THE GUARDIAN დიდი ბრიტანეთი
ენდრიუ როთი
ლუკაშენკოს მმართველობა ათწლეულებს ითვლის, თუმცა კოვიდ-19-თან წარუმატებელი ბრძოლა, მას არჩევნებზე ბევრ პრობლემას შეუქმნის. ყოფილი ბანკირი ვიქტორ ბაბარიკო ბელორუსული ელიტის უკმაყოფილების სიმბოლოდ იქცა. პრეზიდენტი ლუკაშენკო უკვე 26 წელია ევროპის ყველაზე ავტორიტარულ სახელმწიფოს მართავს.
ბაბარიკო აქამდე პოლიტიკით არ დაინტერესებულა, მაგრამ ახლა გადაწყვიტა საპრეზიდენტო არჩევნებში კენჭი იყაროს. ამით ის ეწინააღმდეგება თავისი ქვეყნის ინტეგრაციას რუსეთთან და კორონავირუსის მიმართ ხელისუფლების „სრულიად უპასუხისმგებლო“ დამოკიდებულებას. ლუკაშენკომ უარი თქვა კარანტინის შემოღებაზე და განაცხადა, რომ ვირუსს ბელორუსები არყითაც გაუმკლავდებოდნენ. 9 მაისს მან გამარჯვების აღლუმიც ჩაატარა, რომელშიც ათასობით სამხედრო მოსამსახურე და მეორე მსოფლიო ომის სამხედრო ვეტერანები მონაწილეობდნენ.
ამჟამად ბელორუსში 54 000 დადასტურებული ინფიცირებულია აღრიცხული, მეტი ვიდრე პოლონეთში (29 700 შემთხვევა), თანაც ბელორუსი მოსახლეობის რაოდენობით მეზობელს 4-ჯერ ჩამორჩება.
„ხელისუფლებამ რეალობასთან კავშირი დაკარგა. ამის ნათელი მაგალითია კოვიდ -19-ის წინააღმდეგ მიღებული ზომები – ამბობს ბაბარიკო ინტერვიუში – ის ფიქრობს , რომ რაკი ქვეყანამ 26 წელი მორჩილებასა და სიჩუმეში იცხოვრა, მომავალშიც ასე გაგრძელდება, მაგრამ ის ბელორუსი რომელიც მათ წარმოდგენაში ცოცხლობს, აღარ არსებობს“.
ლუკაშენკომ პრეზიდენტის პოსტი პირველად 1994 წელს დაიკავა და მას შემდეგ საგულდაგულოდ დადგმულ არჩევნებში ხმების 80%-იანი მაჩვენებლით იმარჯვებს. ახლა ის უკვე მეექვსედ უმიზნებს პრეზიდენტის სავარძელს. მაგრამ ამჯერად არჩევნები მართლა ჩატარდება – წინასაარჩევნო კამპანიის ორგანიზატორებმა ასეულ ათასობით ხელმოწერა შეაგროვეს კანდიდატების დასარეგისტრირებლად.
საპასუხოდ ხელისუფლებამ ჭანჭიკების კიდევ უფრო გადაჭერას მიჰყო ხელი. ერთ კანდიდატს უკვე წაუყენეს ბრალი უწესრიგობის ორგანიზაციის გამო, გასულ კვირას კი გაჩხრიკეს ბაბარიკოს ყოფილი ბანკი. ოპონენეტები ამბობენ, რომ ლუკაშენკოს პოპულარობა მილევად რეჟიმშია. „დანამდვილებით შემიძლია გითხრათ, რომ ლუკაშენკოს მხარდაჭერა 50% -საც ვერ აღწევს – ამბობს ბაბარიკო – ამდენად ახლანდელი არჩევნები უნიკალურია.“
უკმაყოფილების მიზეზი არერთია: ეკონომიკური სიძნელეები, კოვიდ-19-თან უშედეგო ბრძოლა, სოციალურ ქსელებში კრიტიკული განწყობების მატება, სულ უფრო მზარდი სამოქალაქო საზოგადოება და დაღლა ხელისუფლებით, რომელიც იდეურად გამოიფიტა.
