Politiko აშშ
ქეთრინ კიმი
გამოცემა ,,პოლიტიკომ’’ და კომპანია ,,მორნინგ ქონსალთმა’’ ჩაატარა გამოკითხვა, რომელმაც აჩვენა საარჩევნო სისტემის მიმართ რესპუბლიკელების ნდობის კლება, ხოლო დემოკრატთა არჩევნების შედეგებისადმი მხარდაჭერის ზრდა.
როცა გამოაცხადეს, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვა დემოკრატების კანდიდატმა ჯო ბაიდენმა, რესპუბლიკელების ნდობამ საარჩევნო სისტემისადმი იკლო, დემოკრატებისა კი მნიშვნელოვნად გაიზარდა – ასეთია ,,პოლიტიკოს’’ და „მორნინგ ქოლსალთის’’ მიერ ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგები
შაბათს, მერყევ შტატებში, ხმების ოთხდღიანი დათვლის შემდეგ, სხვადასხვა მედია საშუალებებმა ბაიდენი გამარჯვებულად გამოაცხადეს. ამის შემდეგ რესპუბლიკელების 70% ამბობს, რომ არ მიიჩნევს 2020 წლის არჩევნებს თავისუფლად და პატიოსნად. არჩევნებამდე დიადი ძველი (რესპუბლიკური) პარტიის 35% ეთანხმებოდა ამ მოსაზრებას. დემოკრატების ნდობა კი საარჩევნო სისტემისადმი გაიზარდა და ბევრი მათგანი შაბათს ქუჩებში გამოვიდა, რომ გამარჯვება ეზეიმა. დღეს დემოკრატების 90% მიიჩნევს, რომ არჩევნები იყო სამართლიანი. 3 ნოემბრამდე ეს მაჩვენებელი 52%-ს შეადგენდა.
იმ რესპუბლიკელებს შორის, რომლებიც არჩევნებს უსამართლოდ მიიჩნევენ, 78% თვლის, რომ ფოსტის საშუალებით ხმის მიცემამ გამოიწვია ხმების მასობრივი ფალსიფიკაცია. 72% მიიჩნევს, რომ ხდებოდა ბიულეტენებით მანიპულაცია. ასეთი ბრალდება რეგულარულად ჩნდება ტვიტერის საპრეზიდენტო ექაუნთზე. მათგან, ვინც არჩევნებს უსამართლოდ მიიჩნევს, 84% თვლის, რომ ეს აწყობდა ბაიდენს.
საარჩევნო სისტემისადმი უნდობლობამ განაპირობა რესპუბლიკელთა დაეჭვება არჩევნების შედეგებში. ხმის მიცემამდე, რესპუბლიკელების მხოლოდ 18% საუბრობდა მომავალი არჩევნებისადმი უნდობლობაზე. ახლა კი, როცა ბაიდენმა გაიმარჯვა, ასე თვლის მათი 64%. მათგან განსხვავებით, დემოკრატების 86% -ს სჯერა არჩევნების შედეგის.
განსაკუთრებული უნდობლობა რესპუბლიკელებს მერყევი შტატების შედეგების მიმართ აქვთ, კერძოდ, ეს ეხება პენსილვანიას, სადაც ხმების დათვლა ოთხ დღეს გრძელდებოდა, ვიდრე ბაიდენის გადამწყვეტი უპირატესობა არ გამოცხადდა. რესპუბლიკელების 62%-მა პელსილვანიის შედეგები არ ცნო. ამავე აზრისაა დემოკრატების მხოლოდ 8%.
უნდობლობის მაჩვენებელი ასევე მაღალია ვისკონსინის (54%), ნევადასა (54%) და არიზონაში (52%). ამ განწყობას აძლიერებს ტრამპის შტაბი, რომელმაც ათეულობით სარჩელი შეიტანა ისეთ შტატებში როგორიცაა: პენსილვანია, ნევადა, მიჩიგანი და ჯორჯია. ბაიდენის გამარჯვებულად გამოცხადებიდან ორი დღე გავიდა, ტრამპი კი ტვიტერის საშუალებით იუწყება, რომ ,,ნევადა იქცა ყალბი ხმების საკანალიზაციო ჭად,’’ ხოლო „პელსილვანიაში არც კი დაგვასწრეს ხმების დათვლას.“
მიუხედავად, შედეგებისადმი უნდობლობისა, რესპუბლიკელებს არა აქვთ საერთო აზრი იმის თაობაზე, შეიცვლება თუ არა არჩევნების რეზულტატი. რესპუბლიკელთა 38%-ს სჯერა, რომ შედეგები გაუქმდება, 45% კი თვლის, რომ ეს ნაკლებმოსალოდნელია.
,,პოლიტიკომ’’ და ,,მორნინგ ქონსალთმა’’ გამოკითხვა 6-9 ნოემბრის მონაკვეთში ჩაატარეს და ისინი გაესაუბრნენ 1 987 რეგისტრირებულ ამომრჩეველს. მათი ნაწილი რეზულტატის გამოცხადებამდე გამოკითხეს, თუმცა უმეტესობა ოფიციალური შედეგების გამოქვეყნების შემდგომ. კვლევის შედეგების ცდომილება 2%-ს არ აღემატება.