ახალგაზრდობაში ბისმარკმა სცადა ძალები დიპლომატიურ სარბიელზე მოესინჯა. პირველი სამუშაო ადგილი პეტროგრადი აღმოჩნდა. იმხანად რუსეთში რკინიგზა არ არსებობდა და ბისმარკს იძულებული შეიქნა მარხილით ემგზავრა. ეს საძნელო და საშიში მოგზაურობა აღმოჩნდა.
როცა სამარქაფო ცხენების დაგვიანების გამო, გზად დიდი შეყოვნება უწევდათ, მეეტლე ნაცვლად საფუძვლიანი განრისხებისა, იღიმოდა და ამბობდა: „არაფერია“, სიტყვას, რომლის მნიშველობა, მაშინ ბისმარკს არ ესმოდა. მარხილი ერთგან ხევშიც გადაბრუნდა, მეეტლე თოვლიდან გამობობღდა, ჩაიქირქილა და ისევ თქვა: “არაფერია“. როცა გზად რაიმე უსიამოვნებას გადაეყრებოდნენ, ის კვლავინდებურად რეაგირებდა: „არაფერია“. ბოლოს მთელი ეს დავიდარაბა იმით დასრულდა,რომ ერთი ცხენი დაეცა და ფეხი მოიტეხა. ბისბარკი ყოველივეს გულგატეხილი მისჩერებიოდა. მისმა ულვაშა თანამგზავრმა მხოლოდ ეს ამოთქვა: „არაფერია“. სამაგიეროდ, ბისმარკს სუვენირად ცხენის ნალი ერგო. როცა მან პეტროგრადს მიაღწია და გაიგო ამ სიტყვის მნიშვნელობა, განკარგულება გასცა, რომ ნალიდან ბეჭედი გაეკეთებინათ და მასზე ამოტვიფრათ – „არაფერია“.
ბისმარკის ცხოვრების აღწერისას, ბუში მიუთითებს, რომ დიდი კანცლერი სიკვდილამდე ამ სამკაულით დადიოდა. ყველაზე მძიმე წუთებში, როცა არ იცოდა რა ეღონა, მზერას ბეჭედს მიაპყრობდა, გაიღიმებდა და ხმამაღლა გაიმეორებდა მასზე ამოტვიფრულ რჩევას :
„ არაფერია“.
მას შემდეგ რუსეთი ათასგვარ უბედურებას- მტრის წინაშე კაპიტულაციას, ნგრევას, ანარქიისკენ სვლას – ეგებება ერთადერთი სიტყვით: „არაფერია“.
…ირგვლივ ყველგან ქაოსია. მილიონები შიმშილობენ. გერმანელები დედაქალაქს უტევენ. რესტორნები პირთამდე სავსეა. თეატრში თავისუფალ ადგილს ვერ იპოვით. შექმნილი ვითარების მთელი საშინელება შებურულია სატურნალიური თავაშვებულობით – ღვინის სმით, სიმღერით, ცეკვით, სიძვით . და , როცა მთელ ამ ღრეობის ოხშივარში იმპერიის ნანგრევები გამოკრთება, ყოველივეს სლოკინით იგერიებენ: „არაფერია“
ეს რაღაც დამცავი სარქველივითაა. სხვაგვარად, ათასობით ემოციური, მგრძნობიარე სლავი, რომელშიც სიცილსი მყისიერად ენაცვლება ცრემლები, სიცოხლეს თვითმკვლელობით დაასრულებდა.
რუს ადამიანში უცნაურად თანაარსებობს იდეალისტური ალტრუიზმი და პრიმიტიული სისასტიკე., ის კაცთა მოდგმაში ყველაზე თვინიერი და ყველაზე დაუნდობელია. რუსი თავად არის წინააღმდეგობა. ის დამთმობია და ჯიუტი. ჯერ კაცს სიცოცხლეს გამოასალმებს, მერე კი მუხლზე დაეცემა, მოინანიებს და მხურვალედ დაიტირებს საკუთარ მსხვერპლს. რუსი ცოდვილია თავისი არსით და ინსტიქტურად რელიგიურიც. სძულს ებრაელები, მაგრამ ემორჩილება ლენინის და ლევ ბრონშტეინის, იგივე ტროცკის, დიქტატს. რუსი ადამიანი მიამიტია, ესმის, რომ ყველაფერს ანადგურებს, რასაც ეკარება, მაგრამ ამაყობს ცხოვრებისადმი საკუთარი ფილოსოფიური დამოკიდებულებით, რაც გიწერია, იმას თავიდან ვერ აიცილებ. და თუ ეს ასეა, თავი რად იკლავ – არაფერია. ყველაფერი რიგზეა.
რუსები ყველაზე ამოუცნობი ერია. დღეს ის ბედისწერას იწვევს და საკუთარი სულს ეძიებს, თან გეჩვენება, რომ არად დაგიდევს, იპოვის თუ არა. ის თავს პაიკად მიიჩნევს ბედისწერის ხელში და მაინც ხედავს ნათელს წყვდიადში, რომელსაც სამყარო მოუცავს. სიტყვაა მისი სტიქია , უსასრულო ლაპარაკი და მინიმუმი ქმედება.
როცა რუსეთს მეფე და პატრიარქი განაგებდა, შეიძლებოდა ეროვნული გონი, მასში მოგეძიებინა. ახლა აქ არაფერია – მხოლოდ ღრუბლებზე დაჩხაპნილი თეორიები.
ამ დროს კი, შორიახლო ტევტონთა ქვემეხები ქუხან, რომლებიც ცდილობენ სამყაროს მშვიდობა ტყვიებითა და ყუმბარებით მოახვიონ თავს. რუსი კი, როგორც ბავშვი წამდაუწომ თვალს ახამხამებს და იფშვნეტს. ის ხომ კეთილი ზრახვებით იყო აღსავსე და ამდენი უბედურება მოიტანა. რას უნდა ნიშნავდეს ყოველივე ? ამ თავსატეხის ამოცნობა არავის ძალუძს: „არაფერია, რაც არის ეგ არის…“
დასავლეთს სჩვევია რუსეთზე განრისხება. ჩვენთვის ვინც რუსეთს დიდი ხანია ვიცნობთ და ვცდილობთ შევიცნოთ მისი საუკეთესო მხარე, იმ დროს, როცა მთელი მსოფლიო მხოლოდ ულმობელი და დაუდევარი სახით იცნობს, ეს გულსატკენია , მაგრამ ეს არის შეგრძნება , რომელიც ონავარი ბავშვის უსაქციელობის შემხედვარეს გეუფლება.
ამით, რუსეთის ისტორია არ სრულდება. ჯერჯერობით მასშტაბური მოვლენებით დათრგუნული სლავის გონი თვლემს.. დღეს რუსი შვებას უდარდელობაში ეძიებს – როგორც ლოთს ნაზარხოშევს, გული არაფერზე მიუწევს – გონება დაბანგულია ნარკოტიკით – „არაფერია“.
თუმცა, როგორი სილაღითაც მიემართებიან რუსები ერთი მიმართულებით, ისეთივე სიჩაუქით შეუძლიათ მოტრიალდნენ და საპირისპირო გეზით იწყონ სვლა. იქნებ რუსები ნებელობას იშვიათად ავლენენ, მაგრამ როცა ეს ხდება, ისინი არანორმალურ ენერგიას ავითარებენ. ერთ მშვენიერ დღეს ნამდვილი რუსეთი გაიღვიძებს რისხვით… და მაშინ დადგება ჟამი გერმანელ დამპყრობლებზე უსასტიკესი ანგარისსწორებისა.