Spread the love
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  

The American Mind   აშშ

კატია სედჟვიკი

 გამოცნობა იმისა, რომ პუტინს კიდევ ერთი ვადით აირჩევდნენ, ძნელი არ იყო. მანაც გაიმარჯვა ხმათა 87% -ით, თან ისე, რომ გამოცხადება 74%-ს შეადგენდა – ამით პუტინმა საკუთარი რეკორდი დაამხო. რა შენიშვნებიც არ უნდა გქონდეს   არჩევნების მიმართ, რაც პუტინის კრიტიკოსებს სჩვევიათ, ერთი რამ ცხადია, ჩვეულებრივ რუსებს – მოსწონთ ავტორიტარი ლიდერი. დემოკრატიული ინსტიტუტების დეფიციტი ისეთ ქვეყანაში, როგორიცაა რუსეთი, არ შეიძლება გააიგივო სახალხო მხარდაჭერის ნაკლებობასთან, ეს საკითხი გაცილებით ღრმა კვლევას საჭიროებს                  

კონკურენტული ბრძოლა არჩევნებში არ ყოფილა. ლიბერალი მეტოქეები, თავდაპირველად, პირველი ვიცე-პრემიერი ბორის ნემცოვი და შემდეგ კი, ანტიკორუფციული მოძრაობის აქტივისტი ალექსეი ნავალნი, ბოლო ათწლეულის განმავლობაში – თავიდან მოიშორეს. სიკვდილამდეც, ისინი პუტინისთვის არ წარმოადგენდნენ რაიმე საფრთხეს. 2015 წელს მოკლული ნემცოვი,  რომელმაც პოლიტიკური საქმიანობა  პროვინციულ ნიჟნი ნოვგოროდში დაიწყო, სიცოცხლეშივე იქცა 90-იანი წლების ლიბერალური წარსულის გადმონაშთად. იმიერპოლარულ კოლონიაში დაღუპულ ნავალნის რაც შეეხება, მისთვის არც კი დაურეკავთ საარჩევნოდ პარტიის რეგისტრაციისთვის და საერთოდ მოსკოვისა და პეტერბურგის გარეთ, მისი სახელი, არავის ეუბნებოდა რაიმეს.

დიახ, ისინი დაიხოცნენ ისე, რომ არ ჰქონდათ არავითარი პერსპექტივა. პუტინი კი თანმიმდევრულად განაგრძობდა სახელისუფლებო ვერტიკალის გაძლიერებას. მან მოთოკა ოლიგარქები და პარალელურად გააუქმა გუბერნატორის პირდაპირი არჩევნები. ამერიკაში – შტატი წარმოადგენს ნახევრად სუვერენულ „დემოკრატიის ლაბორატორიას“, ხოლო რუსეთის უზარმაზარ ტერიტორიებს განაგებენ მოსკოვის დანიშნული პირები. ძალაუფლება თავმოყრილია კრემლის კარზე მიღებული „დიდებულების“ მცირე ჯგუფის ხელში, ხოლო საპარლამენტო თანამდებობებზე თვინიერთა ამალა ჰყავთ გამწესებული. ვინაიდან საზოგადოებრივ დისკუსიებში ტონს სახელმწიფოს  დაქვემდებარებული მასმედია იძლევა, არჩევნები წმინდა წყლის რიტუალად იქცა. რუსები დიდი ენთუზიაზმით აძლევენ ხმას კაცს, რომელიც უძღვება აღლუმს, აგერ უკვე მეოთხედი საუკუნეა. პუტინის უცვლელი მმართველობა, მათში ბადებს სტაბილურობისა და თანამონაწილეობის განცდას, რაც გამოიხატება უზარმაზარი ქვეყნის მაცხოვრებელთა  მოზომილ და უცვლელ მოთხოვნებში ზოგადად ხელისუფლების მიმართ. ამ ქვეყნის მოქალაქეების წარმოდგენა, მჭიდროდ არის გადაწნული რუსეთის კოლექტივისტურ შეგნებასთან და ის სათავეს იღებს ცარისტული ეპოქის სასოფლო თემების მსოფლხედვიდან.

