კამრან მამედოვი
რედაქციისგან: საიტზე InformNapalm გამოქვეყნდა სტატია აზერბაიჯანულ და რუსულ ენებზე, რომელიც აზერბაიჯანის და სომხეთის შორის კონფლიქტის გამწვავების ფონზე საქართველოში მოვლენათა განვითარების სცენარებს განიხილავს. პუბლიკაცია მოამზადა მაგისტრანტმა კამრან მამედოვმა, რომლიც იკვლევს ახლო აღმოსავლეთის და კავკასიის საკითხებს. სტატია დაიბეჭდა მსოფლიოს იმ ახალგაზრდა სპეციალისტთა ინფორმაციული მხარდაჭერის ფარგლებში, რომელთა ძალისხმევა მიმართულია ახალი სამხედრო კონფლიქტების წარმოშობისა და ინფორმაციული მანიპულაციების წინააღმდეგ. სწორედ ამ სულისკვეთების გამო, საჭიროდ ჩავთვალეთ გაგვეცნო ეს სტატია ჩვენი მკითხველისათვის, რაც სულაც არ ნიშნავს, რომ რედაქცია სრულად იზიარებს ავტორის პოზიციას
27 სექტემბერს საერთაშორისო საზოგადოება აღშფოთებული იყო ცნობით მთიან ყარაბაღში საბრძოლო მოქმედებების აქტივიზაციის შესახებ. პირველ ეტაპზე, ეს ჰგავდა მორიგ, მოკლევადიან გამწვავებას. მაგრამ უკვე სამ კვირაზე მეტია, ურთიერთდაპირისპირება გრძელდება როგორც მასშტაბური ომი, რომელიც გასცდა ყარაბაღის საზღვრებს. კონფლიქტი არა მარტო დაპირისპირებული მხარეების ტკივილად იქცა, არამედ მეზობელ სახელმწიფოებსაც სტრესულ მდგომარეობაში ამყოფებს.
საქართველო ზედმიწევნით აკვირდება მოვლენების განვითარების დინამიკას, ვინაიდან ომი პირდაპირ ემუქრება მის ნაციონალურ უსაფრთხოებას. მთავრობა შეშფოთებულია ომით გამოწვეული მეორადი ეფექტის, ეკონომიური კოლაფსის, ჰუმანიტარული კატასტროფისა და სხვა არასახარბიელო სცენარებით, რომელიც შეიძლება განვითარდეს კონფლიქტში უფრო გავლენიანი მხარეების ჩაბმის შედეგად.
არსებობს დიდი საშიშროება იმისა, რომ სამხედრო დაპირისპირება გადაიზარდოს საერთო რეგიონულ კონფლიქტში და ამ შემთხვევაში, ისევე როგორც სხვა დანარჩენი საშიშროების წინაშე, საქართველომ უნდა იმოქმედოს საკუთარი უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე -აქტიურად ითანამშრომლოს და დროულად მიაწოდოს ინფორმაცია მის მთავარ საერთაშორისო პარტნიორებს – აშ.შ.-სა და ევროპას, ამავდროულად, მან თავისი წვლილი უნდა შეიტანოს ომის ლოკალიზაციაში. რატომ არის ეს საჭირო:
- პირველი: შემდგომი კონფრონტაცია საფრთხეს უქმნის საერთაშორისო პროექტებს, კრიტიკულად მნიშვნელოვან ენერგეტიკულ და საკომუნიკაციო ინფრასტრუქტურას.
- მეორე: საკმაოდ მაღალია კონფლიქტში მსხვილი რეგიონული მოთამაშეების – რუსეთის, თურქეთის და ირანის – ჩაბმის ალბათობა.
აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ფართომასშტაბიანი საომარი მოქმედებები დაიწყო თითქმის ოცწლიანი, მეტ-ნაკლებად მშვიდობიანი პერიოდის შემდეგ. ორივე მხარისთვის ეს კონფლიქტი ეგქზისტენციური ხასიათისაა, რაც ნებისმიერ უკანდახევას გამორიცხავს.. აზერბაიჯანისთვის ეს ნიშნავს საკუთარი ტერიტორიის 20%-ის დაკარგვას, სომხეთისთვის კი ყარაბაღის დაკარგვა ასოცირდება სახელმწიფოებრიობის ნგრევასთან. სწორედ მეომარი მხარეების მეზობლად მდებარეობს საქართველო და ის აშორებს ამ მხარეებს საკუთარ პარტნიორებისაგან – თურქეთისა და რუსეთისგან.
მოცემულ სიტუაციაში, სამხედრო კონფლიქტში მონაწილე ორივე მხარეს აქვს ამბიცია საკუთარ მოკავშირესთან სტაბილური დერეფანი გააჩნდეს. თუ როგორ უნდა მიაღწიონ ამას, ეს არის მთავარი თავსატეხი:
ვარიანტი პირველი – საქართველოს თანხმობით (რაც გამორიცხულია მოცემულ სიტუაციაში)
ვარიანტი მეორე – დერეფნის სამხედრო გზით მოპოვებით.