„ყოველივე ეს ფეთქებადსაშიშ ნაზავად გარდაიქმნება“ – ამბობს მინსკში გამომავალი გამოცემის „ჩვენი აზრის“ რედაქტორი ვალერია კოსტიუგოვა. ის აღნიშნავს, რომ ვირუსის გამო კრიზისი კიდევ უფრო გაღრმავდა. „ ახლა ყურადღების ცენტრში არჩევნებია მოქცეული, ასე რომ ხალხს იმედი აქვს, რომ როგორღაც განთავისუფლდება ლუკაშენკოსა და მისი მმართველობითი სისტეამისგან“ – განმარტავს კოსტიუგოვა.
კანდიდატი- მარიონეტების ტრადიციული კრებულის გარდა, რომელიც ლუკაშენკოსთვის არავითარ საფრთხეს არ წარმოადგენს, გამოჩნდნენ რეალური საპრეზიდენტო კანდიდატები ბელორუსის ისტებლიშმენტიდან: მაგალითად ბაბარიკო და ქვეყნის ყოფილი ელჩი აშშ-ში ვალერი ცეპკალო. მათი გამოჩენა მიუთითებს იმაზე, რომ ელიტაში ბზარი გაჩნდა. პოპულარულმა იუთუბერმა სერგეი ტიხანოვსკიმ ათასობით ბელორუსი მიიზიდა ანტიკორუფციული ლოზუნგით „შეაჩერე ტარაკანი“.
ტიხანოვსკის მომხრეებმა ლიდერის რჩევით იყიდეს ჩუსტები, რომლებითაც ძირითადად სრესენ ტარაკნებს. ამიტომ მედიის ზოგიერთმა საშუალებამ, მოძრაობას „ჩუსტების რევოლუცია’’ დაარქვა.
ხელისუფლება მკაცრად ზღუდავს სოციოლოგიურ გამოკითხვებს, მაგრამ ათასობით ადამიანი დგება გრძელ რიგებში, რათა ხელმოწერით დაადასტუროს საკუთარი რჩეულის მხარდაჭერა. მიმომხილველები ამ მოვლენას უპრეცედენტოს უწოდებენ.
„ლუკაშენკომ მოახერხა მთელი რიგი სოციალური ჯგუფების უკმაყოფილება და გაღიზიანება გამოეწვია“- განაცხადა მინსკელმა პოლიტოლოგმა არტემ შრაიბმანმა და აღნიშნა, რომ ოპოზიციის ფართო სახალხო მხარდაჭერამ დაამსხვრია მითი ლუკაშენკოს პოპულარობის შესახებ. ,,ეს ქუჩის პროტესტია, ეს არის საშუალო კლასის პოლიტიზაციის პროცესიც, იმ ფენისა, რომელიც ადრე პოლიტიკაში არ ერთვებოდა’’- დაამატა მან.
ალბათ არ არის გასაკვირი, რომ პირველად ტიხანოვი დააპატიმრეს, რომელმაც ამომრჩეველი რეგიონებიდან და მუშათა კლასიდან მიიზიდა. ეს ხალხი ადრე ლუკაშენკოს უჭერდა მხარს. ოთხშაბათს მას ბრალად წაუყენეს საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევა და გროდნოში ხელმოწერების შესაგროვებლად ჩატარებული მიტინგის დროს პოლიციელზე თავდასხმა. ტიხანოვსკის სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. დამკვირვებლები აღნიშნავენ, რომ მას პატიმრობაში დააყოვნებენ არჩევნებამდე, რომელიც 9 აგვისტოს არის დანიშნული.
,,როცა მან დამირეკა და მითხრა, რომ კენჭისყრას აპირებდა… მახსოვს რა ვუთხარი: ,,სერგეი, შენ ხომ იცი რით მთავრდება საპრეზიდენტო კამპანიები? ციხით’’ – ამბობს ბლოგერი და აქტივისტი ალექსანდრ კაბანოვი, ტიხანოვსკის შტაბის პრეს- მდივანი:,,ტიხანოვსკი ქუჩის პოლიტიკოსია და ეს არც არასდროს დაუმალავს. აი რატომ მიაკითხეს მას პირველს. მათთვის ყველაზე დიდი საფრთხე ხალხის ქუჩაში გამოსვლაა’’.