რაკი პუტინის ყველა მეტოქემ ფინიშის ხაზი  ერთნიშნა ციფრებით გადაკვეთა, არაფერი დრამატული არჩევნებზე არ მომხდარა, თუ არ ჩავთვლით ერთ მუჭა მოწინააღმდეგეებს, რომელთაც პიროვნული პროტესტი ბიულეტენების გაფუჭებით გამოხატეს (ზოგიერთმა საარჩევნო ურნაში მელანი ჩაასხა). ამან პირიქით, კიდევ უფრო გაამყარა 71 წლის პუტინისა და მისი რეჟიმის ლეგიტიმურობა – რაკი სხვა მოწინააღმდეგე, გარდა ხელმოცარული მავნებლებისა, მას აღარ დარჩა. მათ ფონზე, პრეზიდენტი კიდევ უფრო ღირსეულ და ძლევამოსილ პოლიტიკოსად წარმოჩნდა.

მე ვერ შევუდგები იმის მტკიცებას, რომ რუსები განსაკუთრებით მოწყვლადი არიან მანიპულაციების მიმართ და რომ მათ სარგებელი არ უნახავთ პუტინის მმართველობისგან. სსრკ-ს დაშლის შემდეგ, ქვეყანა გაჭირვებასა და ქაოსში ჩაიძირა. ადრინდელი ბაზარი მოიშალა, ოლიგარქებმა დაიტაცეს რესურსები და ჩაებნენ მაფიოზურ გარჩევებში, საწარმოები თვეობით ვერ იხდიდნენ სახელფასო დავალიანებას, ლოთები გვხვდებოდნენ ყოველ კუთხეში, შობადობა დაეცა… ლიბერალებმა ამ ვითარებას ვერაფერი მოუხერხეს, პუტინმა კი მოიტანა სტაბილურობა, თანაც ისე, რომ პოსტსაბჭოთა საბაზრო რეფორმების ხაზი არ გადაუკვეთავს. თაკერ კარლსონმა ამასწინათ აჩვენა სუპერმარკეტი რუსეთში – პუტინის მმართველობის მესამე ათწლეულისდროინდელი ეს სავაჭრო ცენტრი, არაფრით განსხვავდება დასავლური სასურსათო ობიექტისგან. საბჭოური ეპოქის ქრონიკული დეფიციტის ეპოქა – წარსულს ჩაბარდა, ისე, როგორც პოსტსაბჭოთა არასტაბილურობის პერიოდი.

მეტიც, პუტინმა რუსეთი  მსოფლიო არენაზე  – მსხვილ მოთამაშეთა შორის დააბრუნა, მიიერთა ყირიმი, რითაც ხელში ჩაიგდო, წლის განმავლობაში უწყვეტად მომუშავე პორტი, ეს კი ასერიგად საჭიროა მეტ-ნაკლებად იზოლირებული იმპერიისთვის – ის არის ფარი შემდგომი დაშლის, სიღარიბისა და ისტორიული გამოწვევებისგან თავდასაცავად. ეს ყველაფერი მიღწეულ იქნა რიგითი რუსების განსაკუთრებული მსხვერპლშეწირვის გარეშე, ყოველ შემთხვევაში, არა ისე, როგორც  მეორე მსოფლიო ომში, რომელიც მთავარი ისტორიული ორიენტირია რუსებისთვის.. პუტინის ხელახლა არჩევა სპექტაკლადაც რომ მივიჩნიოთ, ფაქტია, რომ რუსებს ეამაყებათ  პუტინის მმართველობის ქვეშ ყოფნა.

