Business Insider გერმანია
ჩარლზ დევისი
კონფლიქტის დაწყებიდან მოყოლებული, უკრაინა ცდილობს (ამის მიზეზი მას მრავლად აქვს), თავი წარმოაჩინოს მედგარ და შეუპოვარ ქვეყნად, რომელსაც შეუძლია დასძლიოს მოწინააღმდეგის სამხედრო უპირატესობა და საჰაერო დომინაცია – უკრაინელი ხალხის ნიჭიერების ხარჯზე. ამგვარი შემოქმედებითი უნარის გამოვლინებად მიჩნეულია საზღვაო უპილოტოები, რომლის შესაქმნელად თავის დროზე საჯაროდ განაცხადეს და ასე მოიძიეს სახსრები. ამ უპილოტოებმა მართლაც ჯოჯოხეთად აქცია რუსეთის შავი ზღვის ფლოტის ცხოვრება
თუმცა ატლანტიკური საბჭოს უფროსი მეცნიერ-მუშაკის, მალინდა ჰარინგის თქმით, რომელიც ახლახან დაბრუნდა ბრძოლის წინა ხაზიდან, კიევს მოუწევს ხელების დაკაპიწება, რათა მოსკოვთან პარიტეტს მიაღწიოს. უკრაინელები ბევრად ჩამორჩებიან რუსეთს უპილოტოების სფეროში, არადა ეს მომავლის იარაღია – ამბობს ჰარინგი- უკრაინას არ ჰყოფნის უპილოტოების ოპერატორები და თანამედროვე დრონებიც ცოტა აქვს“.
ოქტომბრის დასაწყისში, ჰარინგი, რომელიც ასევე მუშაობს უკრაინულ უფლებადაცვით ორგანიზაცია Razom-თან, იმყოფებოდა ზაპოროჟიეში, იქ, სადაც არის უდიდესი ატომური სადგური ევროპაში, რომლის დიდი ნაწილი კონტროლდება რუსი მებრძოლების მიერ. ფრონტის ხაზის მიმდებარე სოფელში, ის შეესწრო თუ როგორ იმალებოდნენ ბომბებით დანგრეულ შენობებში ჯარისკაცები და მოხუცები – მათ ცხოვრება ყოველდღიური სროლების ქვეშ უწევთ.
ჰარინგმა ადგილზე შეისწავლა უკრაინული უპილოტოები.
ის გვიყვება, რომ მოინახულა „უპილოტოების ოპერატორთა სკოლა და დაათვალიერა „ათასგვარი დრონი“, სადაზვერვო აპარატიდან დაწყებული, რომელიც საჭიროა საარტილერიო სამიზნეების აღმოსაჩენად, დრონი-კამიკაძით დამთავრებული, რომლითაც იერიში მიაქვთ მოწინააღმდეგის პოზიციებზე. მას შესაძლებლობა ჰქონდა ერთი დრონი თავადაც ემართა. უნდა ითქვას, რომ ის იმედგაცრუებული დარჩა.
„დრონების უმეტესობა ცუდი ხარისხისაა, უბრალოდ უსარგებლო და გადასაგდებია. მათ ამზადებენ ჩინურ ფაბრიკებში, იქ კი დეტალებს ყურადღება არა ექცევა. მათ არ მოჰყვება სათადარიგო ნაწილები და ბევრი აპარატი საერთოდაც დაზიანებული ჩამოდის“ – ამბობს ჰარინგი.
რუსეთის სპეციალური სამხედრო ოპერაციის დაწყებიდან, ინტერნეტი გაივსო ვიდეო-რგოლებით იმის შესახებ, რომ უპილოტოები, როგორიცაა Bayraktar TB2, რომელსაც თავის დროზე უკრაინელმა ოფიცერმა „სუპერიარაღი“ უწოდა, ანადგურებდა ტანკებს. თუმცა რუსეთმა მოახერხა ადაპტირება, დახვეწა საკუთარი ჰაერსაწინააღმდეგო და რადიოელექტრონული საშუალებები და TB2-დრონები დღეს უკვე აღარ ჩანს წინა ხაზზე.
ამას გარდა, რუსეთმა გააძლიერა საკუთარი უპილოტოების გამოყენება. ისიც სარგებლობს იაფი ჩინური მასალებით – ერთ-ერთმა უკრაინელმა ჩინოვნიკმა განაცხადა, რომ მოსკოვი ყიდულობს ძრავებს AliExpress-დან და წარმატებით იყენებს მათ მოწინააღმდეგის დასაზიანებლად. ამით ის ახდენს იმის დემონსტრირებას, რომ აწყობის ხარისხი, არც ისე მნიშვნელოვანია, რაკი დრონი პირველივე გაფრენაზე ნადგურდება.