ტიხანოვსკის ცოლი სვეტლანა ამბობს, რომ ის თავად შეეცდება კანდიდატად დარეგისტრირებას, მაგრამ ამ კვირაში რამდენიმე ღონისძიების გადადება მოუწია პროვოკაციის თავიდან აცილების მიზნით, როგორც მან ეს ვიდეო მიმართვაში განაცხადა.
როგორც ჩანს, ლუკაშენკო კიდევ უფრო მკაცრი რეპრესიებისთვის ემზადება. იმავე დღეს გამომძიებლებმა გაჩხრიკეს ბაბარიკოს ყოფილი ბანკი ,,ბელოგაზპრომბანკი’’ და მასთან დაკავშირებული კომპანიები.
,,ეს შეეხო კლიენტებს ,შეეხო ჩემს მეგობრებს – ამბობს ბაბარიკო – ეს არის მასშტაბური პოლიტიკური დევნა’’.
პარასკრვს მოახდინეს ფინანსების პოპულარული პლატფორმის MOLAMOLA-ს ბლოკირება, რომლის თანადამფუძნებელი ბაბარიკოს ვაჟია. ამ პლატფორმამ დიდი როლი ითამაშა ექიმების დახმარებისა და კორონავირუსთან ბრძოლისათვის საჭირო თანხების მოძიებაში. ამდენად, ქმედება უნდა შეფასდეს, როგორც სამოქალაქო აქტივობის აღკვეთის მცდელობა.
ლუკაშენკომ განაცხადა, რომ ბელორუსში არ იქნება არავითარი რევოლუცია და ამ მეტიჩარა კამპანიებს რუსი ოლიგარქები აფინანსებენ. ეს იყო ირიბი მინიშნება ბაბარიკოზე, მისი ყოფილი ფინანსური ინსტიტუტი ,,ბელგაზპრომბანკი“, რუსული გაზპრომბანკის ქვეგანყოფილებაა.
„ ყველაფერს ვხედავ, მთავარია – ნურაფერზე იდარდებ’’ – ასე მიმართა ლუკაშენკომ გასულ კვირას საკუთარ საარჩევნო კამპანიის ხელმძღვანელს. ,,ჩვენს ქვეყანაში გადატრიალება არ იქნება. არ იქნება არც მაიდანი’’ – დაამატა ლუკაშენკომ, რომელმაც უკრაინის 2014 წლის რევოლუცია იგულისხმა.
როგორც ანალიტიკოსები მიიჩნევენ, ლუკაშენკო დასავლეთთან ურთიერთობის მოწესრიგებას ცდილობს, იმ ვითარებაში, როცა რუსეთთან დაძაბულობა სულ უფრო აშკარაა. მოსკოვი ცდილობს აიძულოს მინსკი, დათანხმდეს ,,საერთო სახელმწიფოს’’ შექმნას. ამის გამო ბელორუსის ლიდერმა შეიძლება შეასუსტოს რეპრესიები, მაგრამ მისთვის უმთავრესი მიზანი პოლიტიკური გადარჩენაა.
ბაბარიკო თავს არიდებს პროტესტისკენ მოწოდებას, თუმცა აღნიშნავს,რომ აქციები მაინც შეიძლება დაიწყოს, თუკი ხალხი თავს მოტყუებულად ჩათვლის, როგორც ეს ჩეხოსლოვაკიაში და რუმინეთში მოხდა.
,,მე არ მოვუწოდებ მათ საპროტესტო აქციებისკენ, მაგრამ თუ ხალხმა ასე გადაწყვიტა,მის გვერდით ვიქნები – აცხადებს ის – მე უფრო ხავერდოვანი რევოლუციისკენ ვიხრები, იმედის რევოლუციასკენ…რთულ, მაგრამ ხელისუფლების გადაცემის მშვიდობიან პროცესს“.