Respekt (ჩეხეთი)
ჩეხეთის სახელმწიფომ თავი უნდა დაიცვას. ჯაშუშების პრაღიდან გაძევება – არ არის საკმარისი
ჩეხი პოლიტიკოსების უმრავლესობა შოკირებული იყო ინფორმაციით რუსი აგენტების საქმიანობის შესახებ ჩეხეთის ტერიტორიაზე. ამის ახსნა შეიძლება, მაგრამ საკვირველი აქ არაფერია. ჩვენ უკვე დიდი ხანია ვიცით რუსეთის სამხედრო დაზვერვის (ГРУ) მოქმედების შესახებ ჩეხეთში. ფაქტი ისაა, რომ ჩვენ უკვე გვაქვს მტკიცებულება და ამან თვალი უნდა აუხილოს მათ, ვინც აქამდე საფრთხეს ჯეროვნად არ აფასებდა.
ამ დროისთვის, ხელისუფლებამ სწორად ირეაგირა. მან გამოაქვეყნა ფაქტები, გაკიცხა და გააძევა ჯაშუშები. მაგრამ ეს წვრილმანია. ახლა საჭიროა შეიცვალოს ჩვენი შიდა და საგარეო პოლიტიკის საფუძვლები. თუ ხელისუფლება ამას არ გააკეთებს, ჩვენ საფრთხე შეგვექმნება, დიდი საფრთხე.
დროა გამოვფხიზლდეთ!
უკვე მრავალი წელია მიდის ბრძოლა იმის გარშემო, რა გავლენით უნდა სარგებლობდეს რუსეთი ჩეხეთში. ექსპერტები, ინფორმაციისა და უშიშროების სამსახური გვაფრთხილებდნენ და გვაფრთხილებენ, რომ ვითარება უარესდება. მოსკოვი ერევა ჩვენ საქმეებში, ჩვენ კი არასაკმარისად სწრაფად და გაუბედავად ვპასუხობთ.
მიზეზი ისაა, რომ რუსეთის ინტერესებს ჩვენთან ყოველმხრივ ეხმარება პრეზიდენტი მილოშ ზემანი. კერძოდ, ის ცდილობს რუსეთი დაუშვას ატომური ელექტროსადგურის – ,,დუკოვანის’’ დასრულების ტენდერზე და სურს ჩეხეთში შემოიტანოს დაურეგისტრირებელი ვაქცინა – ,,სპუტნიკ-V.’’ ამას გარდა, ის იდგა საგარეო საქმეთა მინისტრის, ტომაშ პეტრიჩეკის გადადგომის უკან, რომელიც კრიტიკულად იყო განწყობილი მოსკოვის მიმართ. ზემანი დიდი ხანია ებრძვის ინფორმაციისა და უშიშროების სამსახურს და მის ხელმძღვანელს.
მისი ეს ბოლო პოზიცია გადამწყვეტ როლს თამაშობს. გარკვეული მოსაზრებით, ეს უმთავრესია მომხდარში და ახლა ეს უფრო ადვილი გასაგებია, ვიდრე ოდესმე. ჩვენ ვიმყოფებით ომის მდგომარეობაში, რადგან რუსეთი დასავლეთს საფრთხედ აღიქვამს და ჩვენდამიც შესაბამისი დამოკიდებულება აქვს. ინფორმაციისა და უშიშროების სამსახური ამ ომში პრინციპულ როლს თამაშობს. ეს არის ზღურბლი, რომელიც ჩეხეთს მოსკოვის დარტყმებისგან იცავს. სახელმწიფოს მეთაური კი მუდმივად აკრიტიკებს ამ უმთავრეს სამსახურს, ასუსტებს მას და დე ფაქტო მოგვიწოდებს მისი ლიკვიდაციისკენ. ეს დამთხვევაც რომ იყოს, მაინც დაუშვებელია. დღემდე ისეთი ფართო თემის განხილვა, როგორც რუსეთის ჩვენზე გავლენაა, ჰგავდა რიტორიკაში ვარჯიშს. ერთი ფიქრობს ასე, მეორე ისე. დროა ეს დამთავრდეს. ჩეხეთის სახელმწიფომ თავი უნდა დაიცვას, თანაც დაუყოვნებლივ. რუსეთი არ შეიძლება დაუშვა რაიმე სახის სტრატეგიული პროექტზე. მასთან კონტაქტები მინიმუმამდე უნდა დავიყვანოთ და გამოვიყენოთ ევროკავშირის რესურსი. უნდა გაძლიერდეს უსაფრთხოების ძალები და კიბერთავდაცვა.
პუტინის რუსეთთან მკაფიო პოზიციის დაკავება არ იქნება ადვილი და სასიამოვნო, მაგრამ სხვა გზა არ არის. უსაფრთხოების სამსახურებმა თავისი სამუშაო შეასრულეს, ახლა ჯერი პოლიტიკოსებზეა.