რუსების იმედგაცრუება ევროპული და ამერიკული მოდელებით, სულაც არ მოდის წინააღმდეგობაში პუტინის პროექტთან. მოსახლეობას კარგად ახსოვს სსრკ-ს შემდგომ პერიოდში, მათი ქვეყნის აბუჩად აგდება და აშშ-ს წვლილი უკრაინასთან ურთიერთობის გაფუჭებაში.

მთელი მისი მმართველობის განმავლობაში, პუტინი ირწმუნებოდა, რომ ქვეყანა, რომელსაც ის განაგებს, ჯერ კიდევ განვითარებადი დემოკრატიაა, რომელსაც აქვს უნიკალური გეზი და ის უნდა გაემიჯნოს დასავლურ ინდივიდუალიზმს. მაგრამ რა ელის თვითმართველობას ინდივიდუალიზმის გარეშე? 90-იან წლებთან შედარებით, ინდივიდუალური თავისუფლებები შეკვეცილია, მოქალაქეთა შესაძლებლობები, რაიმე შეცვალონ საზოგადოებაში  – მინიმუმამდეა დაყვანილი, კორუმპირებული ფუნქციონერები კი ქრთამს კვლავინდებურად დაუბრკოლებლად იღებენ. რუსეთის ხელისუფლება იცავს საკუთარ ძალაუფლებას ისეთი კაცებისგან, როგორიც იყო ნავალნი,  რომლებიც გამოწვევაა მათი რეჟიმისთვის, ამდენად მმართველმა ძალამ შექმნა მექანიზმები, რათა მათი განეიტრალება მოხდეს საწყის ეტაპზევე.

ის, რომ რუსული დემოკრატია განწირული იყო, აშკარად ჩანდა ჯერ კიდევ 2008 წელს, როცა პუტინმა მას საჯაროდ დასცინა. საკონსტიტუციო შეზღუდვებისთვის გვერდი რომ აევლო, მან მოიყვანა დმიტრი მედვედევი და თავად პრემიერ-მინისტრად  დარჩა.  თუმცა, ისედაც ყველამ იცოდა, ვის ხელში იყო რეალური ძალაუფლება. საპრეზიდენტო უფლებამოსილების ამოწურვისთანავე, მედვედევმა პოსტი პუტინს მიუბრუნა და ეს მოხდა ყველა ფორმალობის სრული დაცვით. რუსმა ამომრჩეველმა კი ამ მაქინაციებს მხარი დაუჭირა.

ახლა, 2024 წელს, ისე ჩანს, რომ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, რუსებმა უკეთ და უფრო მდიდრულად დაიწყეს ცხოვრება. სსრკ-ს შემდგომი, ქვეყნის ნგრევის პირველი ველური ათწლეული დასრულდა. შემცირდა ალკოჰოლიზმისა და ნარკომანიის დონე, თუმცა ოჯახის ინსტიტუტი კვლავ სულს ღაფავს, დემოგრაფიული პერსპექტივა კი ბუნდოვანია. რუსეთის ბოლოდროინდელი სამხედრო წარმატებები – უკრაინასა და სხვა ადგილებში, შესაძლოა დროებითი აღმოჩნდეს. ასეთ ვითარებაში, პრობლემების გადაწყვეტა –  რუსეთის სხვა მმართველებს მოუწევთ.

როგორც საბჭოური წარმოშობის ემიგრანტი, რა თქმა უნდა იმედგაცრუებული ვარ იმით, რომ რუსეთი ვერაფრით გახდა დემოკრატიული ქვეყანა. თუმცა თავად რუსებს სრულად აკმაყოფილებთ ამგვარი წესრიგი. მე გაცილებით მაწუხებს სახელისუფლებო ვერტიკალის განმტკიცება და  ინდივიდუალურ თავისუფლებათა დამცრობა აშშ-ში, ასევე ამერიკული ცხოვრების წესის კრახი, რომელიც ტრადიციულად ეფუძნებოდა მოწესრიგებულ თავისუფლებასა და პიროვნულ სუვერენიტეტს.

 

 

By admin

You missed