Fakt პოლონეთი
რობერტ ფონტე როლდანი
რადოსლავ სიკორსკიმ – ინტერვიუ მისცა ბი ბი სი-ს. პოლონეთის საგარეო უწყების მეთაურმა ისაუბრა უკრაინის კონფლიქტზე, პოლონელი ჯარისკაცების იქ გაგზავნასა და ნატოს წევრი ქვეყნების მხრიდან, თავდაცვის ხარჯების გაზრდის შესახებ
კითხვაზე, თუ რამდენად დიდი საფრთხე ემუქრება პოლონეთს რუსეთის მხრიდან, სიკორსკიმ უპასუხა: ის არ თვლის რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს, იმდენად წინდაუხედავად, რომ მან ნატოს წევრ-ქვეყანას შეუტიოს, თუმცა იქვე აღნიშნა, რომ რუსეთის პრეზიდენტი, არც იმდენად გამჭრიახი აღმოჩნდა, მიმხვდარიყო, რომ არ ღირდა უკრაინაზე თავდასხმა და მისი სამხედრო დამნაშავედ გამოცხადება.
სიკორსკი: ჩვენ ნატოში მშპ-ს ყველაზე დიდი პროცენტს ვხარჯავთ
საფრანგეთის პრეზიდენტის – ემანუილ მაკრონის განცხადების კომენტირებისას (უკრაინაში დასავლური კონტიგენტის შესაძლო გაგზავნის შესახებ), სიკორსკიმ შენიშნა, რომ უმჯობესია, პუტინი აღმოჩნდეს ისეთ სიტუაციაში, როცა მას არ ეცოდინება, რას მოიმოქმედებს დასავლეთი, ამდენად არაა საჭირო, მოვლენათა განვითარების რომელიმე ვარიანტის გამორიცხვა.
კითხვაზე, განიხილავს თუ არა პოლონეთი თავისი ჯარისკაცების გაგზავნას უკრაინაში, საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა: „ჩვენ არ ვაპირებთ კარტის გადმოშლას, უფლებას ვუტოვებთ პრეზიდენტ პუტინს, იმკითხაოს, თუ რას ვიღონებთ“. „ჩვენ ვხარჯავთ მშპ-ს ყველაზე დიდ წილს ნატოში – 4%-ს, მომავალ წელს კი შესაძლოა უფრო მეტიც გავიღოთ“ – შეგვახსენა სიკორსკიმ.
მინისტრმა გამოთქვა კმაყოფილება, რომ ამერიკის კონგრესმა, როგორც იქნა, დაადასტურა უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გამოყოფა.
„უკრაინას უკიდურესად სჭირდება საზენიტო ჭურვები, რათა დაიცვას საკუთარი მრეწველობა, თავისი ელექტროსადგურები და ინფრასტუქტურა. ვფიქრობ, გაცილებით გონივრულია ფული დავხარჯოთ უკრაინის დაცვაზე, ვიდრე შემდგომში, მის აღდგენაზე“ – თქვა სიკორსკიმ.
მან აღიარა, რომ უკეთესი იქნებოდა ამერიკული კანონი, დახმარების შესახებ ადრე მიღებულიყო, თუმცა ასევე აღნიშნა, რომ ეს დახმარება უკვე გზაშია.
„ვფიქრობ, პრეზიდენტ პუტინს მართებს აღიაროს, რომ მისი სპეცოპერაცია იყო შეცდომა და გადახედოს საკუთარ გეგმებს იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენ დავეხმარები უკრაინას იმდენ ხანს, რამდენიც მას დასჭირდება.
მან ასევე დასძინა, რომ კონფლიქტი დასრულდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ რუსეთის პრეზიდენტი მიხვდება, რომ დანაკარგი, (როგორც ცოცხალი ძალის მხრივ, ისე ფინანსური თვალსაზრისით) უფრო მაღალია, ვიდრე ის მიზანი, რომლის მიღწევასაც ის ცდილობს. მინისტრმა გამოთქვა აზრი, რომ პუტინს კიდევ დასჭირდება გარკვეული დრო, რომ მან ეს გაიაზროს.
კითხვაზე, შესაძლებელია თუ არა დიპლომატიური ძალისხმევის ხარჯზე კონფლიქტის დასრულება, სიკორსკიმ უპასუხა: „შუამავლების დეფიციტი არ არსებობს. ეს შეიძლება იყოს თურქეთი, გაერო… რაც შეეხება ჩინეთს, მას მართლაც შეუძლია აიძულოს პუტინი, დაასრულოს ეს კონფლიქტი, ამასთან ვერ ვხედავ იმის ნიშნებს, რომ რუსეთის ლიდერს მოლაპარაკების სურვილი ჰქონდეს.“ რადოსლავ სიკორსკი ირწმუნება, რომ ევროკავშირს შეუძლია უკრაინის გაცილებით მეტად დახმარება, თან იქვე დაამატა, რომ უკრაინის ფინანსური მხარდაჭერის კუთხით, ევროკავშირის მხარდაჭერა აღემატება ამერიკული დახმარების მოცულობას.