Гордон უკრაინა
სერგეი ფურსა
დონალდ ტრამპი. ამასაც მოვესწარით. სამყარო ჩვენსკენ ისევ ზურგით მოტრიალდა…
პუტინი ზეიმობს, ზეიმობს ორბანიც, მასკი კი შამპანურს ხსნის. დღესასწაული დადგა ბევრი უსიამოვნო ადამიანისთვის
ერთადერთი, რაც უნდა გვიხაროდეს – ტრამპის გაპრეზიდენტება იმდენად ცუდია, განსაკუთრებით უკრაინისთვის, რომ უარესის წარმოდგენაც კი ჭირს. ასე რომ, ისღა დაგვრჩენია, ველოდოთ სასიამოვნო სიურპრიზს.
მოლოდინი – ყოველთვის მნიშვნელოვანია. შეგიძლია, რამდენიც გინდა იმდენჯერ შეიშმუშნო და საკუთარ თავს ჰკითხო: „როგორ შეიძლებოდა, ეს მომხდარიყო“, როგორ შეიძლებოდა ეს კაცი, ასეთი გარემოცვითა და ამდენი ცოდვით დამძიმებული, მეორედ აერჩიათ ასეთი ქვეყნის მეთაურად? ხომ არ მოასწავებს ეს კრიზისს, კრიზისს თავად აშშ-ში?..
შეიძლებოდა ასე არ მომხდარიყო, მაგრამ უკრაინელებს ამას არავინ ეკითხებათ…
…უკრაინელებს, რომლებმაც პრეზიდენტად აირჩიეს სერიალის გმირი, უკრაინელებს, რომლებმაც ცოტა ხნის წინ აირჩიეს ორჯერ ნასამართლები პრეზიდენტი, იმ უკრაინელებს, რომლებსაც არ შეიძლება საყვედური დასცდეთ ამერიკელებზე, რადგან მათ, აქ უკრაინის დედაქალაქში, ორჯერ გაამარჯვებინეს ჩერნოვეცკისა და მის ახალგაზრდა გუნდს, რომლის მუშაობის შედეგები დღემდე თვალსაჩინოა, უფრო ზუსტად, იარებად ატყვია ქალაქს სახეზე. უკრაინელები, სხვაზე უკეთ უნდა მიხვდნენ, რაც ხდება. რეფლექსიები კი მივანდოთ ამერიკელ ინტელექტუალებს. მათ საამისოდ მთელი 4 წელი აქვთ.
კი მაგრამ ეს უკრაინაა, ის კი აშშ, იკითხავთ თქვენ. ამ დილის აღმოჩენა კი ისაა, რომ მსოფლიოში უფროსები აღარ არსებობენ.
შეძლებენ კი აშშ-ში, გადაიტანონ, გადახარშონ ტრამპის ხელახალი მოვლინება? იმედი ვიქონიოთ, რომ ასე იქნება. თავისუფალ სამყაროს სჭირდება ძლიერი პოლიციელი, თავისუფალ სამყაროს სჭირდება ლიდერი. ახლა კი თავისუფალ სამყაროს მოუწევს გაუძლოს დიდ გამოცდას. ტრანსატლანტიკური ერთიანობის გამოცდას. თავისი ღირებულებების ერთგულების გამოცდას. ეს კი იმის საშუალებას ტოვებს, რომ ავტოკრატებმა წამოყონ თავები.
ასე რომ ველოდებით, ტრამპმა ხომ თქვა, რომ კონფლიქტს 24 საათში დაასრულებდა. ვაჟკაცმა თუ სიტყვა თქვა…