Главред უკრაინა
ანდრეი განჟა
ნატო და ევროკავშირი მზად არიან აქტიური მოქმედებისთვის, თუ კიევის წინააღმდეგ მოსკოვმა აგრესიას მიმართა. მიმდინარეობს სერიოზული კონსულტაციები უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის დაცვის საკითხზე. ლაპარაკია წინმსწრებ ნაბიჯებზე, რაც მოიცავს პოლიტიკურ და ეკონომიკურ ზომებს, ასევე უკრაინის სახელმწიფოს დახმარებას. ამის შესახებ, განაცხადა თავდაცვის მინისტრმა ალექსეი რეზნიკოვმა
ICTV-ის პროგრამა „სვობოდა სლოვას“ ეთერში, მან თქვა, რომ შედგა საუბრები კოლეგებთან აშშ-სა და დიდ ბრიტანეთში, რის შედეგად, მხარეები მივიდნენ დასკვნამდე, რომ საჭიროა მტკიცე ნაბიჯების გადადგმა უკრაინის დასაცავად.
„ჩვენ მართლაც ვესაუბრეთ კოლეგებს, ვუთხარით, რომ შეშფოთებისთვის დრო აღარ დარჩა. ამდენად, როგორც უკვე ვთქვი, კრემლს სქელი და მაღალი კედლები აქვს და მას არ ესმის შეშფოთება. ის მხოლოდ აქტიურ მოქმედებას აღიქვამს“- აღნიშნა რეზნიკოვმა.
მისი თქმით, დასავლეთმა დაარწმუნა კიევი, რომ მზადაა, არა მარტო რეალური მხარდაჭერა გამოუცხადოს უკრაინული სახელმწიფოს ტერიტორიულ მთლიანობას, არამედ ითამაშოს დასწრებაზე. მიმდინარეობს სერიოზული კონსულტაციები. იმ ზომებს შორის, რომლებიც იქნება გამოყენებული – არის პოლიტიკური და ეკონომიკური ნაბიჯები და უკრაინის დახმარება.
„მე დამარწმუნეს უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის უპირობო მხარდაწერაში, დამარწმუნეს, რომ მიმდინარეობს სერიოზული კონსულტაციები ალიანსის პარტნიორებთან და ევროკავშირთან, კიდევ იმაში, რომ მზად არიან გადადგან მტკიცე ნაბიჯები, თანაც წინმსწრებად. ეს ეხება პოლიტიკურ და ეკონომიკურ ნაბიჯებს, მათ შორისაა, უკრაინის გარკვეული დახმარება“ – ხაზი გაუსვა რეზნიკოვმა.
რუსეთის მხედრობა უკრაინის საზღვართან
ამერიკულ გამოცემებში THE WASHINGTON POST-სა და POLITICO-ში გამოქვეყნდა მასალები, რომლებშიც ლაპარაკია რუსული ნაწილების უკრაინის საზღვართან თავმოყრაზე. ჟურნალისტების დასკვნები ეყრდნობა თანამგზავრულ ფოტოებს, სადაც ასახულია რუსეთის ფედერაციის შენაერთთა გადაადგილება.
ჩრდილოატალანტიკურმა ალიანსმა დაადასტურა რუსული არმიის კონცენტრაცია უკრაინის საზღვრებთან. ამასთან, დასავლეთის კოლექტიური უსაფრთხოების ბლოკი მიუთითებს სამხედრო საფრთხეზე, რომელიც მოსკოვიდან კიევის საწინაარმდეგოდ მომდინარეობს.
უკრაინელმა დიპლომატმა, ელჩმა გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში – ანდრეი მელნიკმა განაცხადა, რომ კიევს უკიდურესად აშფოთებს რუსეთის სამხედრო მანევრები უკრაინის საზღვართან. მისი აზრით, ახლა რუსეთის ფედერაციის მხრიდან შეჭრის ალბათობა, ისევე მაღალია, როგორც 2014 წელს იყო, როცა რუსეთმა მოახდინა ყირიმისა და დონბასის ოკუპაცია. რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ რუსეთის მანევრები უკავშირდება იმას, რომ ამით მოსკოვი, თითქოსდა მიანიშნებს ნატოს მხრიდან წამოსულ მუქარაზე.