The American Conservative აშშ
ჯეიმს კარდენი
ურთიერთობის „ისრაელური მოდელი“, ისრაელთანაც არ ამართლებს. მაშინ, რატომ აპირებენ მის გადაღებას უკრაინაში?
ახლახან, ბრიუსელში გამართულ ნატოს თავდაცვის მინისტრთა შეხვედრაზე, ამერიკის სამხედრო უწყების მეთაურმა – ლოიდ ოსტინმა გამოაცხადა უკრაინის დახმარების ახალი, 200-მილიონიანი პაკეტი. ეს თანხა ემატება 40 მილიარდს, რომელიც ვაშინგტონმა უკვე აჩუქა კიევს. როგორც Wall Street Journal-ი იტყობინება, ეს დახმარება მოიცავს: დამატებით საარტილერიო და ზალპური ცეცხლის (HIMARS-ი) სისტემებს, საბრძოლო მასალებს, მაღალი სიზუსტის საავიაციო ჭურვებს, რადიოელექტრონული ბრძოლის საშუალებებს, რაკეტებს, ტანკსაწინააღმდეგო შეიარაღებას, ცეცხლსასროლ იარაღს, 16 მილიონზე მეტ ვაზნას. თუმცა ხსენებულ დახმარებას აქვს სხვა ქვეტექსტი. ჯერ ერთი, შეიარაღების ამ პარტიამ – უნდა დააცხროს ზელენსკი, რომელიც განაწყენებულია იმის გამო, რომ არ მიიწვიეს ნატოს სამიტზე ვილნიუსში, და მეორე (რაც უფრო მნიშვნელოვანია ვაშინგტონის ისთებლიშმენტის აზრით), უკრაინა უნდა დააადგეს აშშ-ზე მუდმივი დამოკიდებულების გზას…
… და ამ გზას აქვს თავისი სახელი. ვაშინგტონში, მას ძირითადად მოიხსენიებენ – „ისრაელურ მოდელად“. ეს მოდელი კი ნიშნავს, რომ აშშ, ამ ქვეყანასთან ოფიციალური სამოკავშირეო ხელშეკრულების უქონლობის პირობებშიც, უკრაინას მიაწვდის მნიშვნელოვან ფინანსურ, ეკონომიკურ და სამხედრო დახმარებას, სადაზვერვო მონაცემებს, ამას გარდა, კიევს გაუწევს მნიშვნელოვან დიპლომატიურ მხარდაჭერას, სანაცვლოდ კი ვაშინგტონი არაფერს იღებს. ამგვარი პოლიტიკის აზრი ის არის, რომ უკრაინა ერთხელ და სამუდამოდ მიებას ვაშინგტონს და მის ევროპელ მოკავშირეებს – ნატოს გვერდის ავლით.
გასული კვირის მოვლენათა გათვალისწინებით, ეს პოლიტიკა, როგორც მინიმუმ, გამოწვილვით უნდა იყოს განხილული და უნდა შეფასდეს მისი უპირატესობები, მაგრამ ვაშინგტონი იმის ვაშინგტონია, რომ ამ საქმიანობით, თავს არ იკლავს.
მიუხედავად ყველაფრისა, ვილნიუსის სამიტის შემდეგ, „ისრაელის მოდელი“ იქცა ნატოს წევრობის ალტერნატივად უკრაინის მხარდამჭერებისთვის. ნეოკონსერვატორმა ჟურნალისტმა – სიუზან გლასერმა დაწერა აღფრთოვანებით აღსავსე ნარკვევი ბაიდენის მრჩეველზე უსაფრთხოების საკითხებში, ჯეკ სალივანზე. პუბლიკაციაში ის ცდილობდა წარმოეჩინა სალივანი ჩვენი დროის ახალ მეტერნიხად. გლასერი იშველიებდა სალივანის სიტყვებს იმის შესახებ, რომ ადმინისტრაცია „მართავდა ხანგრძლივ საუბრებს ამის თაობაზე, ხოლო პრეზიდენტმა განაცხადა, რომ კიევში ვიზიტის დროს, სურს უკრაინელებს გაუზიაროს თავისი პოზიცია, რომელიც მდგომარეობს შემდეგში: ნატოში გაწევრიანება რჩება დღის წესრიგში, მაგრამ ეს მოხდება მომავალში და არა ამ ეტაპზე, ხოლო ამ გადაწყვეტილების რეალიზაციამდე, ხიდის ფუნქციას შეასრულებს „ისრაელური მოდელი“. გლასერი ასევე დასძენს: „ამასობაში აშშ-ს ოფიციალურმა პირებმა გამართეს უკრაინასთან მოლაპარაკების 4 რაუნდი ურთიერგაგების მემორანდუმის ცალკეული მუხლების შესახებ, რომელიც ისრაელის მოდელის სალივანისეულ ვერსიას წარმოადგენს.“
ბუნებრივია, ჩნდება კითხვა: წაადგება კი უკრაინას ე.წ. ისრაელის მოდელი?
