Eurazianet აშშ
ჯოშუა კუჩერა
20 იანვარს, როცა ჯო ბაიდენი ამერიკის პრეზიდენტი გახდება, ის გარშემორტყმული იქნება საგარეო პოლიტიკური გუნდით, რომელმაც დიდი გამოცდილება მიიღო ყოფილი საბჭოეთის ქვეყნებთან ურთიერთობაში. კითხვა, შეძლებს – ან მოისურვებს კი – ვაშინგტონი მოახდინოს მნიშვნელოვანი გავლენა კავკასიასა და ცენტრალურ აზიაზე, ღიად რჩება. თავად ბაიდენი, წარმოადგენს საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთ გამოჩენილ მოღვაწეს აშშ-ში და მისი ამ რეგიონებთან ურთიერთობა, სათავეს იღებს 1970-იანი წლებიდან. ბარაკ ობამას დროს ვიცე-პრემიერად ყოფნისას, ის პირველი ვიოლინოს როლს ასრულებდა საგარეო პოლიტიკურ საკითხებში და პირადად იცნობს ბევრ წამყვან ფიგურას რეგიონში
კერძოდ, ბაიდენი საქართველოს დიდი ხნის მხარდამჭერია. სენატორად ყოფნისას, მისი ინიციატივით საქართველოს გამოეყო მილიარდობით დოლარი სამხრეთ ოსებთან და რუსეთთან ომის შემდეგ 2008 წელს. 2009 წელს, ქართველები პარლამენტში ერთმანეთს უზიარებდნენ ბაიდენის გამოსვლას ( იმ დროისთვის, ის უკვე ვიცე-პრეზიდენტი იყო), როდესაც ის მოიხმობდა პოეტ ილია ჭავჭავაძის ციტატებს, ხოლო ქვეყანას ,,შთაგონების წყაროს’’ უწოდებდა. თუმცა, სწორედ ბაიდენი კურირებდა ობამას ადმინისტრაციის დროს ე. წ. ,,გადატვირთვას’’ რუსეთთან, რასაც ბევრი პროდასავლურად განწყობილი ქართველი, აგრესიული მტრის დამშვიდების – გულუბრყვილო პოლიტიკას უწოდებდა.
სამყარო, განსაკუთრებით პოსტსაბჭოური სივრცე, კარდინალურად იცვლება, თუმცა ჯერჯერობით გაურკვეველია, რას მოუტანს ბაიდენი რეგიონს. მისი საგარეო პოლიტიკური გუნდის საკვანძო ფიგურები, ესაა ხალხი ობამას ადმინისტრაციიდან, რომლებიც შემდეგ მუშაობდნენ ანალიტიკურ ცენტრებსა და უნივერსიტეტებში (ან იყვნენ კონსულტანტები). ბევრ მათგანს, დღეს ქორის პოზიცია უკავია რუსეთის მიმართებით.
,,ყველა, ვინც შეუერთდა ბაიდენის ადმინისტრაციას, ნიჭიერი ადამიანია, მაგრამ მათ შორის, ცოტაა ახალი სახე. ჩვენ კი გვჭირდება ახალი იდეები’’- ამბობს პოლ სტრონსკი, კარნეგის ფონდის უფროსი მეცნიერ-მუშაკი, რომელიც მდებარეობს ვაშინგტონში.
ბაიდენის გუნდის საკვანძო ფიგურების სიაში შედიან:
- ენტონი ბლინკენი – სახელმწიფო მდივნის სტატუსით; ობამას ადმინისტრაციაში, ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე იყო.
- ვენდი შერმანი – ბლინკენის თანაშემწე, ის გახლდათ მთავარი მომლაპარაკებელი აშშ-ს მხრიდან ირანთან, ბირთვული შეთანხმების გაფორმების დროს 2015წელს.
- უილიამ ბერნსი – ცენტრალური სადაზვერვო სამსახურის დირექტორი; ობამას დროს, ის იყო სახელმწიფო მდივნის თანაშემწე, მანამდე კი აშშ-ს ელჩი რუსეთში.
- ვიქტორია ნულანდი – სახელმწიფო მდივნის თანაშემწე პოლიტიკის საკითხებში; ის ცნობილია ანტირუსული პროტესტების აქტიური მხარდაჭერით უკრაინაში, 2013წელს.
- ანდრეა ქენდალ-ტეილორი – ნაციონალური უსაფრთხოების საბჭოს დირექტორი, რუსეთისა და ცენტრალური აზიის მიმართულებით; ის დიდხანს იყო დაკავებული აზერბაიჯანითა და ყაზახეთით.
