იგრძნონ არარაობად.

ამ კონცეფციით, სისტემური საზოგადოებრივი ვირუსით ქვეყანაში განაკუთრებით დაბინძურებულია საპოლიციო სტრუქტურები, სადაც მძვინვარებს რასიზმი, რომელიც დიდ საფრთხეს უქმნის შავკანიანებს, განსაკუთრებით მამაკაცებს. ამ რიტორიკით მოსაუბრე ხალხი გვარწმუნებს, რომ მთელი ქვეყნის მაშტაბით უდანაშაულო შავკანიანებს სულ უფრო მეტი სისასტიკით უსწორდებიან სამართალდამცავ დაწესებულებებში.

ამ ნარატივით, სისტემური რასიზმისა და შავკანიანებზე მზარდი ძალადობის შესახებ, ლოგიკურია დასკვნა, რომ  თეთრებს ადგილი უნდა მიეჩინოთ წინაპართა მიერ ჩადენილი ცოდვებისა და დღევანდელი დაუნდობლობისთვის, აქედან გამომდინარე, დასაშვებია მათი დამცირება და შეურაცხყოფა. ბოლო წლებში ეს ნარატივი სულ უფრო იკიდებს ფეხს.

მეორე ნარატივი, კონსერვატიული და მეტწილად თავდაცვითია. ამ შეხედულებით რასიზმი ნამდვილად გვხდება მმართველ წრეებში და საჭიროა რეაგირება, როგორც კი პრობლემა თავს წამოყოფს. რასობრივი დისკრიმინაცია საპოლიციო სტრუქტურებში გამოვლენისთანავე ადგილზე, მყისიერად უნდა აღიკვეთოს. გასული საუკუნის 60-იანი წლებიდან მოყოლებული, დაიწყო ბრძოლა სამოქალაქო უფლებებისთვის, გაუქმდა ბარიერები საერთო ხელისაწვდომობის გზაზე და აღიარეს უმცირესობათა რასობრივი მოთხოვნებისა და გრძნობების ლეგიტიმრობა. და  თუ  მაინც შემორჩა სისტემური რასიზმი, ის იმდენად ბუნდოვანია, რომ ბევრს ამაში ეჭვი ეპარება.

თუ ამაში გულისხმობენ პოლიციაში რასიზმის მოტივით შავკანიანების მკვლელობას, სტატისტიკა ამას არ ადასტურებს. ჰეზერ მაკდონალდი, მანჰეტენის ინსტიტუტიდან, აღნიშნავს, რომ გაზეთ „ვაშინგტონ პოსტის“ მონაცემებზე დაყრდნობით, 2019 წელს პოლიციელების მიერ მოკლულია 9 უიარაღო შავკანიანი და 19 თეთრკანიანი…

მაკდონალდს თავისი მოსაზრების დასტურად ნაციონალური კვლევების მეცნიერებათა აკადემიის, ფილადელფიის პოლიციის საქმიანობის შესახებ დაწერილი მიმოხილვის, ჰარვარდის უნივერსიტეტის ეკონომისტის ანალიტიკური ნაშრომების მონაცემები მოჰყავს. აკადემიის კვლევის მკვლელობათა მაჩვენებლებში, არსად ჩანს დიპროპორცია ეთნიკური ნიშნით.

ფლოიდის სიკვდილის შემდეგ, ლიბერალური ნარატივი დომინანატური გახდა პოლიტიკურ დისკურსში. ეს ვლინდება ყველაფერში – მეინსტრიმულ მედიაში, საზოგადოებრივი ჯგუფების მკაცრ განცხადებებში, ე.წ სელებრითების ბოდვით გამოსვლებში, მასობრივ  დემონსტრაციებში, ბუნტებსა და ძარცვა – გლეჯაში, რაც ანგრევს ბიზნესს, ადამიანებს ტოვებს სარჩოს გარეშე,  ანადგურებს მთელ დასახლებებს.

