Spread the love
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  

Svenska Dagbladet შვედეთი

თომას ლუნდინი

 

 ,,ახალგაზრდა ვიყავი და ფული მჭირდებოდა’’ – ეს წარწერა ანალენა ბერბოკის ფოტოზე,  ეხმიანება ახალგაზრდობის პერიოდში ჩადენილი ცოდვების აღიარებას, რომლის მსგავსი ისტორია, მრავლად გვხვდება ყვითელი პრესის ფურცლებზე

სინამდვილეში, ეს პუბლიკაცია – ფეიქია. Mimikama-ს საიტზე, რომლის გუნდიც ფაქტების გადამოწმებაზე მუშაობს, შესაძლებელია ნახო ამ ფოტოების ანალიზი. ბერბოკის თავი, დადებულია რუსი პორნოვარსკვლავის ტანზე.

ის, რომ ,,მწვანეების ‘’ კანდიდატი კანცლერის პოსტზე, აპირებს აკრძალოს ზეიმები მწვადის შეწვით და შინაური ცხოველებით, რათა შეამციროს მავნე აირების გაფრქვევა ატმოსფეროში – ასევე ტყუილია. კიდევ ისიც, რომ ადამიანებს აეკრძალებათ ვილებში ცხოვრება, რადგან თითქოსდა უნდა აშენდეს მეტი საცხოვრისი ჩამოსულებისთვის.

,,ეს მხოლოდ აისბერგის წვერია’’- ამბობს Svenska Dagbladet-თან  საუბარში, დეზინფორმაციის ექსპერტი, იოსეფ ჰოლნბურგერი.

მოსალოდნელია, რომ რაც უფრო მეტად მოახლოვდება არჩევნები, მით უფრო მეტად ბინძურად წარიმართება ამგვარი კამპანიები. განსაკუთრებით აქტიურად ვრცელდება ხმები არჩევნების ფალსიფიცირების შესახებ, რომ მომავალში საზოგადოებამ ირწმუნოს: დაინტერესებულმა პირებმა მიიღეს ზომები, რათა ,,მწვანეებს’’ გაემარჯვათ.

ხმოვან შეტყობინებებში, რომელიც ქარის სისწრაფით გავრცელდა ტელეგრამის სახით, ნათქვამია, რომ კორონავირუსის პანდემია დასახელდება იმის მიზეზად, რომ დაწესდეს ხმის მიცემა მხოლოდ და მხოლოდ ფოსტის საშუალებით, რაც შექმნის ყველა შესაძლებლობას თაღლითობისთვის. ნათელია, რომ ასეთ ვითარებაში, არჩევნების პროცესის ლეგიტიმურობა დადგება კითხვის ნიშნის ქვეშ, როგორც ეს მოხდა ამერიკულ არჩევნებში’’- ამბობს იოზეფ ჰოლნბურგერი.

პუტინის კრიტიკოსმა მიხაილ ხოდორკოვსკიმ არ დაახანა მომხდარში რუსეთის დადანაშაულება. ის დარწმუნებულია, რომ კრემლმა დაიწყო კამპანია ,,მწვანეთა’’ პარტიისა და ბერბოკის წინააღმდეგ – ერთადერთი მიზეზით: არ შეიცვალოს გერმანიის კურსი სექტემბრის არჩევნების შემდეგ, როცა ანგელა მერკელი წავა გერმანული პოლიტიკიდან. ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის კომიტეტში გამოსვლისას, მან განაცხადა, რომ რუსეთმა შეაღწია მერკელის გარემოცვასა და სახელისუფლებო წრეებში. ამაში მოსკოვს დაეხმარნენ პარლამენტარები და მაღალი რანგის მოხელეები, რომლებიც თანაუგრძნობენ კრემლის დღის წესრიგს.

რა მოხდება, როცა მერკელი წავა? ის გერმანიას 16 წელი მართავდა, იყო პრაგმატიკოსი პოლიტიკოსი და ერთ-ერთი  იმ მცირერიცხოვან პოლიტიკოსთაგან, რომელსაც პუტინი ენდობა. თუ მას ანალენა ბერბოკი შეცვლის – საზოგადოებრივი აზრის ბოლო გამოკითხვებით ეს სრულიად შესაძლებელია – ეს კრემლისთვის მძიმე დარტყმა იქნება.

