Spread the love
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  

The Financial Times   დიდი ბრიტანეთი

რომან ოლეარჩუკი,  ბენ ჰოლი

 

 

      უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმერ ზელენსკი ცდილობს, გადაარჩინოს  ჩიხში შესული სამშვიდობო პროცესი, რათა დაასრულოს მინავლული კონფლიქტი პრორუსულ ძალებთან ქვეყნის აღმოსავლეთში.

სამხედრო პოტენციალის მასშტაბური თავმოყრას უკრაინის აღმოსავლეთ საზღვართან და ოკუპირებულ ყირიმში, გასულ თვეში მოჰყვა სამხედროების ნაწილობრივი  გაყვანა, რაც იყო აშკარა წარმატება, ამის შესახებ გასულ კვირაში წერდა აშშ-ს ყოფილი სპეცწარმომადგენელი  უკრაინაში – კურტ ვოლკერი. რუსული იარაღის ჟღარუნის ფონზე, უკრაინა მოწყვლადი  აღმოჩნდა: საკუთარი სამხედრო ძალის დემონსტრაციისაგან, დასავლეთმა აშკარად თავი შეიკავა, ხოლო ვლადიმერ პუტინმა გაიმყარა საკუთარი პოზიციები რეგიონში – თვლის ვოლკერი

ზელენსკი ხელისუფლებაში 2019 წელს იმ დაპირებით მოვიდა, რომ დონბასში ომს დაასრულებდა. კიევის  მხრიდან დასავლელი მოკავშირეების დათანხმება, შემოეღოთ რუსეთის წინააღმდეგ დამატებითი ეკონომიური სანქციები, ვერ მოხერხდა, ხოლო ვაშინგტონის მზაობა გამოიჩინოს ახალი დიპლომატიური ძალისხმევა გაურკვეველია. ამიტომ ჩიხიდან გამოსვლის ვარიანტები უკრაინის პრეზიდენტს,  ბევრი ნამდვილად არა აქვს.

ყოფილი იუმორისტი, იმასაც ვერ ახერხებს, რომ პუტინთან ერთად სამშვიდობო მოლაპარაკებების  მაგიდასთან დასავლეთის ქვეყნების ის ლიდერები დასვას, რომლებიც კიევს მხარს უჭერენ. ზელენსკის მოუწია აღიაროს, რომ რუსეთის პრეზიდენტს შესაძლოა არც სურდეს მშვიდობა დონბასში, სადაც უკვე დაიღუპა 14 000 მებრძოლი და მშვიდობიანი მოქალაქე -მოსკოვი  კიევისგან მოითხოვს ისეთი  პირობების შესრულებას, რომელიც პოლიტიკურად მიუღებელია ნებისმიერი უკრაინელი ლიდერისთვის.

ერთ-ერთმა მაღალი რანგის უკრაინელმა ჩინოვნიკმა შენიშნა, რომ ზელენსკის დაჭირდა ორი წელი, რათა ,,სიმართლისთვის თვალი გაესწორებინა.’’ ,,უკრაინა მომხრეა მშვიდობის და მზადაა გააკეთოს ყველაფერი, რომ მას მიაღწიოს’’- თქვა პრეზიდენტის მრჩეველმა.

ზელენსკიმ ,,ფაინენშალ თაიმს’’-ს გასულ კვირაში განუცხადა, რომ სურს ნორმანდიულ ოთხეულს (გერმანიას, საფრანგეთს, უკრაინასა და რუსეთს) შეუერთდნენ აშშ და დიდი ბრიტანეთი, რათა მოიძებნოს ჩიხიდან გამოსავალი, მან ასევე მოითხოვა ცვლილებების შეტანა ნორმანდიული ოთხეულის მიერ მიღწეულ მინსკის სამშვიდობო შეთანხმებაში, რომელიც დღემდე შეუსრულებელია, ვინაიდან კიევი და მოსკოვი ვერ მორიგდნენ აღსრულების ვადებსა და ქმედებათა თანმიმდევრობაზე, მაგრამ მოსკოვი კატეგორიულად უარყოფს პირეობების შეცვლას. მისი სახეცვლილება საბოლოო აღსრულებამდე უბრალოდ შეუძლებელია, განაცხადა გასულ კვირაში პუტინის პრეს-მდივანმა დიმიტრი პესკოვმა ზელენსკის წინადადების პასუხად.

