TIME აშშ
იან ბრემერი
რჩება შთაბეჭდილება, რომ პუტინის საქმე სულ უფრო უკეთ მიდის. უკრაინის ნაქებმა კონტრშეტევამ ბრძოლის ველზე წარმატება ვერ ჰპოვა და გამძაფრდა დასავლეთის შიში, რომ ამერიკელი და ევროპელი გადასახადის გადამხდელები ფულის მსხვილ დასტებს, სულ უფრო ძვირადღირებულ ჩიხურ სიტუაციაში ყრიან. რუსეთის კონტრშეტევებმა დიდი ვერაფერი შედეგი მოიტანა, მაგრამ კარგად გამაგრებული რუსული ძალები წარმატებით იგერიებენ უკრაინელთა იერიშებს და უზრუნველყოფენ ამ ქვეყნის 18%-ის კონტროლს. წელს, რუსეთმა გააძლიერა სარაკეტო დარტყმები უკრაინაზე და ამ მხრივ, მიაღწია ყველაზე მაღალ ნიშნულს ომის განმავლობაში – მან გაზარდა რაკეტებისა და სხვა საბრძოლო მასალების წარმოება
პუტინს, ასევე უნდა ახარებდეს ისრაელ-ჰამასის დაპირისპირების შედეგები. აშშ-სა და ევროპის ყურადღება გადავიდა ისრაელის სამხედრო და ომის მორევში ჩაძირული პალესტინის მოსახლეობის ჰუმანიტარულ დახმარებაზე. სიტუაციას ართულებს ისიც, რომ ვაშინგტონისა და ევროპული ქვეყნების მთავრობები სხვადასხვაგვარად ჭვრეტენ ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტს, განსხვავებით უკრაინულისგან და ეს უთანხმოება, ვითარებას კიდევ უფრო ამძიმებს. ომი ღაზას სექტორში ეხმარება რუსეთს, ამტკიცოს, რომ ამერიკას მართავენ ფარისეველი- ნეოკოლონიალისტები, რომლებიც აღავლენენ ტირადებს ადამიანის უფლებათა დარღვევებზე უკრაინაში და იმავდროულად, მწვანე შუქს უნთებენ ისრაელის სასტიკ შეტევებს პალესტინელებზე, რომელთაც უკაინელებისგან განსხვავებით, გასაქცევიც არსად აქვთ.
დასავლელი ლიდერები ჩუმად აფრთხილებენ ვლადიმირ ზელენსკის, რომ დრო მის სასიკეთოდ არ მუშაობს. მიუხედავად ვაშინგტონში მიმდინარე დაპირისპირებისა – უკრაინის მხარდაჭერის საკითხზე, ამერიკულ დახმარებას კიევი ალბათ მაინც მიიღებს. პრეზიდენტ ბაიდენს მაინც შეუძლია მიაღწიოს უკრაინისთვის ფინანსური მხარდაჭერის გამოყოფას – 60 მილიარდის ფარგლებში, როგორც მან ეს კონგრესში ითხოვა, თუმცა გაურკვეველობა ამ საკითხში, კიდევ უფრო გაღრმავდება.
დასავლეთის მცდელობა, ზელენსკი დაჰყვეს პუტინის ნებას და დაიწყოს მასთან მოლაპარაკებები, შედეგს არ მოიტანს. უკრაინის პრეზიდენტს არ შეუძლია რუსეთისთვის დათმობა იმ ტერიტორიებისა, რომელსაც ათეულ ათასობით უკრაინელი ემსხვერპლა. ეს განსაკუთრებით აქტუალურია იმ დროს, როცა საპირისპირო ხმები პოულობს გამოძახილს უკრაინულ საზოგადოებაში (იხილეთ – შეიარაღებული ძალების მეთაურის – ვალერი ზალუჟნის ამასწინდელი საჯარო კომენტარები) – ზელენსკიზე იზრდება ზეწოლა, რათა მან შეიცვალოს პოზიცია და ჩაატაროს 2024 წლის არჩევნები.
რა შეიძლება დასავლეთმა შესთავაზოს ზელენსკის, პუტინთან ვაჭრობის სანაცვლოდ? ეკონომიკური კუთხით, მას შეუძლია დააფინანსოს უკრაინის რეკონსტრუქცია რუსული აქტივების კონფისკაციის ხარჯზე. ევროკავშირს შეუძლია დაჰპირდეს უკრაინას გაერთიანებაში მყისიერ გაწევრიანებას, ხოლო ნატოს შეუძლია შესთავაზოს კიევს სრულუფლებიანი წევრობა, აქედან გამომდინარე გარანტიებით. მაგრამ ალიანსის წევრები ატლანტიკის ორივე მხარეს, შეეწინააღმდეგებიან დიდი რაოდენობით მებრძოლების გადასროლასა და იარაღის მიწოდებას. იგივე ითქმის რუსეთთან ომზე, თუ კრემლმა გააგრძელა სარაკეტო დარტყმები მთელს უკრაინაზე. აშშ-ს შეუძლია კიევისთვის უფრო დახვეწილი შეიარაღების სისტემების გადაცემა 2024 წელს. ნატოს ლიდერებს ხელეწიფებათ გამოიყენონ ნატოს 75 წლისთავისთვის მიძღვნილი სამიტი 2024 წლის ივლისში და აიღონ უკრაინის ნატოში გაწევრიანების ვალდებულება. მაგრამ რა მოხდება თუ თეთრ სახლში დონალდ ტრამპი დაბრუნდა? ან რას უქადის უკრაინის გაწევრიანება თავად ნატოს. ამ კითხვებზე დამაჯერებლად ვერავინ გიპასუხებთ.
ყოველივე ზემოთქმულის გათვალისწინებით, პუტინი არ არის დაინტერესებული რაიმე ხელშესახებ დათმობაზე წასვლით ისე, რომ ის ზელესკისთვის მისაღები იყოს. რუსეთის პრეზიდენტს შეუძლია იოლად შეკრიბოს ახალი მეომრები, თან ისეთი რაოდენობით, რასაც უკრაინა ვერ მოახერხებს. პუტინი მათ დაუყოვნებლივ გადაისვრის ბრძოლის ქარცეცხლში. მას შეუძლია დაელოდოს და დაააკვირდეს, როგორი იქნება დასავლეთის მხარდაჭერა მომდევნო წელს და რას გადაწყვეტს 2024 წელს ამერიკელი ამომრჩეველი. ამის გაცნობიერებით, ზელენსკის არა აქვს არავითარი სტიმული, რაიმე ნაბიჯი გადადგას, ის ხვდება, რომ პუტინი, ნებისმიერ შეთხვევაში, ამას სისუსტის გამოვლინებად აღიქვამს.
ყოველივე ზემოთქმულის გამო, გაურკვევლობა უკრაინაში, სულ ცოტა, კიდევ ერთი წელი გასტანს.