,,მწვანეთა’’ პარტიის ლიდერ იოშკა ფიშერთან გამკლავება (საგარეო საქმეთა მინისტრი 1998 – 2005 წლებში) გაცილებით იოლი იყო, რომ არაფერი ვთქვათ სოციალ-დემოკრატ კანცლერ გერჰარდ შრიოდერზე, რომელმაც არჩევნებში დამარცხების შემდეგ, რუსულ ენერგეტიკულ გიგანტ ,,გაზპრომში’’ გადაინაცვლა.

40 წლის ანაბელა ბერკოკი და სხვა ტონის მიმცემი ,,მწვანეები’’ –  ახალ თაობას წარმოადგენენ. ისინი ცივი ომისა და გერმანიის აღმოსავლეთ პოლიტიკის ოქროს ხანის შემდეგ გაიზარდნენ და მათი შეხედულებები მოსკოვსა და პეკინზე უფრო ფხიზელი და კრიტიკულია. ისინი მეტ ყურადღებას უთმობენ ადამიანის უფლებებსა და დემოკრატიას და არა ვაჭრობას, დიალოგსა და ურთიერთობის  დალაგებას ნებისმიერ ფასად.

მოსკოვი უნდა ემზადოს, რომ გერმანია არჩევნების შემდეგ შეწყვეტს სადავო რუსულ პროექტ ,,ჩრდილოეთ ნაკადი-2’’-ის მხარდაჭერას, რომელმაც ბალტიის ზღვის ფსკერზე უნდა გაიაროს. ახლახან, ანაბელა ბერბოკმა Frankfurter Allgemeine Zeitung-თან ინტერვიუში მოითხოვა –  შეწყდეს ამ პროექტის პოლიტიკური მხარდაჭერა.

იმავდროულად, მან მკაცრად გააკრიტიკა ეგრეთწოდებული ,,ახალი აბრეშუმის გზა,’’ რომელიც ცნობილია სახელით ,,ერთი სარტყელი, ერთი გზა’’, რომლის ფარგლებში, ჩინეთი მილიარდებს დებს აზიის, აფრიკისა და ევროპის ინფრასტრუქტურაში. ახსენა რა პროვინცია სინცზიანის უიღური მოსახლეობა, ის ასევე გამოვიდა იძულებით შრომის წინააღმდეგ და მოუწოდა ევროპას სიმკაცრისა და გაბედულებისკენ.

„მწვანეთა“ პარტიის ექსპერტმა საგარეო პოლიტიკის საკითხებში ჯემ ოზდემირმა, მისი პოზიცია ასე აღწერა: ,,ბერბოკი არ ელაქუცება  დიქტატორებს“. ამასწინდელ ინტერვიუში მან განაცხადა, რომ პუტინის მიერ წარმართული ცილისმწამებლური კამპანია, გულისხმობს, ნებისმიერ ფასად არ დაუშვას გერმანიაში ისეთი ხელისუფლების მოსვლა, რომელშიც ,,მწვანეები’’ იქნებიან წარმოდგენილნი.

ანალენა ბერბოკზე თავდასხმები ეწერება უცხოეთიდან მართულ უფრო მასშტაბურ პროცესში, რომლის მიზანია ევროპაზე გავლენის მოხდენა. ევროკავშირის საგარეო პოლიტიკური სამსახურის მოხსენებაში ნათქვამია, რომ „გერმანიის წინააღმდეგ მიმდინარეობს სისტემატური კამპანია.’’

,,არცერთ სხვა ქვეყანას არ უტევენ ისე აქტიურად, როგორც გერმანიას’’ – დაასკვნა ორგანომ სახელწოდებით  Taskforce Desinformation (EUvsDisinfo), რომელიც ამ აქტიურობას რუსეთის პოლიტიკას და ქვეყანასთან დაახლოებულ მედიასაშუალებებს უკავშირებს. კამპანიის მიზანია – შეიქმნას მერყევი ატმოსფერო, გაღვივდეს უთანხმოება, მოხდეს რუსი პოლიტიკოსებისთვის მანევრირების მეტი სივრცის უზრუნველყოფა და ევროკავშირის ქვეყნების ერთმანეთზე წაქეზება.

სხვა სიტყვებით, საინფორმაციო ომი, როგორც მას უწოდებენ, მწვავდება სწორედ მაშინ, როცა გერმანია უფრო მეტად მოწყვლადია. ვაქცინაციის ქაოსურმა პროგრამამ, შეარყია სახელმწიფოსადმი ნდობა და მოახდინა შეთქმულების თეორიათა გავრცელების პროვოცირება.

,,ეს წინასაარჩევნო კამპანია იქნება უნიკალური. გერმანიისთვის ეს ცეცხლით გამოცდაა’’- თვლის იოზეფ ჰოლნბურგერი.

 

 

By admin