The Telegraph დიდი ბრიტანეთი
მარკ ალმონდი
აზერბაიჯანელები ცეკვავდნენ თავიანთი ქალაქების ქუჩებში, ხოლო სომხებმა შემუსრეს საკუთარი პრემიერ-მინისტრის კაბინეტი მას შემდეგ, რაც გაცხადდა, რომ ვლადიმერ პუტინის შუამავლობით დასრულდა სასტიკი ომი ორ ქვეყანას შორის, რომელმაც თვეზე მეტხანს გასტანა. ბაქოში ზეიმისა და ერევანში დაღვრილი ცხარე ცრემლების მკვეთრი კონტრასტი, თავისთავად მიუთითებს – ვინ მოიგო ამ ომით
რა თქმა უნდა, სამხრეთ კავკასიის მთაგორიან საბრძოლო ველზე გაიმარჯვა ენერგორესურსებით მდიდარმა აზერბაიჯანმა, მაგრამ გარე სამყაროსთვის მთავარი არის ის, თუ რომელმა დიდმა სახელმწიფოებმა იხეირეს დამდგარი შედეგით და რატომ არ ჩანდა არსად დასავლეთი მაშინ, როცა წყდებოდა საკვანძო ენერგეტიკული კორიდორის საკითხი.
კრემლმა მისი ნომინალური მოკავშირე სომხეთი უგულოდ მიატოვა ბედის ანაბარა მაშინ, როცა კარგად შეიარაღებულმა აზერბაიჯანმა სომხებს შეუტია და გამოიყენა ყველაზე თანამედროვე ებრაული და კანადური სამხედრო ტექნოლოგიები, თუმცა აზერბაიჯანი გამარჯვებას, პირველ რიგში, მისთვის გადაცემულ თურქულ უპილოტოებს – ბაირახტარებს უნდა უმადლოდეს, ასევე იმ გარემოებას, რომ აზერბაიჯანელი სამხედროები მოემზადნენ და მოქმედებდნენ თურქი,შესაბამისად ნატოს, სამხედრო მრჩეველების ხელმძღვანელობით. მიუხედავად სომხური დიასპორების საპროტესტო აქციებისა პარიზსა და ლოს-ანჯელესში, დასავლური დემოკრატიების ლიდერები არ მოჰყოლიან ნიანგის ცრემლების ღვრას სომხეთის გამო, რომელსაც ორი წლის წინ საყოველთაოდ აქებდნენ, როგორც დემოკრატიის შუქურას. კავკასია – ესაა რეგიონი, სადაც თავს იყრის რუსეთისა და თურქეთის ინტერესები, თუმცა სომხეთი და მისი მოკავშირეები აქტიურად უწყობდნენ ხელს მეგობრულ პოლიტიკურ ძალებს (რომლებიც მოიპოვებენ ნავთობსა და გაზს და მდებარეობენ აღმოსავლეთით) არამარტო ენერგეტიკული კორიდორის უსაფრთხოების საქმეში. მაგრამ ახლა პუტინისა და ერდოგანის დუეტმა კიდევ ერთხელ მოახდინა იმის დამონსტრაცია, რომ როცა საქმე ეხება ძალისმიერ პოლიტიკას – და არა პოლიტიკურ ჟესტებს – რომ მოედნის ბატონ-პატრონნი, სწორედ ისინი არიან.
ლიბიიდან სირიამდე, ახლა კი უკვე კავკასიაში, მოსკოვი და ანკარა აშკარად მხარს უჭერდნენ საპირისპირო მხარეებს, მხოლოდ იმიტომ, რომ ბოლოს ჩაექროთ კონფლიქტი, შემდეგ კი გაეყოთ ნადავლი, ვიდრე დასავლეთი ცდილობდა მიმხვდარიყო, რატომ მოხდა ყველაფერი სხვანაირად.
იმ დროს, როცა რუსეთს ნამდვილად ვერ უწოდებ ეკონომიკურ ზესახელმწიფოს, მაგრამ რჩება საკმარისად მრისხანე სამხედრო ძალად, ერდოგანის თურქეთი ყველას აჩვენებს, რომ სუსტად განვითარებული ეკონომიკისა და გაუფასურებული ვალუტის მიუხედავად, შესაძლებელია სხვებს მოახვიო შენი ნება, თუკი გაქვს შესაბამისი სულისკვეთება და იარაღი.
დასავლეთი თვლიდა, რომ რაკი ის არის ათენის მემკვიდრე, ჩვენი „ღია საზოგადოების“ პოლიტიკურ-ეკონომიკური მოდელი გაცილებით მიმზიდველია, ვიდრე უხეში სამხედრო ძალა. იქნებ დროა გავიხსენოთ, როგორ დამარცხდა ათენი, ღარიბი, მაგრამ საკუთარ ინტერესებზე კონცენტრირებული სპარტის ხელით?
სადღეისოდ, დასავლეთის უპირატესობას, რომელიც გრძელდებოდა რამდენიმე ათწლეული, გამოწვევას უგზავნიან თანამედროვე სპარტები, აღჭურვილნი უპილოტოებით, ან როგორც რუსეთის შემთხვევაში – ჰიპერხმოვანი რაკეტებით და არა აქვს მნიშვნელობა იმას, რომ მათ არ შეუძლიათ მოგვცენ ფასეული რეკომენდაციები ეკონომიკის სფეროში. მათი მდუმარე პარტნიორი ჩინეთი, თავის თავში აერთიანებს, როგორც სპარტანულ სიმკაცრეს, ისე მასობრივი მოხმარების საგნებსა და სამედიცინო აღჭურვილობის წარმოებას, რომელზეც დამოკიდებულია დასავლეთი.
ამ კავკასიური კონფლიქტის პირდაპირი შედეგი არის ის, რომ თურქეთი ახლა უფრო მკაცრად აკონტროლებს დასავლურ ენერგეტიკულ არტერიას, რომლის საშუალებითაც ნავთობი და გაზი ცენტრალური აზიიდან და აზერბაიჯანიდან მიემართება ბოსფორის ,,ბოთლისებრი ყელის’’ გავლით, რუსეთი კი რჩება ერთადერთ ალტერნატიულ მარშრუტად ენერგორესურსების დასავლეთში ექსპორტირებისთვის. ეს იმიტომ, რომ ბაიდენის ადმინისტრაციის პირობებში ირანის იზოლაციის დონე დარჩება ისეთივე, როგორც ტრამპის დროს იყო.
თურქეთის მეზობლები საბერძნეთი და კვიპროსი, რომლებიც ევროკავშირში შედიან, ალბათ დაფიქრდებოდნენ,ელით თუ არა იმაზე მეტი მხარდაჭერა, ვიდრე სომხეთს ჰქონდა, თუკი აზარტში შესული პრეზიდენტი ერდოგანი პირს დასავლეთისკენ იბრუნებს. შორეულ კავკასიაში მიმდინარე ხანმოკლე ომის შედეგი, ცალსახად მიუთითებს დასავლეთის უსუსურობაზე და არ ღირს ყოველივე ეს, ამერიკის არჩევნებით გამოწვეულ ალიაქოთს მივაწეროთ. დასავლეთის უსუსურობას უხეში ძალის წინაშე, რომელიც ნაკლებად მდიდარი, მაგრამ დაუნდობელი ძალებისგან მოდის, ფესვები გაცილებით ღრმად აქვს გადგმული.