ABC news აშშ
ბენ სიგალი
სამშაბათს წარმომადგენელთა პალატამ, მხარი დაუჭირა უკრაინისთვის 40 მილიარდი დოლარის გამოყოფას – ჰუმანიტარული და სამხედრო საჭიროებისთვის. ეს არის დახმარების ბოლო ტრანში ქვეყნისთვის, რომელსაც აშშ აქტიურად ეხმარება რუსეთთან ბრძოლაში
კანონპროექტი, რომლის ჩასწორება სამშაბათისთვის მოხერხდა, მოიცავს დამატებით 7 მილიარდს იმ თანხაზე, რომელიც ბაიდენის ადმინისტრაციამ თავდაპირველად მოითხოვა და მას მხარი დაუჭირა 368 წარმომადგენელმა 57 წინააღმდეგ. კანონპროექტს ხმა მისცა ყველა დემოკრატმა, რესპუბლიკელთა ნაწილი კი არ დაეთანხმა.
კენჭისყრის შედეგად, კონგრესმა მთლიანობაში 50 მილიარდ დოლარზე მეტი გადასცა უკრაინას რუსეთთან საბრძოლველად. 9 მარტს, წარმომადგენელთა პალატამ (169-36-ს წინააღმდეგ) მხარი დაუჭირა დახმარების გამოყოფას 13,6 მილიარდის ოდენობით – უკრაინისა და საკვანძო ევროპელი მოკავშირეებისთვის.
მოსალოდნელია, რომ ამ საკითხზე, უახლოეს დღეებში იმსჯელებს სენატიც.
დახმარების პაკეტი მოიცავს 6 მილიარდ დოლარს უკრაინის შეიარაღებული ძალების წვრთნისა და აღჭურვისათვის, ასევე 9 მილიარდს – ამერიკული ტექნიკისა და საბრძოლო მასალათა საზღვარგარეთული მარაგების შესავსებად, რაც მოხმარდება უკრაინული არმიის გადაიარაღებას.
ის ასევე გულისხმობს, ამერიკული შენაერთების დაფინანსებასა და განლაგებას ევროპაში, ჰაერსაწინააღმდეგო სარაკეტო სისტემის – Patriot-ის ფუნქციონირებას ამავე ტერიტორიაზე და 900 მილიონს – უკრაინელი ლტოლვილებისთვის, რათა მათ გამოეყოთ საცხოვრებელი, გაეწიოთ კონსულტაცია და ჩაუტარდეთ ენის კურსები. მოხდება იმ პირების შესახებ მონაცემების დამუშავება და შემოწმებაც, რომლებიც მიემგზავრებიან აშშ-ში.
ამას გარდა, კანონპროექტით – თავდაცვის სამინისტროს გენერალურ ინსპექტორს, ევალება წერილობითი ანგარიშის წარდგენა წარმომადგენელთა პალატისა და სენატის თავდაცვის კომიტეტებისათვის, რომლებიც განიხილავენ ფინანსური ხარჯების მიზნობრიობას, კანონის ამოქმედებიდან 120 დღის განმავლობაში.