დანი როდრიკი

Project Syndicate, კემბრიჯი

ბევრ დასავლელ ეკონომისტს მიაჩნია, რომ ხელისუფლებას უჭირს გამოარჩიოს ის სფეროები, რომელიც დახმარებას იმსახურებს, ხოლო დანახარჯების დიდი ნაწილი სამამულო მომხმარებლებსა და გადასახადების გადამხდელებს ეკისრებათ. იგივე ლოგიკით, თუკი ჩინეთის მთავრობა მიზნად ისეთ ქმედებებს დაისახავს, რომელიც პირად სარგებელზე მეტ სოციალურ სარგებელს მოიტანს, მაშინ უცხოელებს უკმაყოფილების მიზეზი არ უნდა ჰქონდეთ.

ჩინეთიდან კოვიდ 19-ის ევროპასა და აშშ-ში გავრცელებასთან ერთად, პანდემიით მოცული ქვეყნები სამედიცინო ინვენტარის – ნიღბების, სასუნთქი აპარატების, დამცავი ტანსაცმლის – ნაკლებობის გამო გიჟურ აურზაურში აღმოჩნდნენ. უმეტეს შემთხვევაში, პრობლემის მოსაგვარებლად მათ ისევ ჩინეთისთვის მოუწიათ დახმარებისთვის მიმართვა.

იმ დროისათვის, როდესაც კრიზისი ამოიფრქვა, ჩინეთი უკვე პირადი უსაფრთხოების აღჭურვილობის უდიდესი მომწოდებელი იყო მსოფლიოში და ევროპისა და შეერთებული შტატების იმპორტის ნახევარი მასზე მოდიოდა. როგორც “New York Times”-ი იუწყება, ჩინეთმა სამედიცინო აღჭურვილობის ბაზარზე გაბატონებითვის გზა გაიკაფა.

როდესაც ჩინეთმა პირველად აიღო გეზი მსოფლიო ბაზრისკენ, მისი უპირატესობა პრაქტიკულად ულიმიტო მასალები და იაფი მუშახელი იყო. თუმცა,  ამჟამად ყველა აღიარებს,  რომ ჩინეთის საწარმოო გმირობა არ არის გამოთავისუფლებული საბაზრო ძალების დამსახურება.

„დამზადებულია ჩინეთში 2025“ სტრატეგიის ერთ-ერთ მიზნად, ჩინეთის მთავრობამ, მსოფლიოს სამედიცინო ინვენტარის ბაზარზე სამამულო მწარმოებლების წილის ამბიციური ზრდა დაისახა. “New York Times” დეტალურად ხსნის, როგორ უზრუნველყო ხელისუფლებამ ჩინური საწარმოები იაფი მიწით, როგორ გაახანგრძლივა სუბსიდირებული სესხები, როგორ მიმართა სახელმწიფო საწარმოები საკვანძო მასალების წარმოებისკენ და ფირმებისა და საავადმყოფოებისთვის ადგილობრივი ნაწარმის მოხმარების მოთხოვნით, როგორ დაასტიმულირა სამამულო მიწოდების ჯაჭვები.

მაგალითად, სიჩუანს, ჩინეთის სიდიდით მეორე პროვნიციას, იმპორტისთვის ნებადართული სამედიცინო ინვენტარის კატეგორიების რაოდენობა გაუნახევრდა. საავადმყოფოების უმეტესობა ვალდებულია ადგილობრივი რესურსები გამოიყენოს, ინვენტარის უცხოეთიდან შემოტანის ნებართვა კი მხოლოდ წამყვან საავადმყოფოებს აქვთ.

დასავლური მედია კი გაჯერებულია მოსაზრებებით „ჩინეთის სწრაფვაზე, გავლენა ჰქონდეს მნიშვნელოვან კბილანებზე გლობალურ ინდუსტრიულ მექანიზმში“ (ისევ “New York Times-ის“ სიტყვებით). ჩინეთის როლი მსოფლიო ეკონომიკაში სულ უფრო მეტად არის დახატული, არა როგორც „doux commerce-ს“ მსგავსი, არამედ როგორც იმპერიული აგრესიის მატარებელი. ამაში თავისი წვლილი ჩინეთის პრეზიდენტის, სი ძინპინის მზარდ ავტორიტარიზმსა და აშშ-სთან დაძაბულ სავაჭრო კონფლიქტებსაც შეაქვს.

