Bloomberg აშშ
ანრეას კლუთი
XIX საუკუნეში, როცა ბრიტანეთმა დაკნინება იწყო, ვიქტორიანელებმა წამოიწყეს რეფორმები და ახალ წარმატებას მიღწიეს. აშშ კი მეტად გახლეჩილია საიმისოდ, რომ იგივე მოხერხდეს
კითხვა, რომელზე პასუხზეც წლებია თავს იმტვრევენ ინტელექტუალები და პოლიტიკოსები, ამგვარია: შეუძლია თუ არა აშშ-ს შეინარჩუნოს მსოფლიოს ყველაზე მძლავრი სახელმწიფოს სტატუსი, დაიცვას საკუთარი ინტერესები და საერთაშორისო წესრიგი, თუ შტატები იმყოფება საუკუნეობრივი ვარდნის ადრეულ სტადიაზე?
ის, რომ ამ დღეებში თავზე გადამიფრინა Marine One-მა – საზღვაო ქვეითთა ნომერ პირველმა შვეულმფრენმა და თეთრი სახლისკენ გაემართა, კიდევ ერთი ნიშანია იმისა, რომ ყველაფერს თქვენი თვალთახედვა განსაზღვრავს.
მომწვანო-თეთრი Marine One – განსახიერებაა „ზესამხელმწიფოსი“, მისით გადაჰყავთ ამერიკელი პრეზიდენტები და ძნელი მოსაფიქრებელია უფრო ზუსტი სურათ-ხატი აშშ-ს ძალმოსილებისა, როგორც ამ საჰაერო აპარატიდან გადმოსული პრეზიდენტი, რომელსაც ეგებება ცისფერ მუნდირში გამოწყობილი, წითელ ლამპასებიანი ბრგე საზღვაო ქვეითი. მაგრამ ეს შთაბეჭდილება ფერმკრთალდება, როცა ამ ვერტმფრენის მგზავრი ჯო ბაიდენი ან მისი წინამორბედი და შესაძლოა – მემკვიდრეც, დონალდ ტრამპია – ისინი ხომ ჩვენ ზესახელმწიფოს გერონტოკრატიულ ელფერს აძლევენ. თანაც ამ საჰაერო აპარატმა გადალახა თავისი დიდების ზენიტი. ეს შვეულმფრენები ექსპლუატაციაში 1975 წლიდან იმყოფება. მათი მწარმოებელი კორპორაცია Lockheed Martin ცდილობს მის ჩანაცვლებას თანამედროვე მოდელებით, მაგრამ აწყდება სერიოზულ წინააღმდეგობებს: ახალმა ვერტმფრენმა, ისე დაწვა ძრავის გამონაბოლქვით თეთრი სახლის სამხრეთი გაზონი, რომ ის „დააქვეითეს“ და მოასფალტებულ მოედნებზე გადაიყვანეს, თანაც დამხმარე პერსონალიც გამოუყვეს თეთრი სახლიდან.
ზესახელმწიფოები, გულში გავიფიქრე, რაღაცით ვერტმფრენებს ჰგვანან – ადამიანებს, ვინც მათ მართავენ, უნდა შეეძლოთ იმის აღიარება, რომ ამოწურეს საკუთარი რესურსი და განახლებას საჭიროებენ. როგორც ჩანს, ამ დასკვნამდე მივიდა „ზოგად შეფასებათა სამმართველო“ – ანალიტიკური ცენტრი პენტაგონიდან, რომელიც ცდილობდა გაერკვია ამერიკის სამომავლო კურსი. სამმართველომ დაუკვეთა კვლევების სერია ცნობილ კორპორაცია Rand-ს. მისმა ხელმძღვანელებმა მაიკლ მაზარმა, ტიმ სვეისმა და დენიელ თაპიამ – შეისწავლეს ყველა პრეცედენტი სახელმწიფოებისა და იმპერიების დაცემისა, იკვლიეს ამ მოვლენის მიზეზები, ისე როგორც, ამ მდგომარეობიდან თავდაღწევის გზები.
თემატური კვლევები მოიცავდა სხვადასხვა ეპოქებს, დაწყებული ძველი რომიდან და სუნის ეპოქიდან, დამთავრებული აღორძინების ხანის ქალაქ-სახელმწიფოებამდე; მეთვრამეტე საუკუნის ნიდერლანდებიდან და შვედეთიდან, ვიდრე ესპანეთისა და საფრანგეთის საიმპერატორო ეპოქებამდე; ოსმანური და ავსტრო-უნგრული იმპერიებიდან, საბჭოთა კავშირამდე. მოგეხსენებათ, ვიდრე დაეცემოდნენ, ისინი ძლევამოსილ სახელმწიფოებრივ წარმონაქმნებს განასახიერებდნენ.
