ესაა მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი და ამავდროულად სევდის მომგვრელი მემორიალი, რომელიც დიდხანს ჩამრჩა გონებაში. ვფიქრობ, შეუძლებელია, მისმა ნახვამ არ იმოქმედოს, თუნდაც ძალიან გულგრილ ადამიანზე, თვალწინ არ გაუცოცხლოს და არ აგრძნობინოს კაცობრიობის ისტორიის ყველაზე შემზარავი და სამარცხვინო დანაშაულის – ჰოლოკოსტის სისასტიკე. 60 წყვილი რკინის ფეხსაცმელი მდინარე დუნაის ნაპირზე, ბუდაპეშტის პარლამენტიდან რამდენიმე მეტრში, ქალების, კაცებისა და ბავშვების ფეხსაცმელები… მემორიალი არის სიმბოლო მეორე მსოფლიო ომის დროს ნაცისტების მიერ დახვრეტილი ებრაელებისა. ტყვიები რომ დაეზოგათ, დუნაის სანაპიროსთან მიყვანილ ათეულობით ებრაელს ერთმანეთზე აბამდნენ, რამდენიმეს ესროდნენ და დახვრეტილი ადამიანები დანარჩენსაც მდინარეში მიიყოლებდა. დახვრეტამდე ნაცისტები ებრაელებს ფეხსაცმელებს ხდიდნენ, შემდგომ ყიდნენ ან თავად მოიხმარდნენ. ხალხი იმ დღეს მრავლად იყო მემორიალთან. ფეხსაცმელები ყვავილებითა და სანთლებით მოერთოთ. მომეჩვენა, თითქოს, ყველას ჩაფიქრებული და სევდიანი სახე ჰქონდა. ალბათ, მათაც, ისევე როგორც მე, თვალწინ წარმოუდგათ უდანაშაულო, სასოწარკვეთილი, სასიკვდილოდ განწირული ადამიანები, რამდენიმე ათეული წლის წინ ამ ადგილას რომ იდგნენ… ყოველი მსხვერპლის უკან იყო კონკრეტული სახელი, კონკრეტული ისტორია, ნაადრევად დასრულებული სიცოცხლე…