სტრატეგიული და გეოპოლიტიკური დაძაბულობა აშშ-სა და ჩინეთს შორის ნამდვილად არსებობს. მისი საფუძველი ჩინეთის მზარდ ეკონომიკურ და სამხედრო ძალასა და აშშ-ს ლიდერების მხრიდან მსოფლიოს მულტიპოლარულობის საჭიროების არაღიარებაშია. მაგრამ არ უნდა დავუშვათ, ეკონომიკა გეოპოლიტიკის მძევლად გადაიქცეს, ან კიდევ უარესი, გააძლიეროს სტრატეგიული მეტოქეობა.

პირველ რიგში, უნდა ვაღიაროთ, რომ შერეული ეკონომიკის მოდელი ყოველთვის იყო ჩინეთის ეკონომიკური წარმატების საფუძველი. თუკი ჩინეთის ეკონომიკური სასწაულის ერთი ნახევარი გვიანი 1970-იანი წლების შემდეგ მისმა ბაზრებზე ორიენტირებამ შექმნა, მეორე ნახევარი სამთავრობო პოლიტიკის დამსახურებაა, რომელიც იცავდა ძველ ეკონომიკურ სტრუქტურებს (მაგალითად, სახელმწიფო საწარმოებს) და ინდუსტრიული პოლიტიკის დიდი ასორტიმენტის საშუალებით ავითარებდა ახალ მრეწველობებს.

ბუნებრივია, ყველაზე დიდი სარგებელი ჩინელმა ხალხმა მიიღო, განიცადა რა სიღარიბის უსწრაფესი ვარდნა ისტორიაში. მაგრამ ეს მოგება დანარჩენი მსოფლიოს ხარჯზე არ მოსულა. ზრდაზე ორიენტირებული პოლიტიკა, რომელიც დღეს სხვა ქვეყნების რისხვას იმსახურებს, გახდა მთავარი მიზეზი, რამაც ჩინეთი უზარმაზარ ბაზრად აქცია დასავლელი ექსპორტიორებისა და ინვესტორებისთვის.

მაგრამ არის თუ არა ჩინეთის ინდუსტრიული პოლიტიკა, განსაკუთრებით, სამედიცინო ინვენტარის ბაზარზე, კონკურენტების მიმართ უსამართლო?

ასეთი ვერდიქტის გამოტანამდე სიფრთხილე გვმართებს. ინდუსტრიული პოლიტიკის სტანდარტული გამართლება ის არის, რომ ახალი ინდუსტრიები ქმნის ცოდნასთან დაკავშირებულ დადებით გარე ეფექტებს, ტექნოლოგიურ ექსტერნალიებს და სხვა მრავალ სოციალურ სარგებელს, რომელიც სახელმწიფოს მხარდაჭერას საჭიროებს. მაგრამ, ბევრ დასავლელ ეკონომისტს მიაჩნია, რომ ხელისუფლებას უჭირს გამოარჩიოს ის სფეროები, რომელიც დახმარებას იმსახურებს, ხოლო დანახარჯების დიდი ნაწილი სამამულო მომხმარებლებსა და გადასახადების გადამხდელებს ეკისრებათ. სხვა სიტყვებით, თუ ჩინეთის ინდუსტრიული პოლიტიკა არასწორი მიმართულებით წარიმართება, ამით ისევ ჩინეთის ეკონომიკა დაზარალდება.