- ამანდა სლოატი – უშიშროების საბჭოში ევროპის (მათ შორის კავკასიის) მიმართულების დირექტორი.
- ნენსი მაკელდაუნი – ვიცე-პრეზიდენტ ქემალა ჰარისის მრჩეველი ნაციონალური უსაფრთხოების საკითხებში; ის მუშაობდა დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელის თანაშემწედ ბაქოსა და ანკარაში.
,,სამყარო ძლიერ შეიცვალა მას შემდეგ, რაც ბაიდენმა დატოვა ვიცე-პრეზიდენტის პოსტი. აცნობიერებენ თუ არა ეს ადამიანები, რომ ნდობა აშშ-სადმი შერყეულია, რომ ახლა სამყარო მრავალპოლუსიანობის მიმართულებით მოძრაობს და აშშ-ს, რეალურად გაუჭირდება დემოკრატიის იდეის განვითარება, თუ გავითვალისწინებთ ქაოსს, რომელიც აქ სუფევდა’’-განაცხადა პოლ სტრონსკიმ Eurasianet -თან ინტერვიუში.
სულ ცოტა, ახალი ადმინისტრაცია, ალბათ გააქტიურებს რეგიონთან ურთიერთქმედებას მაშინ, როცა ტრამპის ადმინისტრაცია რეგიონს დიდწილად გაეცალა. ტრამპის დროს, აშშ-ს საგარეო პოლიტიკა კონცენტრირებული იყო მსხვილ პრიორიტეტებზე, როგორიცაა: ჩინეთი, ირანი, ისრაელი და ჩრდილოეთ კორეა, დანარჩენი სამყარო, ხშირად საერთოდ უგულებელყოფილი იყო.
ეს ეხება კავკასიასა და ცენტრალურ აზიას, როცა 2019 წელს დაძაბულობის ახალი მუხტი გაჩნდა აშშ-ს ახლო პარტნიორ საქართველოსა და რუსეთს შორის, ვაშინგტონის უმოქმედობა თვალში საცემი იყო. იგივე მოხდა, როცა 2020წლის დამლევს, ომი გაჩაღდა აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის.
თუ რეგიონი ხვდებოდა ტრამპის მზერის არეში, ეს ჩვეულებრივ ეწერებოდა ზემოთხსენებულ პრიორიტეტებში. ამის ნათელი მაგალითია, უსაფრთხოების მაშინდელი მრჩევლის ჯონ ბოლტონის ვიზიტი კავკასიაში 2018წელს, რაც დაგვამახსოვრდა იმით, რომ ამერიკელმა ჩინოვნიკმა ურჩია სომხებს გადაეჭრათ კონფლიქტი აზერბაიჯანთან, რათა ვაშინგტონს გაადვილებოდა ირანის იზოლაცია.
სომხეთ-აზერბაიჯანის ომი გაჩაღდა, აშშ-ში საპრეზიდენტო რბოლის დროს. აშშ-ს მონაწილეობა უმაღლეს დონეზე იყო უმნიშვნელო, თუ არ ჩავთვლით რამდენიმე მოხელის არაკოორდინირებულ განცხადებას და ტრამპის ფრაზებს ომის შესახებ, რისკენაც მას ეტყობა უბიძგა სომხეთის დროშებმა მის წინასაარჩევნო მიტინგებზე.
ამასობაში, ბაიდენმა კამპანიისას რამდენიმე სერიოზული განცხადება გააკეთა. ნოემბერში ომი დასრულდა რუსეთის შუამავლობით და დღემდე მოსკოვი გადამწყვეტ როლს ასრულებს კონფლიქტის შედეგების აღმოფხვრაში. აშშ-ს ახალი ადმინისტრაციის პირობებში, სავარაუდოდ, ვაშინგტონი შეეცდება გააქტიურდეს კონფლიქტის მოწესრიგების პროცესში, მაგრამ ,,მე არ ვიცი, რამდენადაა ეს ახლა შესაძლებელი, ამ მატარებელმა უკვე ჩაიარა’’- განაცხადა სტრონსკიმ.
