The Economist დიდი ბრიტანეთი
ყველაზე დიდი იმედი იმისა, რომ კორონა ვირუსის პანდემია შეწყდეს, ვაქცინის შექმნას უკავშირდება. კანდიდატების სია ვრცელია. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია აკვირდება ვაქცინის 34 სხვადასხვა ვარიანტს, რომლებიც გამოცდის სხვადასხვა სტადიაზე იმყოფება, მაგრამ მათი ეფექტიანობა ცალკე საკითხია. 9 სექტემბერს ფარმაცევტულმა ფირმამ AstraZeneca გამოაცხადა, რომ წყვეტდა მისი ვაქცინის გამოცდას იმის გამო, რომ ექსპერიმენტის ერთ-ერთი მონაწილე დაავადდა. ასეთი პაუზა ვაქცინაზე მუშაობის პროცესში ჩვეულებრივი ამბავია, ვინაიდან ეს ისეთი დისციპლინაა, სადაც ძალისხმევას შედეგი ყოველთვის არ მოაქვს. მაგალითად, მიუხედავად ჩატარებული უამრავი კვლევისა, დღემდე ხელმისაწვდომია ტროპიკული ციებ-ცხელების მხოლოდ არასრულყოფილი ვაქცინა (რომლის ეფექტიანობა შეზღუდულია – მას ახასიათებს საკმაოდ მძიმე გვერდითი გართულებები). 1987 წელს, მერილენდში დაიწყეს შიდსის საწინააღმდეგო ვაქცინის გამოცდა, მაგრამ 3 ათეული წლის შემდეგაც სამედიცინო კარადის ეს ორი თარო დღემდე ცარიელია
უფრო დამაიმედებელია 2 ახალი პუბლიკაცია Covid–19 -ის შესახებ. პირველი სტატიის ავტორები არიან ისლანდიური კომპანია decode genetics-ის სპეციალისტები და ის გამოქვეყნდა ჟურნალში New England journal of Medicine. პუბლიკაცია გვამცნობს ანტისხეულების დონეს 1 200 ისლანდიელში, რომლებიც დაავადნენ sars–cov-2-ით, მაგრამ გამოჯანმრთელდნენ. მათ 20%-ს დადებითი შედეგი ტესტით ორჯერ გამოუვლინდა – პირველად სნეულების შეყრისას, მეორედ კი 4 თვის შემდეგ. იმ ადამიანებს, რომლებთანაც ეს დაავადება მწვავე ფორმით მიმდინარეობდა. ანტისხეულების რაოდენობა უფრო მაღალი ჰქონდათ. იგივე შეინიშნებოდა მამაკაცებში და ხანშიშესულ ადამიანებში – ეს ორი კატეგორია რისკის ჯგუფში შედის და მათთან დაავადება უფრო მძიმედ მიმდინარეობს.
მეორე პუბლიკაციაში საუბარია იმის შესახებ, რომ მეცნიერთა ჯგუფი მაო დონგის ხელმძღვანელობით, რომელიც ბრიტანეთის სამედიცინო კვლევის საბჭოს იმუნოლოგია, დაკავებული იყო T – უჯრედების (t–cells) შესწავლით. ეს უჯრედები პრესის ყურადღებას ნაკლებად იპყრობს, მაგრამ ისინი უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს ინფექციასთან ბრძოლაში და ასევე უზრუნველყოფს ხანგრძლივ დაცვას (მათი მნიშვნელობა თვალნათელია იმუნოდეფიციტის ვირუსის მაგალითზე – უჯრედი ჯერ აღმოაჩენს, შემდეგ კი კლავს ამ ვირუსს.)
როგორც ჟურნალი Nature Emmunology იტყობინება, ამ სპეციალისტებმა შეადარეს Covid – 19-ით დაავადებული საშუალო სიმძიმის 28 პაციენტის სისხლი, 14 მწვავე ფორმით დაავადებული ადამიანისას და 16 ჯანმრთელი დონორისას. როგორც სტატიიდან ირკვევა დადასტურებულია T უჯრედების ,,ძლიერი’’ პასუხი დაავადებულ ადამიანებში და ის განსხვავებულია საშუალო და მძიმე ავადმყოფების შემთხვევაში. მაგალითად საშუალო სიმძიმის პაციენტებში აღინიშნება დიდი რაოდენობით cd8+ უჯრედი, რომელიც უშუალოდ ანადგურებს დაავადებულ უჯრედებს და არა უჯრედი cd4+, რომელიც ზოგადად არეგულირებს იმუნურ პასუხს.
სამედიცინო კვლევების საბჭოს სპეციალისტებმა აღმოაჩინეს, რომ T-უჯრედებს შეუძლია ამოიცნოს covid-19-ის ვირუსის 8 ცალკეული ნაწილი, მათ შორის პროტეინული საცეცები, რომელთა საშუალებით ხდება ადამიანის უჯრედებში შეღწევა. სამიზნეების ეს ჩამონათვალი სამომავლოდ შესაძლოა სასარგებლო აღმოჩნდეს ვაქცინის შემუშავებისთვის.
ელ ედვარდსი, წარსულში იმუნოლოგი, ახლა კი რედინგის უნივერსიტეტის ბიოქიმიის ინჟინერი (ის არ მონაწილეობდა არც ერთ ხსენებულ კვლევაში), ინარჩუნებს მოზომილ ოპტიმიზმს. მისი თქმით, იმუნური პასუხი ამ დაავადებაზე იმგვარია, როგორსაც ელოდნენ. თუ სიტუაცია არ შეიცვალა, ვაქცინებმა, რომლებიც შეიქმნა ხანგრძლივი იმუნიტეტის შესანარჩუნებლად, თეორიულად უნდა გაამართლოს.
რაც შეეხება პრაქტიკას, აქ საზეიმო არაფერია. დოქტორი ედვარდსი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ იმუნოლოგია არასდროს ყოფილა მაინცდამაინც განჭვრეტადი მეცნიერება. არსებობს ერთადერთი ტესტი, რომელიც უტყუარად აჩვენებს, რომ ვაქცინა ვარგისია – ესაა მისი გამოცდა რეალურ პირობებში.