ლიბერალური  ნარატივის მიმდევრები მას იცავენ ხმის ჩახლეჩვამდე,  უგულებელყოფენ სხვების აზრს და ამას სჩადიან ისეთი გაშმაგებით, რომ  ყოველგვარი განსხვავებული პოზიცია, თუნდაც ნეიტრალური,  გამორიცხულია. წარმოიდგინეთ,  რა დღეში  ჩავარდებოდა  ნაციონალურ საფეხბურთო ლიგის „ნიუ-ორლეან სეინთზ“-ში მოასპარეზე სახელგანთქმული დრიუ ბრისი, რომელსაც ჰკითხეს,  აღდგებოდა თუ არა, ლიგაში რასობრივ უსამართლობასთან  ბრძოლის ტრადიცია და დაიჩოქებდა თუ არა ის, თამაშის წინ ეროვნული  ჰიმნის შესრულებისას. ბრისმა განაცხადა, რომ არასდროს დასთანხმდება მონაწილეობას ისეთ აქციაში, რომელიც სახელმწიფო დროშის მიმართ უპატივცემლობას გამოხატავს. შემდეგ მან ხატოვნად და გულწრფელად გამოხატა  საკუთარი  პატრიოტიზმი, პატივი მიაგო უფროსი თაობის ომის ვეტერანებს, ასევე იმ ხალხს, რომელიც სხვადასხვა დროს  სამოქალაქო უფლებებისთვის იბრძოდა, ანუ მათ, ვინც ძალა არ დაიშურა საიმისოდ, რომ ამერიკა უკეთესი ყოფილიყო.

რა მოჰყვა ამას? აღშფოთება და ლანძღვის ნიაღვარი, გამძვინვარებული შეტევები. სიმპტომატურია ,, ვაშინგტონ პოსტის’’ შავკანიანი მიმომხილველის, ჯერი ბრევერის სტატია. მან ჯერ შეაქო ბრისი და უწოდა მას ,,ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ადამიანი სპორტის სფეროში,  კაცი, რომელიც იქცა სიმბოლოდ სიმტკიცის, სიკეთის და გულმოწყალებისა, ანუ ის, რაც სპორტში სამაგალითოდ შეიძლება მიიჩნიო’’. მაგრამ, მიუხედავად იმისა, რომ ის ასეთი მისაბაძი პიროვნებაა, შენიშნა ბრევერმა, ეს არ ნიშნავს რომ ბრისს შევარჩენთ საპროტესტო მოძრაობისგან დისტანცირებას, მსგავსად კოლინ  კაპერნიკისა.

ბრისმა თავი დაგვანახა – დაწერა ბრევერმა, როგორც   ,,უგულო, დაბნეულმა, ტლუ და დაუფიქრებელმა კაცმა, რომელსაც მოკლე თვალსაწიერი აქვს“. ეს იყო ჟურნალისტის მხრიდან აზრისა და ქმედების კონტროლის ნათელი მაგალითი და მას ჰქონდა შედეგი. ბრისმა დარცხვენილმა ბოდიში მოიხადა, თანაც ორჯერ, ეტყობა, საკუთარი ცოდვების გამო კაცობრიობის წინაშე.

ჯერი ბრევერი  მოიქცა, როგორც განგსტერი, რომელმაც ძალით მიიღო აღიარება იმისა, რომ ლიბერალური ნარატივს განსჯა არ ეგების, რაკი იგი  წმიდათაწმიდაა და მკრეხელობაა ყოველი ქმედება თუ სიტყვა, რომელიც ამაში ეჭვს შეიტანს. მსგავსი მოტივები გამოკრთა ვაშინგტონის უნივერსიტეტის ქალთა გუნდის მწვრთნელის, ჯოდი ვინსის გულწრფელ გამოსვლაშიც, როცა მან შეშფოთება გამოხატა მომხდარის გამო, კერძოდ თქვა: ,,ჩვენ უნდა დავდგეთ ჩვენი შავკანიანი თანამემამულეების გვერდით და მოვიპოვოთ სამართალი! განურჩევლად იმისა,შავი იქნება, ყავისფერი თუ ყვითელი … ყველას სიცოცხლე მნიშვნელოვანია.’’ ნურას უკაცრავად, ასე ლაპარაკი დაუშვებელია! სწორედ ეს არის რასიზმი ქმედებაში. ჩვენ აქ ვსაუბრობთ შავკანიანთა უფლებებზე და ამის აღრევა სხვა რასობრივ შეშფოთებებში მიუღებელია. ვინსის ექაუნთი ტვიტერში დაიბლოკა, იტყობინებოდა გამოცემა Seattle Times-ი. ამის შემდეგ  ვინსმა გამოაქვეყნა მეორე განცხადება, სადაც ხაზი გაუსვა, რომ ის გულისხმობდა  მხოლოდ და მხოლოდ შავკანიანების სიცოცხლეს. ,,მინდა გულწრფელად მოვიხადო ბოდიში – აღნიშნა  შემცბარმა –  ვხვდები, რომ ჩემი სიტყვები მტკივნეულად აღიქვეს ფერადკანიანებმა… ამჯერად, მე მივიღე მნიშვნელოვანი და მტკივნეული გაკვეთილი და ძალას არ დავიშურებ იმის გასაკეთებლად… რომ მივაღწიო ცვლილებებს.“ მოკლედ, მან პირობა დადო, რომ იბრძოლებდა იქამდე, ვიდრე რასიზმი არ აღმოიფხვრებოდა.

