Spread the love
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  

 

Reuters  დიდი ბრიტანეთი

 

            საქართველოსგან გამოყოფილი და რუსეთისგან მხარდაჭერილი რეგიონის – აფხაზეთის ლიდერი, შაბათს გამოვიდა გაფრთხილებით, რომ რესპუბლიკა „ჰუმანიტარული კატასტროფის“ ზღვარზე იმყოფება – ელექტროენერგიის კრიტიკული დეფიციტის მიზეზით

პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა – ბადრი გუნბამ, შაბათს განაცხადა, რომ მან ხელმეორედ მიმართა რუსეთს ელექტროენერგიით უზრუნველყოფის თხოვნით. მანამდე ენერგეტიკის ამჟამინდელმა მინისტრმა გვაუწყა, რომ მოსკოვმა არ უპასუხა რესპუბლიკის მიმართვას დახმარების შესახებ.

დეკემბრის დასაწყისში აფხაზეთის სახელმწიფო ენერგეტიკულ კომპანია „ჩერნომორ ენერგოში“ განაცხადეს, რომ ელექტროენერგიის მოსახლეობისთვის მიწოდება 3 საათით შემოიფარგლება, რათა  დარეგულირდეს სისტემაში არსებული კრიზისი.

„დღე-ღამის განმავლობაში შუქის 9-11 საათით გათიშვა, არის განაჩენი ჯანდაცვისა და განათლების სისტემებისთვის“ – განაცხადა გუნბამ თავის ვიდეომიმართვაში, რომელიც ოფიციალურ ტელეგრამ-არხზე, შაბათს გამოქვეყნდა.

„აფხაზეთი შეიძლება შეეჯახოს ჰუმანიტარულ კატასტროფას. ჩვენ სრულ სიბნელეში მოვექეცით, როგორც გადატანითი, ისე პირდაპირი მნიშვნელობით“ – თქვა მან.

აფხაზეთი, აყვავებული სუბტროპიკული შავი ზღვის სანაპირო რეგიონია, რომელიც საქართველოს გამოეყო სსრკ-ს დაშლის შემდგომ გაჩაღებული ომის შედეგად, 90-იან წლებში და მაშინ ასობით ათას ქართველს მოუწია რეგიონის დატოვება.

მოსკოვი აფხაზეთს დიდი ხნის განმავლობაში უჭერდა მხარს ისე, როგორც საქართველოს კიდევ ერთ რეგიონს – სამხრეთ ოსეთს და 2008 წელს, საქართველოსთან 5-დღიან ომში გამარჯვების შემდეგ, მოსკოვმა ისინი დამოუკიდებლად აღიარა.

ნოემბერში აფხაზეთი კრიზისმა მოიცვა, როცა ოპოზიციამ შტურმი მიიტანა პარლამენტზე – მთავრობის მიერ რუსულ ინვესტიციებზე დათანხმების გამო. ამის გამო, მაშინდელ პრეზიდენტ ასლან ბჟანიას მოუწია პოსტის დატოვება, ხოლო ხელისუფლება დროებით, მაშინდელმა ვიცე-პრეზიდენტმა – ბადრი გუნბამ გადაიბარა.

კრიზისი გამწვავდა მას შემდეგ, რაც მოსკოვმა აფხაზეთს შეუჩერა სოციალური დახმარების პაკეტი, რომელიც მოიცავდა მოხელეების, ასევე ექიმებისა და მასწავლებლების ხელფასებს.

ელეტროენერგიის დეფიციტი, რომელიც ზამთრის პერიოდში ჩვეულებრივი მდგომარეობაა აფხაზეთისთვის, დაიწყო დეკემბრის პირველივე რიცხვებში და ენგურჰესის კაშხალზე წყლის დაბალმა დონემ, გამოიწვია ელექტროენერგიის საგანგებო გათიშვები.

ოთხშაბათს, დედაქალაქ სოხუმში, აფხაზი დეპუტატი, მისივე კოლეგამ, პარლამენტის წინ მოკლა.

ადგილობრივი მედიის ცნობით, თავდასხმა მოხდა მაშინ, როცა კანონმდებლები განიხილავდნენ, ელექტრონერგიის დეფიციტის გამო, კრიპტოვალუტის მაინინგის აკრძალვას. საქმე ისაა, რომ დენის უყაირათოდ  მოხმარების მიზეზით, ელექტროენერგიის პრობლემა – სულ უფრო მძიმდება.

By admin