Asahi Shimbun იაპონია
აკირა იკეგამი
რუსეთის სამხედრო კამპანიამ – ცვლილებები მოიტანა დასავლეთში
კონფლიქტი უკრაინაში სულ უფრო ხლეჩს სამყაროს. რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი გამოვიდა ლგბტ-ს საწინააღმდეგო განცხადებებით და აღნიშნა, რომ დასავლეთი ახლა უკვე ანგრევს ოჯახს და მღვდელმსახურებს აიძულებს, აკურთხონ ერთსქესიანი ქორწინებები.
როგორ ეხმაურება ფრანგი ისტორიკოსი ემანუელ ტოდი ჟურნალისტ აკირა იკეგამის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ თვალსაჩინოა კულტურული ომის ნიშნები. გაგაცნობთ ფრაგმენტებს მისი წიგნიდან – „პრობლემა რუსეთში კი არა, აშშ-ია: მსოფლიო ჩაიძირა მესამე მსოფლიო ომში.“
აკირა იკეგამი: პუტინის განცხადებამ ლგბტ-ს წინააღმდეგ, მოიპოვა ამერიკელი კონსერვატორების სიმპათია ანუ იმ ხალხის, ვინც მხარს უჭერს ექსლიდერ დონალდ ტრამპს. საბოლოოდ ვიღებთ საინტერესო ვითარებას, მემარჯვენეები აშშ-ში – ეთანხმებიან იმას, რასაც პუტინი ამბობს. ვფიქრობ, ეს საგულისხმო ფაქტია, რომელსაც იგნორირება არ ეგების, როგორ უნდა აღვიქვათ ეს მოვლენა?
ემანუელ ტოდი: თუ ვსაუბრობთ ანტი-ლგბტ რიტორიკაზე, დასავლეთში ახლა მიმდინარეობს – ძალზე ავანტურისტული სოციალური ექსპერიმენტი.
ავიღოთ ჰომოსექსუალობა. ამ მოვლენის არსებობა საყოველთაოდ გაზიარებულია, მაგრამ ახლა ჩნდება იმგვარი დისკურსები და იდეები, როგორიცაა – მაგალითად გენდერული სხვადასხვაობა. ჩნდება თეორიები, რომ ბიოლოგიური და გენეტიკური სქესი არ არსებობს, რომ შეიძლება მისი დაძლევა ან შეცვლა.
ამ კონტექსტში სავსებით ბუნებრივია, როცა მორალური და ეთიკური კონსერვატორები ამბობენ: „რა? ეს ხომ შეუძლებელია?“ მსოფლიო მოსახლეობის 75% თვლის, რომ ქალი და მამაკაცი – ერთმანეთისგან განსხვავდება. ეს პოზიცია ახლოა რუსეთის პოზიციასთან.
ასე რომ, თუ ევროკავშირი ზედმეტად შეტოპავს ამ თავის სოციალურ ექსპერიმენტში, ვფიქრობ, დიდი ალაბათობით, გაიზრდება ევროპელი კონსერვატორების რიცხვი, რომლებიც გაახმიანებენ ქალისა და მამაკაცის განსხვავებულობის იდეას… და მაშინ, ისინი ირწმუნებენ მოსკოვის პოზიციის მართებულობას.
მე – თავს ვთვლი დასავლელ ადამიანად, მე ვარ ლიბერალი ტრადიციული თვალსაზრისით, მაგრამ ის, რასაც დღეს ვხედავ – ეს არის გენდერული ურთიერთობა დაფუძნებული ანტაგონიზმსა და ქიშპზე – ორ სქესს შორის, მეორე უკიდურესობაა ის იდეა, რომ ქალსა და მამაკაცს არაფერი განასხვავებს. რაღაც მეეჭვება, ასე იყოს.
მე ლიბერალი ვარ, რაღაც გაგებით ხანშიშესული ევროპელი.
ახლა ჩემი საქმიანობა მოიცავს გეოპოლიტიკის შესწავლას, ქვეყნებს შორის ურთიერთობას და კვლევის პროცესში ვაწყდები ქალებსა და მამაკაცებს შორის არსებულ მტრულ დამოკიდებულებას. ეს უაზრო, აბსურდული და უცნაური სიტუაციაა.
ვფიქრობ, თუ ასე გაგრძელდა მსოფლიო დაიყოფა 2 მტრულ ბანაკად: იქნებიან ადამიანები კონსერვატორული შეხედულებებით სექსუალობის თაობაზე და ისინი, ვინც ამას ჭარბი თავისუფალების გადმოსახედიდან ქადაგებენ. შედეგად ამ 2 ბლოკს შორის წარმოიშობა კონფლიქტი. უბრალოდ ვხუმრობ (იღიმის).
- თქვენ ამბობთ, რომ ჭარმაგი ევროპელი ხართ. მართალია ლიბერალი ბრძანდებით, მაგრამ მრჩება შთაბეჭდილება: არ იზიარებთ იდეას, რომ ქალებსა და მამაკაცებს შორის განსხვავება არ არსებობს ან იმას, რომ გენდერის ჩარჩოებიდაბ უნდა გავიდეთ. მაინტერესებს, არის კი ცნობილი მსოფლიო საზოგადოებრივი აზრი და რამდენად ვლინდება მასში რუსეთის ანტი-ლგბტ პოზიციისადმი სიმპათია? ამ თვალსაზრისით ხდება თუ არა ერთგვარი უკურექცია – გაუცხოება ლგბტ მოძრაობის მიმართ, რომელმაც ძალზე შორს შეტოპა?
- დიახ ასეა. ვფიქრობ, რომ ტენდენცია ისეთია, რომ სექსუალური ორიენტაციის, ქალისა და მამაკაცის ურთიერთდაპირისპირების, ნეოფემინიზმის საკითხები, თანდათან აქტუალობას დაკარგავს.
სხვაგვარად განვმარტოთ: დიდი ხნის განმავლობაში დასავლეთი სულ უფრო მდიდრდებოდა და სწორედ ამ ფონზე, ჩნდებოდა მსგავსი იდეები, მაგრამ ახლა, როცა უკრაინის კონფლიქტი გაჩაღდა, აშშ-სა და ევროპაში პირველად შეეჯახნენ რეალობას.
რეალობაში ვგულისხმობ ისეთ ასპექტებს, როგორიცაა მაგალითად ის, თუ რამდენ ქვემეხს ვუშვებთ და არა სექსუალურ ორიენტაციაზე, ლგბტ პრობლემებზე და სხვა ამგვარზე საუბარი. სულ უფრო მეტად გვიწევს იმაზე მსჯელობა, თუ რამდენ საბრძოლო მასალისა და ტანკის დამზადებას შევძლებთ, რას შევჭამთ, როგორ უნდა უზრუნველვყოთ საკუთარი თავი ნავთობით…
სხვა სიტყვებით, უკრაინის კრიზისმა დასავლეთი რეალობას დაუბრუნა.
ამასთან პოლონეთი და უკრაინა, ისე როგორც რუსეთი, მეტად ჰომოფობიური ქვეყნებია. რა თქმა უნდა, ახლა კიევი ცდილობს მაქსიმალურად მიუახლოვდეს დასავლური ღირებულებებს და ამდენად მიჩქმალული აქვს თავისი ეს მხარე, მაგრამ საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვებს თუ გავეცნობით, უკრაინა აშკარად ჰომოფობიური სახელმწიფოა, მსგავსად რუსეთისა. ამ მხრივ, კიევი და მოსკოვი გვერდიგვერდ დგას.