Bloomberg აშშ
დარინა კრასნოლუცკაია
უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ ისრაელსა და ჰამასს შორის სამხედრო დაპირისპირების შედეგად, დასავლეთის ყურადღების ფოკუსმა გადაინაცვლა და საარტილერიო ჭურვების უკრაინისთვის გადაცემა – შენელდა. ეს თრგუნავს უკრაინის ძალისხმევას, რომლის კონტრშეტევა რუსული ძალების წინააღმდეგ, ჩიხში მოექცა
ზელენსკის თქმით, ახლო აღმოსავლეთში, ომში ჩართული მხარეები ცდილობენ მოიპოვონ, რაც შეიძლება მეტი 155-მილიმეტრიანი ჭურვი, რომლის მწვავე დეფიციტია უკრაინაში. ასეთი მოულოდნელი მოთხოვნილება გაჩნდა ყველაზე უფრო შეუფერებელ დროს – ევროკავშირი უკვე ღიად აცხადებს, რომ ვერ შეძლებს პირობის შესრულებასა და კიევისთვის მარტში მილიონი ჭურვის მიწოდებას.
„იარაღის გადმოცემა შემცირდა – თქვა ზელენსკიმ ჟურნალისტებთან შეხვედრაზე კიევში – ასეთია ცხოვრება, ეს ნორმალურია, რადგან ყველა საკუთარი თავის გადარჩენას ცდილობს, ჩვენ კი მტრის მოგერიება გვიწევს“.
ახლო აღმოსავლეთში გაჩაღებულმა კონფლიქტმა, მთელი სიმწვავით წამოჭრა საკითხი, შეუძლია თუ არა დასავლეთს, გააგრძელოს უკრაინის მხარდაჭერა, რომლის კონტრშეტევამ ვერ მოიტანა არსებითი შედეგი. უკრაინაში კონფლიქტი კი 21-ე თვეა გრძელდება და მალე ქვეყანაში ყინვებს დაიჭერს.
ზელენსკი მთელი კვირა არწმუნებდა თავის მოკავშირეებს, რომ მისი ძალები გეგმავენ შეტევის გაგრძელებას ზამთრის პირობებშიც. გასულ კვირაში, დელეგაცია კიევიდან ეწვია ვაშინგტონს, სადაც წარმომადგენელთა პალატამ მიიღო კანონი დაფინანსების შესახებ, რომელშიც უკრაინის დახმარება არ არის გათვალისწინებული – ყოველივე ეს, რესპუბლიკელი კონგრესმენების წინააღმდეგობას უკავშირდება.
„ახლა მე კონცენტრირებული ვარ იმაზე, რომ მივიღო დახმარება დასავლელი მოკავშირეებისგან – თქვა ზელენსკიმ – მათი ყურადღება გაიფანტა ახლო აღმოსავლეთისა და სხვა მიზეზების გამო. ასეთი მხარდაჭერის გარეშე კი – მოგვიწევს უკან დახევა“.
რუსეთი ქაოსის მოწყობას გეგმავს
აშშ-ს ხელისუფლებამ აღნიშნა, რომ უკრაინისთვის შეიარაღების მიწოდება ფერხდება და ეს დაფინანსების პრობლემით ახსნა. ნოემბერში პენტაგონმა განაცხადა, რომ დაფინანსების შეკვეცა, გამოიწვევდა უკრაინის სამხედრო დახმარების შესუსტებას. პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ მოუწოდა კონგრესს, გამოვიდეს ჩიხიდან და დაეთანხმოს 61.4 მილიარდი დოლარის გამოყოფას უკრაინისთვის.
ბაიდენმა და ევროკავშირის ლიდერებმა პირობა დადეს, რომ მხარს დაუჭერდნენ კიევს სამხედრო და ფინანსური კუთხით, მაგრამ უკრაინის კონტრშეტევამ, რომლის იმედიც ჰქონდა კიევს, ვერ უკუაგდო 400 ათასი რუსი ჯარისკაცი და ვერ მოიტანა ხელშესახები შედეგი.
უკრაინის ლიდერის თქმით, მოსკოვი ცდილობს, რომ განხეთქილება ჩამოაგდოს უკრაინულ საზოგადოებაში, შექმნას ქაოსი ქვეყანაში და მიაღწიოს პრეზიდენტის ჩამოგდებას.
„ჩვენს დაზვერვას აქვს ინფორმაცია, რომელიც მოგვაწოდეს პარტნიორებმა“ – განმარტა ზელენსკიმ, აღწერა რა შეთქმულების გეგმა, რომელსაც სადაზვერვო წრეებში მოიხსენიებენ „მაიდანი-3“-ის სახელით – ესაა მინიშნება კიევის ცენტრალურ მოედანზე, სადაც – 2004 და 2014 წლებში – მოხდა აჯანყება. 2014 წლის რევოლუციის შედეგად, დაემხო პრორუსი პრეზიდენტი ვიქტორ იანუკოვიჩი.
„მათთვის მაიდანი – გადატრიალების ტოლფასია, ამდენად ყველაფერი გასაგებია“ – დასძინა ზელენსკიმ.
უკრაინის ლიდერი, რომელიც უარს ამბობს რუს კოლეგასთან, ვლადიმირ პუტინთან მოლაპარაკებაზე, აცხადებს, რომ მისი მთავრობა არ დაეთანხმება კონფლიქტის რაიმე ფორმით გაყინვას.