მათი დაკნინების მიზეზები სხვადასხვანაირია, მაგრამ ზოგიერთი მათგანი მეორდება. ყველაზე უფრო გავრცელებული კანონზომიერებას წარმოადგენს ბიუროკრატიის „გაქვავება“ და შიდა პრობლემატიკის მეტასტაზური ბუნება. ეს ტენდენციები იწვევს სახელმწიფო ინსტიტუტების გადატვირთვას, რომელთაც ელიტები დაუნდობელ ექსპლუატაციას უწევენ. ისინი უპირისპირდებიან კონკურენტ ფრაქციებს იმავე ელიტებიდან და უგულვებელყოფენ საზოგადოების საერთო კეთილდღეობას. ეს პათოლოგია შესაძლებელია შეფასდეს, როგორც შიდა პრობლემებისა და საზოგადოებრივი განხეთქილების ტოქსიკური ნაზავი.
ეს დიაგნოზი უდავოდ მიესადაგება დღევანდელ ამერიკას. საქმე ისაა, რას აკეთებს დიადი ქვეყანა, როცა აცნობიერებს, რომ მას კვდომა ელის. შეძლებს თუ არა შტატები გამოავლინოს არსებული პრობლემები, იპოვოს რაციონალური გამოსავალი და განვითარების ტრაექტორია შეცვალოს ისე, რომ კვლავ მოიპოვოს მსოფლიო ბატონობა? დამთრგუნველია კორპორაცია Rand-ის დასკვნა, რომ დაქვეითების ზუსტი მიზეზები ზესახელმწიფოდან საშუალო, შემდეგ კი მცირე ძალის ქვეყნამდე და შემდეგ კი ზუსტი სურათი ძველი დიდების დაბრუნებისა – „არ იკვეთება ისტორიულ ანალებში“.
რამდენიმე ზესახელმწიფომ სცადა ამის გაკეთება, მაგრამ მარცხი იწვნია, მაგალითად საბჭოთა კავშირმა 1080-იან წლებში, ხოლო სხვებმა, მაგალითად ომის შემდგომმა გერმანიამ და იაპონიამ, განახლება შეძლეს დამპყრობელი ძალის (კერძოდ აშშ-ს) დახმარებით, ამდენად, მათი მაგალითი, საილუსტრაციოდ არ გამოგვადგება. იმედისმომცემი პრეცედენტი, რომელიც შეგვიძლია მოვიძიოთ და მივუსადაგოთ აშშ-ს, არის ვიქტორიანული ეპოქის ბრიტანეთი.
მიუხედავად ამერიკული კოლონიების დაკარგვისა, ბრიტანეთმა იოლად გადაიტანა პირველი სამრეწველო რევოლუცია და ნაპოლეონისდროინდელი ომები. თუმცა 1800-იან წლების შუაში, დიდი ბრიტანეთი შეეჯახა პრობლემათა ფართო სპექტრს. ძალაუფლება კვლავ მიწათმფლობელთა მამრ ელიტას ეპყრა, მაშინ, როცა მუშათა კლასი შეყუჟული იყო ვიწრო და პირქუშ ქალაქებში, ის ებრძოდა შიმშილს და ქოლერის პერიოდულ აფეთქებებს. ბავშვები მუშაობდნენ საფეიქრო ფაბრიკებსა და მაღაროებში, ქალებს კი უფლებები ეზღუდებოდათ. ეს იყო დიკენსის ნაცია და მიუხედავად უზარმაზარი კოლონიების ფლობისა, ჩანდა, რომ ის ვერ გაუძლებდა მეორე სამრეწველო რევილუციას და ისეთ ახალ, ამბიციურ კონკურენტებთან დაპირისპირებას, როგორიც იყვნენ – გერმანია და აშშ.
თუმცა დიდმა ბრიტანეთმა გაატარა რამდენიმერაუნდიანი რეფორმები. ამას არ ჰქონდა ერთიანი გეგმის სახე, უფრო ეთქმოდა პრაგმატული გადაწყვეტილებების სერია, რომელიც დასრულდა ახალი საზოგადოებრივი ხელშეკრულებით. როგორც ჩემმა კოლეგამ – ადრიან ვულდრიჯმა შენიშნა – „ პურის კანონის“ გაუქმებამ (1846 წელი), შეამცირა საკვების ფასები ღარიბთათთვის და მოახდინა ვაჭრობის ლიბერალიზაცია. საარჩევნო უფლება გავრცელდა მამაკაცთა უმრავლესობაზე, მოგვიანებით კი ქალებზეც, გაუმჯობესდა შრომის პირობები, ბავშვების შრომა აიკრძალა, სამედიცინო და განათლების სფეროები კი დაიხვეწა.