მაგრამ ლიბერალური ნარატივის მომხრეებისთვის არ კმარა, მხოლოდ შეაშინოს და დაამციროს ისეთი გამორჩეული ადამიანები,  როგორც დრიუ ბრისია. იმავდროულად, ისინი უარს ამბობენ გაკიცხონ უწესრიგობა და ძარცვა-გლეჯა, რომელიც ტელეეკრანებიდან იღვრება, იმიტომ, რომ პოლიციის მეთაურებს მათი აღკვეთა არ სურთ. რატომ?  ცხადზე უცხადესია, მათ  არ სურთ შეეწინააღმდეგონ კონცეფციას, რომელიც აგულიანებს მემარცხენეებს და წარმოშობს  დაუნდობელ დაპირისპირებას ამერიკულ პოლიტიკაში.

ამ ნარატივის არსი, არის მზარდი, გაშმაგებული თავდასხმა ჩვენი ერის ერთ ნაწილზე – თეთრკანიან ადამიანებზე. ამ კონცეფციის მიმდევრები სულ უფრო აგრესიულად აცხადებენ: თეთრები პასუხისმგებელნი არიან მათი წინაპრების ჩადენილ ცოდვებზე, წარსულში არსებულ რასიზმზე. მათ ეს დანაშაული უნდა აღიარონ და პატიება უნდა მიიღონ მონანიებისა და თავის დამცირების გზით.

ეს მძიმე რეალობა აღიბეჭდა ვიდეოზე, რომელიც თაკერ კარლსონის გადაცემაში გავიდა „ფოქს ნიუსზე“. ახალგაზრდა თეთრკანიანი ქალი საპროტესტო აქციების მიმდინარეობისაა ქუჩაში მიდის. მას უახლოვდება მამაკაცი და ეუბნება, რომ ის გაერთიანებულია  მოძრაობაში  – ,,შავკანიანთა სიცოცხლე მნიშვნელოვანია’’.

„რადგან  ამ ორგანიზაციაში ვმუშაობ – ამბობს მამაკაცი (ის თეთრკანიანია) – ჩემმა დირექტორმა მითხრა გავსულიყავი ქუჩაში და თქვენ  დამეჩოქებინეთ, რადგან თეთრკანიანის პრივილეგიებით სარგებლობთ. როცა ისინი დაგინახავენ მუხლებზე მდგომს, მიხვდებიან, რომ თქვენ ამ ვითარების სოლიდარული ხართ’’. ქალი, პირდაპირ ტროტუარზე, ნელ – ნელა, უხმოდ ეშვება მუხლებზე

„…და კიდევ, ბოდიში მოიხადეთ, გეთაყვა – ამბობს ახალგაზრდა –  თეთრკანიანის პრივილეგიებისთვის’’.

ქალი დაბნეულია არ იცის რა თქვას.

,          „,მხოლოდ ბოდიში მოიხადეთ’’  ზრდილობიანად აძალებს მამაკაცი.

უეჭველია, ამერიკული ელიტის ბევრი წარმომადგენელი ამ სცენას გულისამაჩუყებს და აღმაფრთოვანებელს უწოდებს. ახალგაზრდა ქალი წამოდგება და ბოდიშს იხდის იმიტომ, რომ… რატომ?  ყოველ შემთხვევაში არა იმისთვის, რაც ჩაიდინა. ის ამას დაეთანხმა. როგორც ჩანს, ეს არის მისი წარმოშობის ბუნებრივი შედეგი.

მაგრამ ბევრი ამერიკელი ამას სხვაგვარად შეხედავს და მასში რასობრივ თავდასხმასა და ძალაუფლების კონცენტრაციას ამოიკითხავს. შეძახილი ,,სისტემური   რასიზმი’’ უკვე საფრთხედ იქცა თეთრ ადამიანისთვის. ყველამ იცის,რომ ამ ქვეყანაში რასიზმი მკაცრად ტაბუდადებულია. ამ თემაზე სრულიად უვნებელ შენიშვნასაც კი, თან  სდევს საზოგადოებრივი და პროფესიული სანქციები, ოსტრაკიზმი. ასეთი განცხადება სერიოზული საფრთხეა მილიონობით ამერიკელისთვის. ლიბერალური ნარატივის მომხრეებს კი მძლავრი ბერკეტი გაუჩნდათ პოლიტიკური ზემოქმედებისთვის.