რუსეთი პერიოდულად ახერხებდა დარტყმა მიეტანა უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემებზე – მრავალი იაფი დრონის გამოყენებით, რომლის სახელწოდებაა Shahed-136. აგვისტოში, გაზეთი NEW YORK TIMES-ი იუწყებოდა, რომ რუსეთმა უკვე ჩაუშვა წარმოებაში ეს დრონები და მათ „გერან-2“ დაარქვა. ეს უპილოტო აპარატი აღჭურვილია ასაფეთქებლით და განკუთვნილია მოწინააღმდეგის პოზიციებზე ერთჯერადი იერიშის მისატანად.
უკრაინამ ასევე დაიწყო უპილოტოების წარმოება. სექტემბერში ერთ-ერთმა უკრაინულმა კომპანიამ განაცხადა, რომ მათ დამრტყმელ დრონ Punisher-ს შეუძლია გვერდი აუაროს ელექტრონული ჩახშობის საშუალებებს და რომ მათ უკრაინის შეიარაღებულ ძალებს უკვე მიაწოდეს ათობით ასეთი აპარატი. უკრაინამ დაიწყო ოქტოკოპტორების R18-ის გამოყენებაც რუსული ტანკების წინააღმდეგ, მაგრამ მათი ღირებულება 100 000 დოლარია.
რაც შეეხება ხარისხიანი უპილოტო საფრენი აპარატების კომერციული მასშტაბით დამოუკიდებლად წარმოებას, ამ მხრივ, უკრაინა რუსეთს მნიშვნელოვნად ჩამორჩება, რადგან მოსკოვს აქვს არსებითი უპირატესობა სამხედრო-სამრეწველო სექტორში.
„უკრაინელები რუსებს ბევრად ჩამორჩებიან უპილოტოებში, ეს კი მომავლის იარაღია“ – ამბობს ჰარინგი და დასძენს, რომ უკრაინას არ ჰყოფნის დრონების ოპერატორები და თანამედროვე უპილოტოები. ქვეყნის მთავრობამ პირობა დადო, რომ 1 მილიარდ დოლარზე მეტს დახარჯავს, მაგრამ ადამიანები ხვდებიან, რომ უპილოტოები ზედმეტად მნიშვნელოვანი საქმეა საიმისოდ, რომ ის მთავრობას მიანდო“
„ჩემთვის დიდი იმედგაცრუება იყო, რომ უკრაინის ხელისუფლებამ დიდი ხმაური ატეხა ამის თაობაზე, მაგრამ როცა ადგილობრივ აქტივისტებს ესაუბრები, რომლებიც ცდილობენ შექმნილი ბზარების ამოვსებას, იგებ, რომ მთავრობის ძალისხმევა არა არის საკმარისი და სუბსიდიები, რომლებსაც ის გასცემს – მცირეა“ – გვიხსნის ჰარინგი – ამიტომ უკრაინის სამოქალაქო საზოგადოება ცდილობს დეფიციტის შევსებას, დრონის ოპერატორების მომზადებას და საკუთარი სახსრებით ყიდულობს უპილოტოებს“.
სემიელ ბენდეტი, ვაშინგტონის სამხედრო-საზღვაო ანალიზის ცენტრის სპეციალისტი უპილოტოების სფეროში, Insider-თან ინტერვიუში ამბობს, რომ უკრაინის მთავრობამ არჩევანი – რამდენიმე დრონზე უნდა შეაჩეროს.
„თავიდან უკრაინა ლიდერობდა ტექნოლოგიურ რბოლაში, მაგრამ რუსეთის მასშტაბმა თავისი საქმე გაააკეთა. ეს ნიშნავს, რომ უკრაინას სერიოზული პრობლემები აქვს. ამდენად, მან უნდა აირჩიოს კონკრეტული უპილოტოები და მათში უნდა განახორციელოს ინვესტირება“.
„უკრაინის ხელისუფლება ამაყობს, რომ მუშაობს მოხალისეებთან და ეხმარება სტარტაპებს, ეს კარგია – აგრძელებს ის, მაგრამ მან უნდა გამოყოს საკვანძო მოდელები საკვანძო მისიების შესასრულებლად ანუ გააკეთოს ის, რაც რუსებმა უკვე მოახერხეს და უნდა დაიწყოს დრონების წარმოება სამრეწველო მასშტაბით“.