განსხვავება ვიქტორიანულ ბრიტანეთსა და იმ ქვეყნებს შორის, რომლებიც დაცემას ვერ გადაურჩნენ, ისაა, რომ ელიტებმა, მიუხედავად დაპირისპირებისა, გამოძებნეს საერთო ენა რეფორმების საკითხში. ეს ნაწილობრივ იმით იყო გაპირობებული, რომ მათ სურდათ თავიდან აეცილებინათ უფრო მასშტაბური რყევები, მსგავსი საფრანგეთის რევოლუციისა, რომელიც ჯერ კიდევ ცოცხალი მეხსიერების ნაწილი იყო. Rand-ის მკვლევარები კოლექტიურ ვიქტორიანულ მონაპოვარს – „ განახლებულ მოლოდინს“ უწოდებენ. ამან საშუალება მისცა რეფორმირებულ ბრიტანეთს, დარჩენილიყო საკმარისად მტკიცე და დინამიური და შეენარჩუნებინა მძლავრი სახელმწიფოს სტატუსი XX საუკუნეშიც. მოკლედ, იმპერიის დაცემა – ბოლომდე თუ არ აღმოიფხვრა, ყოველ შემთხვევაში, დიდი ხნით გადავადდა.
დღევანდელ აშშ-საც შეუძლია ანალოგიური გამბედაობა გამოავლინოს, ოღონდ იმ შემთვევაში, თუ პოლიტიკური კლასი შეიკვრება ისე, როგორც ეს ვიქტორიანელებმა შეძლეს. დემოგრაფიული კუთხით, აშშ-ს პრობლემები ნაკლებად აქვს, ვიდრე ჩინეთსა და რუსეთს – იგულისხმება უფრო მაღალი შობადობა და პირდაპირი მიგრაცია. ამერიკული კომპანიები, ინვესტორები და ინჟინერ-გამომგონებლები – მსოფლიოში დღემდე წარმოადგენენ წამყვან ძალას და თუ ადრე – სახელმწიფოების კონკურენცია (მეორე სამრეწველო რევოლუციის ფონზე), დამოკიდებული იყო ტელეგრაფზე, ელექტროფიკაციასა და განვითარებილ სარკინიგზო ქსელზე, დღეს ის მიმდინარეობს ხელოვნური ინტელექტისა და კვანტური გამოთვლების დონეზე, სადაც აშშ-ს – ლიდერობის დიდი შანსი აქვს.
მთავარი პრობლემა ისაა, რომ ამას წინ უნდა უძღოდეს ჩვენი პოლიტიკური ელიტების უნარი, გამოინახოს საერთო ნიადაგი რეფორმების გატარებისთვის. მე ამის შანსებს ნაკლებად ვხედავ და არა მარტო იმიტომ, რომ საარჩევნო წელი ართულებს სიტუაციას. პოლიტიკოსები, რომლებიც გადაწყვეტილებებს იღებენ, ისე არიან გადამტერებულნი ერთმანეთს, რომ, როგორც Rand-ის მკვლევარები ამტკიცებენ, „არ არსებობს საერთო აღქმა არსებული პრობლემებისა. საზოგადოების იმედგაცრუებას იწვევს ის ფაქტი, რომ ელიტები ვერ აღწევენ შეთანხმებას ამ პრობლემების გადაჭრის გზებზე, ისინი კი კი საჭიროებს დაუყოვნებლივ გადაჭრას.“
აი ასე: ვერ ვთანხმდებით იმაზე, რა არის გამოსასწორებელი… რომ არაფერი ვთქვათ მომავლის საკეთებელზე. ერთადერთი კარგი ამბავი ისაა, რომ გეოპოლიტიკურ ბალანსს თუ შევხედავთ, აშშ-ს კონკურენტებს ასევე აქვთ პრობლემები, რომლებიც არანაკლებ რთული გადასაწყვეტია. ეს ეხება შტატების ისეთ მეტოქეებს, როგორიც არიან ჩინეთი, რუსეთი, ირანი და ჩრდილოეთ კორეა, ასევე საშუალო კატეგორიის სახელმწიფოებსაც – ინდოეთს , თურქეთს, ბრაზილიასა და ინდონეზიას.
აშშ-ში, შიდაპოლიტიკური დაძაბულობა და ელიტაში არსებული განხეთქილება, წარუმატებლობას უქადის კორპორაციების რეორგანიზაციას, სისტემების გადატვირთვასა და ნაციონალურ აღორძინებას. ეს უბიძგებს ვაშინგტონს, სასწრაფოდ გადალახოს ეს დაბრკოლება, როგორც საკუთრივ ამერიკის, ისე მთელი მსოფლიოს სასიკეთოს.
დასაწყისისთვის კი შეიძლებოდა ისეთი შვულფრენის შესყიდვა, რომელიც არ გადაწვავდა ბალახის საფარს თეთრი სახლის ეზოში.