მიუხედავად ამისა, ორივე მხარე ელის აშშ-ს გააქტიურებას, თუნდაც იმიტომ, რომ შეამციროს თავისი დამოკიდებულება რუსეთზე. თუმცა აზერბაიჯანს აშფოთებს ის გარემოება, რომ დემოკრატები ,,ჩვეულებისამებრ მეგობრობენ სომხურ ლობისთან’’ ვაშინგტონში და მაინც, ბაქო მოელის რომ აშშ გაატარებს უფრო მკაცრ პოლიტიკას რუსეთთან მიმართებით, ამბობს ფარიდ შაფიევი, აზერბაიჯანის ხელისუფლებასთან დაკავშირებული, საერთაშორისო ურთიერთობათა ანალიზის ცენტრის ხელმძღვანელი. ,,მე არ ველი დიდ ცვლილებებს’’ უთხრა მან Eurazianet-ს: ,,მთლიანობაში აშშ-მ სამხრეთ კავკასიიდან გასვლა ობამას დროს დაიწყო და არ მოველი უფრო აქტიურ მონაწილეობას ბაიდენის დროს” – დასძინა შაფიევმა.
ირანის მეზობლებისთვის მნიშვნელოვანი ძვრა იქნება ბაიდენის განზრახვა აღადგინოს 2015 წლის შეთანხმება ბირთვული შეიარაღების შესახებ. ტრამპის ადმინისტრაციის საომარი პოზიციის ფონზე, მეზობელი ქვეყნები, პირველ რიგში სომხეთი და აზერბაიჯანი, მუდმივად იყვნენ საფრთხის ქვეშ – ,,ნაფოტებად’’ ქცეულიყვნენ, თუკი ომი დაიწყებოდა.
სტრონსკის თქმით, მიდგომას სხვა საკვანძო მოთამაშეებთან, როგორიცაა რუსეთი და ჩინეთი, ასევე გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება, მაგრამ აქ ყველაფერი კიდევ უფრო არაპროგანოზირებადია. ვაშინგტონში, ყველა, განურჩევლად პოლიტიკური შეხედულებებისა, ჩინეთს, აშშ-ს დომინაციის საფრთხედ განიხილავს, მაგრამ ასევე აუცილებელ პარტნიორად მიიჩნევს გლობალურ საკითხებში. ამასთან, რუსეთთან დამოკიდებულება მნიშვნელოვნად შეიცვალა ,,გადატვირთვის’’ დროიდან მოყოლებული და ახლა ბაიდენის მომხრეები თვლიან, რომ ესაა ქვეყანა, რომელიც დამღუპველ გავლენას ახდენს, როგორც გლობალურ დონეზე, ისე აშშ-ზე.
,,თუ გავითვალისწინებთ, ასეთ ჭარბ ყურადღებას რუსეთისა და ჩინეთისადმი, და თუ ურთიერთობა მათთან გაფუჭდა, მაშინ კავკასიის და ცენტრალური აზიის ქვეყნები ჯვარედინ ცეცხლში მოექცევიან’’- ამბობს სტრონსკი.
იმ ვითარებაში, როცა კავკასია და ცენტრალური აზია დარჩებიან მეორეხარისხოვან პრიორიტეტად, შეიძლება დაიშვას გამონაკლისი.
,,ერთადერთი ქვეყანა, სადაც შეიძლება მოხდეს ურთიერთობის განმტკიცება, არის საქართველო’’- ამბობს სტროცკი. ბაიდენი ძალზედ დაინტერესებულია საქართველოთი, ის იყო უკრაინასა და საქართველოზე პასუხისმგებელი პირი ობამას ადმინისტრაციაში.
თბილისი, რა თქმა უნდა, იმედს ამყარებს ამ გარემოებაზე, ამბობს საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის ხელნმძღვანელი კორნელი კაკაჩია. ,,ტრამპის ადმინისტრაციის დროს და მანამდეც, რეგიონი უგულებელყოფილი იყო – განუცხადა მან Eurazianet-ს – მთიანი ყარაბაღის ბოლო კონფლიქტმა მკაფიოდ წარმოაჩინა დასავლეთის მსხვილი მოთამაშეების დეფიციტი ამ პროცესში, (როგორიცაა აშშ და ევროკავშირი) და შექმნა ძალაუფლების ვაკუუმი რეგიონში.’’
კაკაჩიას თქმით, საქართველოში ურჩევნიათ იხილონ აქცენტი დემოკრატიის ხელშეწყობაზე, სამხედრო თანამშრომლობის გაფართოებასა და ქვეყნის ნატოში გაწევრიანების განახლებაზე. ,,საქართველო, ამერიკის მხრიდან მეტ ყურადღებას ელის’’- ამბობს ის.