მეორე სცენარით მოვლენების განვითარება საქართველოს ტერიტორიას ბრძოლის ველად აქცევს, და თუ მებრძოლ მხარეებისთვის ეს რესურსების საკითხია, რუსეთის ან თურქეთისთვის – ეს ტრივიალური ამოცანაა.
შექმნილ ვითარებაში აზერბაიჯანიც და სომხეთიც ცდილობს საქართველო საკუთარ მხარეს გადაიბიროს შემდეგი არგუმენტების მოშველიებით.
აზერბაიჯანი: ეს ქვეყანა თვლის, რომ საქართველომ მხარი უნდა დაუჭიროს აზერბაიჯანს, რადგან სომხეთი არის რუსეთის მოკავშირე, რომელმაც თავის მხრივ განახორციელა აფხაზეთისა და ოსეთის ოკუპაცია; აზერბაიჯანი და საქართველო სეპარატიზმის პრობლემის წინაშე დგანან, ორივე არის თურქეთის სტრატეგიული პარტნიორი და ახორციელებს ფართომასშტაბიან რეგიონულ პროექტებს.
აზერბაიჯანული მხარე იყენებს სხვა არგუმენტებსაც: სომხეთი პრეტენზიებს გამოთქვავს სამცხე-ჯავახეთის რეგიონთან დაკავშირებით,; სომხები საქართველოს წინააღმდეგ სეპარატისტების მხარდამხარ იბრძოდნენ აფხაზეთსა და ოსეთში, არაღიარებულ „მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკას“ კავშირები აქვს აფხაზეთთან და ოსეთთან; სომხებს ადრეც ბევრჯერ უღალატით საქართველოსთვის.
სომხეთი: სომხურ საზოგადოებაში აქტიურად საუბრობენ საქართველოს ღალატზე. ამ დისკურსის განვითარებას ემხრობა რუსეთიც, მაგრამ მცდარია იმის მტკიცება, რომ ეს მხოლოდ რუსეთის პროვოკაციაა და ასეთი განწყობა თავად სომხეთში არ არის.
სომხების არგუმენტები ემოციურია: სომხეთი და საქართველო – ორი დემოკრატიული სახელმწიფოა კავკასიაში:;ამჟამინდელი ყარაბაღის ომი – ეს არის ცივილიზაციების შეჯახება; ჩვენ მთელი დასავლეთი გვემხრობა, ხოლო აზერბაიჯანს სურს საქართველოს გამოსტაცოს დავით გარეჯის ტერიტორია; ფორმალურად აზერბაიჯანი არ არის რუსეთის მოკავშირე, მაგრამ ყიდულობს რუსებისგან იარაღს და მას შეუძლია უღალატოს საქართველოს საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე; თურქეთს სურს მიიტაცოს ბათუმი – თურქეთი საქართველოს ისტორიული მტერია…
ჩვენ საკმაოდ ხშირად გვესმის ეს არგუმენტები საქართველოში, მაგრამ უნდა გვესმოდეს ერთი ძალზე მნიშვნელოვანი ნიუანსი. საუკუნეების განმავლობაში აზერბაიჯანელები და სომხები კომფაქტურად ცხოვრობდნენ საქართველოში. კონფლიქტში საქართველოს მხრიდან რომელიმე სახელმწიფოს მხარდაჭერა, ნიშნავს დესტაბილიზაციას მისსავე ტერიტორიაზე, რეგიონებში მცხოვრები აზერბაიჯანელების და სომხების ურთიერთდაპირისპირებას..
საქართველო ვერ გახდება მხარე ამ კონფლიქტში და უნდა შეინარჩუნოს ნეიტრალიტეტი, ვინაიდან მისთვის ორივე ქვეყანა მნიშვნელოვანია – ორივესთან აკავშირების ისტორიული, სტრატეგიული, ეკონომიკური და პოლიტიკური ინტერესები. საქართველოს მთავარი ინტერესია საერთაშორისო თანამეგობრობა უსწრაფესად ჩაერთოს აღნიშნული კონფლიქტის მოგვარებაში, რათა რუსეთმა და თურქეთმა არბიტრის როლი დაკარგონ.
საქართველოსთვის იდეალური იქნებოდა ოფიციალური თბილისი წარმოჩენილიყო მედიატორის როლში, მაგრამ ამ ვითარებაში ეს ნაკლებ მოსალოდნელია.
ამ რთული სიტუაციის ფონზე, საქართველოს მთავრობა აქტიურად უნდა მუშაობდეს იმ ოლქების მოსახლეობასთან, რომელშიც ცხოვრობენ ეთნიკური სომხები და აზერბაიჯანელები, რათა სათავეშივე აღმოიფხვრას დეზინფორმაციული კამპანიები და სეპარატისტული მოწოდებები.