ბოლო მოვლენებმა თვალნათლივ წარმოაჩინა, რომ ეს მოდელი, რომელიც გულისხმობს უკრაინის უწყვეტ ფინანსურ დახმარებას, ასევე ითვალისწინებს დიპლომატიურ მფარველობას, თუნდაც საერთაშორისო სამართლისა და ადამიანის უფლებათა აშკარა დარღვევის შემთხვევაში. რატომ სთავაზობენ ასეთ პოლიტიკას უკრაინას? საპასუხოდ გვესმის ფუჭსიტყვაობა, თუმცა ვაშინგტონში ხომ მხოლოდ ჩავარდნას აქვს წარმატების შანსი!
როგორც ვხედავთ, ამგვარი პოლიტიკა უბიძგებს ისრაელის მთავრობას (უფრო სწორად მთავრობათა მთელს წყებას) უკანონობისკენ და ჩიხური გადაწყვეტილებებისკენ. უკანონობაა მაგალითად ღაზას 2.3 მილიონი მაცხოვრებლის თვითნებური ბლოკადა. ისრაელის დამოკიდებულება ამგვარია: რაც გვინდა, იმას გავაკეთებთ, რადგან აშშ ჯიბეში გვიზისო.
ახლა დავუკვირდეთ, ზელენსკის რეჟიმის მოქმედებას ქვეყნის შიგნით. მას არააერთხელ უწოდეს „საბრძოლო დემოკრატია“, რომელიც ეომება დამოუკიდებელ რუსეთს დასავლეთის სახელით. უკრაინას ასე მოიხსენიებენ იმ დროიდან, როცა ვაშინგტონიდან ფულმა დაიწყო შედინება. ამ რეჟიმმა დახურა 7 ოპოზიციური მედია-არხი. 2022 წლის მარტისთვის, ზელენსკიმ უკვე აკრძალული ჰქონდა – 11 ოპოზიციური პარტია. უკრაინის უშიშროების სამსახურმა აამოქმედა საიტი – „მშვიდობის მყოფელი“, სადაც უკრაინის საგარეო მტრების სიაა წარმოდგენილი. სიაში მოხვდნენ მირშაიმერი და ჰენრი კისინჯერიც.
აი რას წერს ამის შესახებ სოციოლოგი ოლგა ბაშია:
„ … სიტუაცია უკრაინაში, ძალიან ჰგავს იმას, რაც ხდება რუსეთში სპეციალური სამხედრო ოპერაციის დაწყებიდან. აქ, მედია ასევე იღებს მითითებას, გაუშვას „სანდო“ (ანუ მთავრობის მიერ კონტროლირებადი) ინფორმაცია. ერთადერთი სხვაობა ისაა, რომ რუსეთს – მსოფლიოში არავინ უწოდებს „დემოკრატიის შუქურას“, უკრაინას კი სწორედ ასე წარუდგენენ საერთაშორისო აუდიტორიას“.
არ გაამწვავებს კიევის ამ ანტიდემოკრატიულ მიდრეკილებებს – ფულის უწყვეტი ნაკადი, სამხედრო დახმარება და პოლიტიკური მხარდაჭერა ვაშინგტონიდან?
არის სხვა პრობლემაც. დროთა განმავლობაში კლიენტისა და მფარველის ინტერესებს შორის განსხვავება ისე იშლება, რომ ნებისმიერი ეჭვს, მაგალითად ვაშინგტონისა და იერუსალიმის ურთიერთობაში, თან სდევს აღშფოთება და სკანდალი…
უკრაინისთვის არსებობს განვითარების მხოლოდ ერთი გზა და ეს გზა მოლაპარაკებების მაგიდის გავლით გადის. „ისრაელის მოდელი“ უნდა განიხილებოდეს, როგორც ისტორიული გაკვეთილი და არა, როგორც პანაცეა და ნატოში არმიღების სანაცვლო სანუგეშო პრიზი. ყველაზე ნაკლებად, სწორედ ჩვენ უნდა გვსურდეს ის, რომ უკრაინამ იაროს ისრაელის გზით და მოექცეს ვაშინგტონის სრულ დაქვემდებარებაში.