იგივე ლოგიკით, თუკი ჩინეთის მთავრობა მიზნად ისეთ ქმედებებს დაისახავს, რომელიც პირად სარგებელზე მეტ სოციალურ სარგებელს მოიტანს, მაშინ უცხოელებს უკმაყოფილების მიზეზი არ უნდა ჰქონდეთ. ეკონომისტები ამას „საბაზრო ჩავარდნის გამოსწორებას“ უწოდებენ. უცხოელების მხრიდან ჩინეთის მთავრობისთვის ასეთი პოლიტიკის დაბლოკვის სურვილი იმდენადვეა აზრს მოკლებული, რამდენადაც კონკურენტისთვის ხელის შეშლა ბაზრის გათავისუფლებლებაში.

ეს საკითხი განსაკუთრებით მართებულია, როდესაც ექსტერნალია გლობალური ხასიათისაა, როგორც, მაგალითად, კლიმატის ცვლილების შემთხვევაში. ჩინეთის მიერ მზის პანელებისა და ქარის ტურბინების წარმოებაში განხორციელებულმა სუბსიდიებმა დასწიეს განახლებადი ენერგიის წარმოების ხარჯი, რაც მთელი მსოფლიოსთვის უზარმაზარი სარგებელია.

ინდუსტრიული პოლიტიკის ეკონომიკა კიდევ უფრო რთულდება, როდესაც ადგილი აქვს მონოპოლიებს და ფირმების მიერ ბაზარზე ბატონობას. ინდუსტრიული პოლიტიკის შეზღუდვა გამართლებულია, როდესაც ის შესაძლებელს ხდის საბაზრო ძალაუფლებით სარგებლობას დანარჩენი მსოფლიოს ხარჯზე.

მაგრამ ჩინურ კომპანიებს იშვიათად ადანაშაულებენ ფასების ხელოვნურად შენარჩუნებაში, რაც, თავის მხრივ, საბაზრო ძალაუფლების ნიშან-თვისებაა. მეტიც, ხშირად საქმე პირიქითაა. ასეთი მოსაზრება აშშ-სა და ევროპის კომპანიებს უფრო შეესაბამება, რომლებიც ხშირად არიან მთავარი მოთამაშეები მაღალტექნოლოგიურ ბაზარზე.

არც ერთი ზევით აღნიშნული არგუმენტი არ გამოდგება საიმისოდ, რომ სანამ ჩინეთი კიდევ უფრო მაღალკვალიფიციურ წარმოებებში გადაინაცვლებს, სხვა ქვეყნები უმოქმედოდ იყვნენ გაჩერებულნი. აშშ-ს, მაგალითად, წარმატებული ინდუსტრიული პოლიტიკის ხანგრძლივი ისტორია აქვს, განსაკუთრებით თავდაცვის ტექნოლოგიებში. ამჟამად შეერთებული შტატების პოლიტიკაში ყველა თანხმდება, რომ ქვეყანას უფრო მკაფიო ინდუსტრიული პოლიტიკა სჭირდება, რომლის მიზნებშიც კარგი სამუშაო ადგილები, ინოვაციები და მწვანე ეკონომიკა იქნება. აშშ-ს სენატის მთავარმა დემოკრატმა, ჩაკ შუმერმა წამოსწია კანონპროექტი მომავალი 5 წლის განმავლობაში.ახალ ტექნოლოგიებზე 100 მილიარდი დოლარის დახარჯვის შესახებ.

აშშ-სა და ევროპაში ინდუსტრიულ პოლიტიკისთვის გაჩენილი ახალი ბიძგი ჩინეთის „საფრთხედ“ აღქმით არის მოტივირებული. მაგრამ ეკონომიკური მსჯელობა გვიჩვენებს, რომ ეს მცდარი ფოკუსია. საჭიროებები და მოქმედების საშუალებები საშინაო სფეროში იმალება. მიზანი უნდა იყოს უფრო მეტად მწარმოებლური, მეტად ინკლუზიური ეკონომიკის აშენება საკუთარ სახლში და არა ჩინეთის დაჯაბნა კონკურენტუნარიანობაში ან მისი ეკონომიკური პროგრესის აღკვეთა.

By admin

error

Enjoy this blog? Please spread the word :)

RSS
Follow by Email