Spread the love
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  

The Economist  დიდი ბრიტანეთი

 

გაზაფხულის დადგომა, უკრაინას ორჯერ ამოსუნთქვის საშუალებას მისცემს. პირველი ისაა, რომ რუსეთის გააფთრებული სარაკეტო და უპილოტოებით დარტყმები თბო-ელექტრო ინფრასტრუქტურაზე, ისეთი გაუსაძლისი აღარ  იქნება. დათბობასთან ერთად, დაიწყება უგზოობაც – დაახლოებით 1 თვე, საბრძოლო მოქმედებები უკიდურესად გაძნელდება. ასე რომ შეჩერდება რუსული იერიშის ტალღები მთელი ფრონტის გასწვრივ, რომელიც გადის აღმოსავლეთ და სამხრეთ უკრაინაზე, მაგრამ ეს მდგომარეობა უსასრულოდ ვერ გაგრძელდება

არის საფრთხე, რომ ზაფხულისთვის  რუსეთი წამოიწყებს ახალ დიდ შეტევას გასული წლის მსგავსად და უკრაინის პერსპექტივა, რომ ამ ჯერზე შეინარჩუნებს პოზიციებს, გაცილებით უიმედოა, ვიდრე მაშინ იყო. აი რატომ არის საჭირო, მეტი მებრძოლის მობილიზება და უფრო საიმედო თავდაცვის ორგანიზაცია.

უკრაინელები გასაგებ მიზეზთა გამო, შექმნილ მძიმე ვითარებაში დასავლელ პოლიტიკოსებს ადანაშაულებენ. კიევის ევროპელი მეზობლები ახლო აღმოსავლეთით, მოახლოებული არჩევნებითა და საკუთარი ეკონომიკური პრობლემებით არიან დაკავებულნი. ჩვენ უკვე გატყობინებდით, რომ რესპუბლიკელ-ტრამპისტთა გადაწყვეტილება, შეეჩერებინათ კონგრესში ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ ინიცირებული სამხედრო დახმარების პაკეტი ( მისი მოცულობა 61 მილიარდ დოლარს შეადგენს), პირდაპირ აისახება ფრონტის ხაზსა და უკრაინული ქალაქების უსაფრთხოებაზე. უკრაინელ მებრძოლებს უწევთ ჭურვების ეკონომიურად გამოყენება. ზოგიერთ წერტილში, ამ მხრივ რუსების უპირატესობა – ხუთმაგია. გასული კვირაში, 24 საათის განმავლობაში, რუსებმა გამოიყენეს 150 უპილოტო აპარატისა და არტილერიის ჭურვი უკრაინელების წინააღმდეგ, უკრაინის შეიარაღებულ ძალებს კი უთავდებათ ჰაერსაწინააღმდეგო საშუალებები, რითაც უნდა მოხდეს ამ სასიკვდილო იარაღის განეიტრალება.

ჩიხს, რომელშიც მოექცა ამერიკა, შეიძლება მოჰყვეს ის, რომ რუსებმა გაარღვიონ უკრაინის ბოლომდე გაუმართავი თავდაცვითი ხაზები. დიდად სახარბიელოდ, არც ევროპელები გამოიყურებიან. საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის მრისხანე რიტორიკის მიუხედავად (სიტყვიერად ის ყველას მოუწოდებს რუსეთზე გამარჯვებისკენ), მაგრამ ძალზე მცირე სამხედრო დახმარებას უგზავნის  კიევს საიმისოდ, რომ ამ უკანასკნელმა გამარჯვება მოიპოვოს. იმავდროულად გერმანიის ზანტი კანცლერი – ოლაფ შოლცი, უარს ამბობს შორი მოქმედების მძლავრი რაკეტების „ტაურუს“-ის მიწოდებაზე. ევრო-პამ ვერ შეასრულა პირობა და ამ თვეში ვერ მიაწოდა უკრაინას დაპირებული მილიონი ჭურვი, თუმცა ჩეხები მთელს მსოფლიოში დაძრწიან, რათა შეავსონ არსებული დეფიციტი. დამატებითი პრობლემაა – ფული. ევროპამ, აქაც უნდა შეიტანოს თავისი წვლილი. თუმცა პოლონეთი და საფრანგეთი (ასევე სხვა ქვეყნები) ცდილობენ აღმართონ ბარიერები უკრაინის სასოფლო-სამეურნეო პროდუქციისგან თავისი ფერმერების დასაცავად.

უკრაინა ყველაფერს მოკავშირეებს ვერ გადააბრალებს. ის თავად უშვებს შეცდომებს, მთავარი კი ისაა, რომ მას არ ჰყოფნის პირადი შემადგენლობა.

რუსეთი ემზადება მობილიზაციის ახალი ტალღისა და მძლავრი წინსვლისთვის. 22 მარტის ტერაქტმა, შეიძლება გაუადვილოს ვლადიმირ პუტინს თავის ამოცანა. მას შეუძლია განაცხადოს, რომ რუსეთი უნდა გაძლიერდეს სისხლისმსმელი მტრების წინაშე: უკრაინაში კი ახალგაზრდების რეკრუტირება არმიაში, ადგილს ტკეპნის დემოკრატიული პროცესის გამო. ბოლო ცნობებით, პარლამენტში შევიდა ათასამდე  შესწორება  იმ კანონპროექტში, რომლითაც ხელისუფლებას ენიჭება უფლებამოსილება, შექმნას სასურველი არმია. შესაბამისი ბერკეტების უქონლობისა და საზოგადოებრივი უკმაყოფილების შიშით, პრეზიდენტმა ზელენსკიმ ვერ მიაღწია სასურველ შედეგს.

საბოლოოდ, უკრაინამ დააგვიანა თავდაცვითი ზღუდეების მშენებელობა. გარკვეულწილად ეს გასაგებია: მთავრობა ოცნებობს ახალ კონტრშეტევაზე და აფრთხობს აზრიც კი იმის შესახებ, რომ ფრონტის ამაჟამინდელი ხაზი, გადაიქცევა გარკვეულ საზღვრად, რითაც ქვეყანას ჩამოეჭრება ტერიტორიის  სულ ცოტა მეხუთედი და მას აღარ ექნება ზღვაზე გასასავლელი. იდეა, რომ სწორედ ეს ხაზი გახდება საფუძველი მომავალი  სამშვიდობო მოლაპარაკებისა, არის ის, რის თავიდან აცილებასაც ზელენსკი ლამობს. მაგრამ ახლა საფრთხეები განუზომლად გაზრდილია და ცუდი ვარიანტებიდან, ეს გადაწყვეტილება – საუკეთესოა. ბოლო კვირეების განმავლობაში უკრაინელებმა ველზე გაიყვანეს ექსკავატორები და ტერიტორია „დრაკონის კბილებით“ მოფინეს, არადა ეს, გაცილებით ადრე უნდა მომხდარიყო. ისღა დაგვრჩენია ვილოცოთ, რომ ეს ძალისხმევა – დაგვიანებული არა იყოს.

By admin

You missed