The national interest
მას შემდეგ, რაც 27 თებერვალს სირიიის სამხრეთ-დასავლეთ პროვინცია იდლიბში ავიადარტყმის შედეგად 33 თურქი სამხედრო დაიღუპა, თურქეთის შეიარაღებული ძალების ბოლო ერთი თვის დანაკარგმა, დაახლოებით 50 კაცს მიაღწია. სავარაუდოდ, თავდასხმა რუსეთის ავიაციამ განახორციელა. ეს ინციდენტი ადასტურებს, რომ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება, რომელიც 2019 წელს სოჭში დაიდო, უმოქმედოა – მოსკოვი და ანკარა სირიაში მზარდი ესკალაციის გზას დაადგნენ.
ანკარასა და მოსკოვის ურთიერთობა არასდროს ყოფილა მარტივი. ამ ორი ქვეყანას, რამდენადაც აერთიანებს მათი პრეზიდენტების მსგავსი მსოფლხედვა, იმდენადვე ჰყოფს სტრატეგიული პაექრობა ახლო აღმოსავლეთში, ასე რომ ძნელია იწინასწარმეტყველო, თუ როგორ განვითარება კრიზისი იდლიბში.
არაერთი თვალსაზრისით, ერდოგანი და პუტინი ბუნებრივი მოკავშირეები არიან. თითოეული ცდილობს საკუთარი ქვეყნისთვის გლობალური როლის მინიჭებას, იყენებს რა ვაშინგტონის ძლევამოსილებისა და გავლენის აშკარა კლებას. ორივე მათგანი ავტორიტარულ პოლიტიკურ მიდრეკილებებს ამჟღავნებს და ამკვიდრებს ძლევამოსილი ლიდერის კულტს.
ერდოგანი და პუტინი პრაგმატიკოსებს და პოლიტიკურ რეალისტებს წარმოადგენენ, რომელთაც შეუძლიათ შეაფასონ და გამოიყენონ, ესა თუ ის, შესაძლებლობა ახლო აღმოსავლეთში საკუთარი მიზნების რეალიზაციისთვის. ამასთან, დასავლეთი გულზე არცერთს არ ეხატება. ამ მხრივ სიმბოლურია ანკარას გადაწყვეტილება, შეეძინა რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემა C-400- ის სარაკეტო კომპლექსები. ამით მან ამერიკისა და ნატოს სხვა მოკავშირეებთან ურთიერთობა მსხვერპლად შესწირა მოსკოვთან უფრო მჭიდროდ დაახლოებას.
თუმცა რუსეთ-თურქეთის დაპირისპირება უნდა შეფასდეს, როგორც დადასტურება იმისა , რომ ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობას აქვს საზღვრები, ხოლო მათი გეოპოლიტიკური მიზნები შეუთავსებელია და ამ მიზეზით ალიანსს მომავალი არა აქვს.
ანკარა კვლავინდებურად ცდილობს დაამხოს ბაშარ ასადის რეჟიმი დამასკოში და თავის თავზე იღებს მძიმე გადაწყვეტილებას, დაიცვას ამბოხებულთა უკანასკნელი ბასტიონი სირიის ჩრდილოეთში იმ სტრატეგიის შესაბამისად, რომელიც გულისხმობს თურქეთის საზღვრების დაცვას სირიელი დევნილებისგან და ბრძოლას ქურთული ფორმირებების წინააღმდეგ რეგიონში. ცნობები თურქეთის შეიარაღებული ძალების რაოდენობის შესახებ, რომელიც ანკარამ სირიის ჩრდილოეთში შეიყვანა განსხვავებულია, ბოლო პუბლიკაციით, ის დაახლოებით 15 ათასს აღწევს და ფასი, რომელსაც თურქეთი ინტერვენციისთვის იხდის სულ უფრო იზრდება.
საპირისპიროდ სამოქალაქო ომში ასადის რეჟიმის მხარდასაჭერად მოსკოვმა სირიაში მნიშვნელოვანი სამხედრო რესურსები გადაისროლა. 2015-18 წლებში, სირიის მოვლენებში, მთლიანობაში, 63 ათასი რუსი სამხედრო მონაწილეობდა და მოსკოვმა დაადასტურა ,რომ კონფლიქტის მიმდინარეობისას 116 რუსეთის მოქალაქე დაიღუპა. ასევე მოკლულია „კერძო სამხედრო კომპანია ვაგნერის“ 100 დაქირავებული მებრძოლი.
როგორც ერდოგანისთვის, ისე პუტინისთვის ძირითადი პრობლემაა ის, რომ ორივე ხარჯავს მნიშვნელოვან რესურს ურთიერთსაპირისპირო შედეგების მისაღწევად და ვერცერთი მათგანი ვერ მისცემს საკუთარ თავს იმის უფლებას, რომ გამოიჩინოს სისუსტე და რაიმე დათმოს. ერდოგანმა ბევრი გაიღო საიმისოდ, რომ ყველაფერი წარმოეჩინა ისე, რომ ანკარას შეეძლო საკუთარი ნება მოეხვია მთელი ახლო აღმოსავლეთისთვის და მარცხი იდლიბში იქნება მძიმე დარტყმა მის თავმოყვარეობასა და პრესტიჟზე, როგორც თურქეთში, ისე ქვეყნის გარეთ. პუტინისთვის სირია არის ამოსავალი იმ გეგმისა, რომლის თანახმად ვაშინგტონი უნდა განიდევნოს რეგიონიდან და მისი ადგილი უნდა დაიკავოს რუსეთმა, როგორც საკვანძო შუამავალმა ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტებში. თუ ის ვერ მოახერხებს ასადმა აღადგინოს კონტროლი იდლიბზე, მაშინ რუსეთისადმი ნდობა რეგიონში მნიშვნელოვნად შეირყევა.