კარგი, მაგრამ, თუ ამერიკა დაავადებულია ამგვარი სისტემური რასიზმით, ვინ არიან ეს სისტემური რასისტები? რა თქმა უნდა  არა ისინი,ვინც ამ მოძღვრებას ქადაგებს.  არც საკაბელო არხების ლიბერალები, არც ჰოლივუდის ამალა, დღენიადაგ ამაზე რომ გაჰკივის და არც ანალიტიკური ცენტრების ბრძენი თავები, თავიანთი ფუყე გამოკვლევებითა და გრაფიკებით, არც დემოკრატიული ისტებლიშმენტი, რომელიც მედგრად და თანმიმდევრულად ახორციელებს საკუთარ იდენტობის პოლიტიკას, არც პროფესიული ნიშნით გამორჩეულები, რომელთაც ჰგონიათ, რომ ცნობადობა თავისთავად აქცევს მათ ავტორიტეტულად და გავლენიანად, არც ჩვენი მერიტოკრატიული  საზოგადოების ნაღები, რომელიც თავის უმწიკვლო სიცოცხლეს ატარებს მდიდრულ სამფლობელოებში, მაღალი ღობით გარშემორტყმული. და რა თქმა უნდა, არა ამერიკელთა უმცირესობა, რომელსაც დღენიადაგ ჭყიპავენ ლიბერალური საკვებით.

ვინა დარჩა? თეთრკანიანები საშუალო ფენიდან და მუშათა კლასიდან, რომლებიც უმძიმეს დღეში აღმოჩდნენ, რადგან სამრეწველო  ბაზა დაკნინდა და ისინიც ცდილობენ როგორმე გადარჩნენ მომსახურებისა და მაღალი ტექნოლოგიების ხანაში. და ახლა მათ მოუწევთ იმაზე ფიქრი, რომ ნივთმტკიცებას წარმოადგენენ ელიტის ხელში, რომელიც ეძებს სამხილს სისტემური რასიზმის დანაშაულში მხილებისთვის. და ისევ ეს ხალხი აღმოჩნდა შეურაცხყოფილისა და დამცირებულის როლში.

აი, ეს  აშინებს ხალხს, რომელსაც უნდა იცხოვროს თავის ცხოვრებით და არ სურს იფიქროს იმაზე , როდის გამოარჩევენ საერთო მასიდან და სისტემური რასიზმის ნიმუშად გამოაცხადებენ, შემდეგ კი  პასუხს მოთხოვენ იმ აზრისთვის, რომ ყველას სიცოცხლე მნიშვნელოვანია, ან სრულიად უვნებელი შენიშვნისთვის, რომელიც წლების წინ არავის ანაღვლებდა, უკვირდა და  აშფოთებდა… არც თეთრებს და არც შავებს.

ოდესმე ამას მოჰყვება პოლიტიკური რეაქცია, აუცილებლად მოჰყვება და  ის შემოიპარება კატის თათებით… ქვეყნის ელიტა, რა თქმა უნდა, ამას ვერ შეამჩნევს და გააგრძელებს ფიქრს იმაზე, თუ რა დიდებულად იმუშავა სისტემური რასიზმის ბრალდებამ, როგორ შეშინებულნი და დამორჩილებულნი არიან ისინი, ვინც მათ აზრს არ იზიარებდა.

ძნელი სათქმელია დაეხმარება, თუ არა ეს ვითარება ტრამპს ნოემბერში. მან ჩააფლავა საკუთარი პრეზიდენტობა, კოლექტიური ელექტორატი მეორე ვადით იშვიათად აჯილდოებს ხელმოცარულ პრეზიდენტებს. პრობლემები გამწვავდება, თეთრი ამერიკელების დევნა  და შევიწროება მემარცხენეების მხრიდან გაგრძელდება –  მათი იდენტობის პოლიტიკითა და საშუალო კლასისადმი ზიზღით გამსჭვალული. იქნება ახალი დემონსტრაციები და ამბოხებები, რომლებიც შეიძენს კიდევ უფრო დამანგრეველ ძალას .მერე კი  გაჩნდება საპირისპირო მოძრაობა.  საფიქრებელია, რომ ის შეუმჩნევლად მოედება ამერიკის  პოლიტიკურ სხეულს, როგორც სანდბერგის ნისლი… ოღონდ,  როცა ის გამოჩნდება, დიდხანს არ იყუჩებს.

By admin