ამასთან პარიზი და ბერლინი შიშობენ, რომ მინსკის შეთანხმებაზე უარმა, შეიძლება გამოიწვიოს მოსკოვის პროვოცირება და გააძნელოს ევროკავშირის რუსეთის საწინააღმდეგო  სანქციების შენარჩუნება.

ზელენსკის ადმინისტრაციის მეთაურმა ანდრეი ერმაკმა გასულ კვირაში ტელეინტერვიუში აღიარა, რომ კიევს არა აქვს მკაფიო დიპლომატიური სტრატეგია: ,,უნდა გაგრძელდეს მუშაობა ყველა მიმართულებით და ყველა ფორმატში,’’ თქვა მან, რადგან,  ჩვენ არ ვიცით რომელი ფორმატი მოიტანს მშვიდობას ჩვენს მიწაზე, როცა ჩვენ შევძლებთ დავიბრუნოთ ჩვენი ტერიტორიები, ყველა ჩვენი მოქალაქე და დავასრულოთ ომი’’- დაამატა ერმაკმა,

თავისი პრეზიდენტობის პირველ წელს, ზელენსკიმ პარიზში, პრეზიდენტ პუტინთან, პრეზიდენტ მაკრონთან და გერმანიის კანცლერთან შეხვედრაზე მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია. მან დაარწმუნა რუსეთი და მისი მარიონეტი სეპარატისტები (რომლებიც დონბასის ორ ინდუსტრიულ რეგიონს აკონტროლებენ) გაეცვალა ასობით ტყვე.

თუმცა მას შემდეგ პროცეში ჩიხში მოექცა, ცეცხლის შეწყვეტის ახალი შეთანხმება, რომელიც  2020 წლის ივლისში დაიდო, წელს ისევ დაირღვა. კიევი თვლის, რომ არ არის ვალდებული გამოყოფილ რეგიონებს მუდმივი ავტონომია მისცეს, რადგან შიშობს, რომ ასეთი სტატუსი ხელს შეუშლის ქვეყნის მისწრაფებას შეუერთდეს ევროკავშირსა და ნატოს, ხოლო მარიონეტული ,,რესპუბლიკები’’ უარს ამბობენ კიევს დაუთმონ რეგიონებისა და საზღვრის კონტროლი, ვიდრე არ ჩატარდება არჩევნები, რაც უკრაინაში მათი რეინტეგრაციის პირველ ნაბიჯად მიაჩნიათ.

გასულ თვეში ზელენსკიმ მოითხოვა პირისპირ მოლაპარაკება პუტინთან, რასაც ადრე თავს არიდებდა – ზელენსკის წინადადება შეხვედროდნენ წინა ხაზზე, პუტინმა უარყო და თავის მხრივ, უკრაინის პრეზიდენტს შესთავაზა საუბარი ორმხრივ ურთიერთობებზე და არა დონბასში მიმდინარე ომზე, ისიც იმ დათქმით, რომ ზელენსკი მოსკოვში ჩავა. პუტინმა დაამატა, რომ დონბასის კონფლიქტზე ზელენსკიმ მოლაპარაკებები სეპარატისტული რეგიონების პრორუს ლიდერებთან უნდა გამართოს, რასაც უკრაინის პრეზიდენტი არ აპირებს.

,,პუტინმა ყველას ნათლად დაანახა, რომ მას არ სურს რაიმე დაუთმოს ზელენსკის, რომ არაფერი ვთქვათ მშვიდობის დამყარებაზე,’’- განაცხადა კიევის უსაფრთხოების ფორუმის დირექტორმა დანილ ლუბკივსკიმ: ,,მხოლოდ კოლექტიური საერთაშორისო წნეხით შეიძლება აიძულო პუტინი გაათავისუფლოს უკრაინის დაპყრობილი ტერიტორიები.’’

ზელენსკის იმედი აქვს, რომ მოსკოვს კომპრომისისკენ ამერიკის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის როლის გაძლიერება უბიძგებს – ან საფრანგეთთან და გერმანიასთან ერთობლივად, ან ბაიდენისა და პუტინის ორმხრივი მოლაპარაკებების საშუალებით.

,,ბაიდენის ჩართვა სტრატეგიულად მნიშვნელოვანია, აშშ უნდა დაუბრუნდეს მოლაპარაკების მაგიდას, რათა მოხერხდეს უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა ორი მიმართულებით, ესაა ყირიმი და დონბასი – ეს არის გლობალური უსაფრთხოების საკითხი’’- დასძინა ლუბკივსკიმ.

 

იბეჭდება შემოკლებით.

By admin