27 თებერვლამდე, ერდოგანი გამოხატავდა იდლიბში არსებული წინააღმდეგობის დეესკალაციის სურვილს, მიიღო რა გერმანიისა და საფრანგეთის წინადადება, რუსეთთან 5 მარტს ამ საკითხზე სტამბულში მოლაპარაკების გაემართა. მაგრამ გასული კვირის მოვლენების შემდეგ, როგორც ჩანს, მან უფრო ხისტი პოზიციის დაკავება ამჯობინა. არსებული ინფორმაციით, პუტინთან სატელეფონო საუბრისას ერდოგანმა მოითხოვა, რომ რუსეთი არ ჩარეულიყო ანკარის წარმოებულ ბრძოლაში ასადის რეჟიმთან. პარალელურად, ანკარამ დაიწყო სამხედრო ოპერაცია „გაზაფხულის ფარი“ იდლიბში მოქმედი სირიის სამთავრობო ძალების წინააღმდეგ.
თუმცა ერდოგანმა იცის, რომ ანკარა ვერ გააბათილებს რუსეთის უპირატესობას ჰაერში. C-400-ის საბრძოლო მზადყოფნამდე გამართვა აპრილამდე ვერ მოესწრება. ის, რომ ერდოგანი სასოწარკვეთას მიეცა, ნათლად გამოჩნდა ჯერ კიდევ თებერვლის დასაწყისში, როცა მან აშშ-ს სთხოვა პეტრიოტის ორი ბატარეის თურქეთისთვის გადაცემა. ერდოგანის მცდელობა მოაგვაროს ურთიერთობა ვაშინგტონთან ძალზე მნიშვნელოვანია. მას, რა თქმა უნდა, ეს თხოვნა დიდად არ ეხალისებოდა, რადგან თავის დროზე, პეტრიოტების სანაცვლოდ რუსული C-400-ის არჩევით ვაშინგტონთან ურთიერთობა გააფუჭა, მაგრამ ეს ნათლად აჩენს, რამდენად შორს შეუძლია ერდოგანს შეტოპოს, იდლიბში უპირატესობის დასაბრუნებლად.
ანკარა თანდათან აცნობიერებს, რომ სირიასა და ლიბიაში შეიარაღებული ჩარევა მას მოკავშირეებს აკარგვინებს. საუდის არაბეთმა, არაბეთის გაერთიანებულმა საემიროებმა, ბაჰრეინმა და ეგვიპტემ გააკრიტიკეს თურქეთის სამხედრო ავანტურა სირიაში და ეს ქმედება ქვეყნის სუვერენიტეტის დარღვევად მიიჩნიეს, მიეხედავად იმისა, რომ ამ ქვეყნებიდან ზოგი, თავად ეხმარებოდა მატერიალურად სირიელ ამბოხებულებს. მას შემდეგ, რაც ანკარა დაიმუქრა ,რომ გახსნიდა ქვეყნის საზღვრებს და ევროპაში სირიელი დევნილები შეაღწევნენ, ერდოგანი უნდა ხვდებოდეს, რომ მის ქმედებას ევროპაშიც ცოტა თუ იწონებს.
პუტინს ყოველივე ეს ეცოდინება 5 მარტამდე, როცა ის ერდოგანთან მოლაპარაკებებს დაიწყებს. მოსკოვს შეუმჩნეველი არ დარჩებოდა ანკარის ბოლოდროინდელი მცდელობები შეურიგდეს ვაშინგტონს. ამასთან, პუტინს მშვენივრად ესმის, რომ ძალთა ბალანსი ანკარასთან ურთიერთობებში არ შეცვლილა და მას აქვს ზემოქმედების მეტი ბერკეტი, რომელთაც გამოიყენებს იმ შემთხვევაში, თუ სირიაში თავისას ვერ მიღწია. საგულისხმოა ისიც, რომ თავდაპირველად იდლიბის საკითხზე სტამბულში დაგეგმილი ოთხეულის შეხვედრა, გერმანიისა და საფრანგეთის მონაწილეობით, სავარაუდოდ გაიმართება მოსკოვში და მოლაპარაკების ახალი ადგილი, თავისთავად მიანიშნებს, თუ როგორია ძალთა თანაფარდობა ამ ორ სახელმწიფოს შორის.
კრიზისის მოგვარებისას გადამწყვეტი ფაქტორი იქნება ის , შეძლებენ თუ არა მოსკოვი და ანკარა მოარიგონ წინააღმდეგობრივი სტრატეგიული პრიორიტეტები, რომლებიც განსაზღვრავენ მათ ურთიერთობას და მოძებნიან თუ არა შეხების წერტილებს იდლიბის საკითხზე. ერდოგანისთვის სარისკოა ერთი რამ, პუტინმა უკვე დაამტკიცა, რომ მას შეუძლია გამოიყენოს იძულების დიპლომატია და დაიყოლიოს ერდოგანი ისეთ დათმობაზე იდლიბში, რომელიც უზრუნველყოფს რუსეთის უპირატესობას. თუმცა ბოლოდროინდელი მოვლენების გათვალისწინებით, იდლიბის საკითხზე კომპრომისული შეთანხმება უმჯობესია, ვიდრე შეთანხმების მიუღწევლობა – ამ გზით ერდოგანს და პუტინს შეეძლებათ შეაფასონ, რა უფრო ღირებულია მათთვის: თავდაპირველი მიზნები, თუ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის გაღრმავება.
კონორ დილინი