Goteborgs–Posten შვედეთი
ჰაკან ბუსტრომი
ბელორუსიას, რომელსაც ჩვენ ახლა ბელორუსს ვუწოდებთ, ხშირად მოიხსენიებენ ევროპის უკანასკნელ დიქტატურად. ეს მთლად სწორი, არ უნდა იყოს. რუსეთიც, თავისთავად დიქტატურაა, თუმცა პუტინს მისი ხალხი გაცილებით მეტად უჭერს მხარს, ვიდრე ბელორუსები, მის მინსკელ კოლეგას
გასული წლის ბოლომდე, ბელორუსი თითქმის მივიწყებული დიქტატურა იყო, მიუხედავად იმისა, რომ გეოგრაფიულად ზედ ევროკავშირის საზღვართანაა განლაგებული. მაგრამ დიქტატორ ლუკაშენკოს თაღლითობამ არჩევნებზე, ამის თანმხლებმა სახალხო პროტესტებმა და სასტიკმა რეპრესიებმა რეჟიმის მხრიდან, აიძულა მსოფლიო, გარკვეული დროით მზერა მისთვის მიეპყრო. მსოფლიოს ის-ის იყო, ისევ უნდა დაეკარგა ინტერესი ქვეყნისადმი, რომ უეცრად, კვირის დასაწყისში, ლუკაშენკომ სამხედრო ძალის გამოყენებით აიძულა ათენიდან ვილნიუსისკენ მიმავალი თვითმფრინავი მინსკში დაშვებულიყო – იმისთვის, რომ ბორტზე მყოფი ოპოზიციონერი ჟურნალისტი დაეპატიმრებინა. რეაქცია სამართლიანად მკაცრი იყო. როცა ევროკავშირის მეზობელი ქვეყანა აიძულებს ევროკავშირის ერთი დედაქალაქიდან მეორეში მიმავალ სამგზავრო ხომალდს დაფრენას – ეს აშკარად მტრული ქმედებაა, რომელიც ეწინააღმდეგება ყველა საერთაშორისო კონვენციას. ევროკავშირმა საპასუხოდ, გაამკაცრა სანქციები ბელორუსის მიმართ და აკრძალა ამ ქვეყნის თვითმფრინავების მიღება.
ევროკავშირისა და დანარჩენი მსოფლიოსთვის პრობლემა ისაა, რომ პრაქტიკულად ეს სანქციები ნაკლებეფექტიანია. ბელორუსი – კრემლის მარიონეტი ქვეყანაა. ლუკაშენკო რამდენჯერმე ეცადა პუტინისგან დისტანცირებას, მაგრამ მას შემდეგ, რაც მისი პოზიციები შესუსტდა, ნათელია – ვინ იღებს გადაწყვეტილებებს.
ევროკავშირის სანქციებს მოჰყვა ის, რომ ბელორუსი კიდევ უფრო ჩამოეკიდა მფარველს კრემლიდან, მაგრამ ევროკავშირს სხვა არჩევანი არ ჰქონდა, გარდა იმისა, რომ გამოეხატა ლუკაშენკოს მიმართ გულისწყრომა, ქვეყნის შიგნით დემოკრატი აქტივისტებისადმი კი მხარდაჭერა. მაგრამ ისევ და ისევ – ევროკავშირის პრობლემას ,,რუსეთი’’ ჰქვია. თუ მოსკოვში არ შეიცვალა ავტორიტარული რეჟიმი, ბელორუსი, კვლავ დარჩება დიქტატურად. კრემლმა დაკარგა კონტროლი უკრაინის დიდ ნაწილზე. ის არ აპირებს, რომ ახლა ბელორუსი დათმოს. მაგრამ, როგორ უნდა მოხერხდეს ზეგავლენა რუსეთზე? თეორიულად ევროკავშირს შეუძლია მკაცრი სანქციების გამოყენება რუსეთის მიმართ, მაგრამ სწორედ რუსული გაზით თბება სახლების უმეტესობა აღმოსავლეთ ევროპაში (ფინეთის ჩათვლით). ეკონომიკური ინტერესები, რომელიც რუსეთთან ვაჭრობას უკავშირდება, ზოგიერთ რეგიონებში ძალზე ცხოველია და ამდენად, ევროგაერთიანებაში ეს საკითხი განხეთქილებას წარმოშობს. ბერლინი ახლა გაზსადენსაც კი აშენებს რუსეთთან ერთად.
ამას გარდა, რუსეთსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობის გაფუჭება, ხელს უწყობს რუსეთ – ჩინეთის კავშირების განმტკიცებას. ევროკავშირი აწყდება ერთგვარ ავტორიტარულ „მატრიოშკას,’’ სადაც ჩინეთი ყველაზე დიდი ფიგურაა, რუსეთი საშუალო, ბელორუსი კი პატარა.
ევროკავშირს ისღა დარჩენია, მოთმინებით, შორსმჭვრეტელურად წარმართოს რუსეთის ხელისუფლების ლიბერალიზაციის სამუშაო. ამგვარი მუშაობის დროს, საჭირო იქნება, დროდადრო მკაცრი პოზიციის დაკავება, როცა კი ამის საჭიროება გაჩნდება. კრემლს, ქადაგება ნაკლებად ესმის, მაგრამ ძალისმიერ ენას ემორჩილება. ამ გათვლით წარმართულმა სტრატეგიამ, შეიძლება გარკვეული შედეგი მოიტანოს.
სიმართლე კი ისაა, რომ რუსეთის პრობლემატიკის ფესვები ისტორიის სიღრმეშია საძიებელი – რუსეთის შიგნიდან შეცვლა რთული ამოცანაა, გარედან ამის გაკეთება კი ურთულესი. თუ პუტინის რეჟიმი დაემხობა, თუნდაც ეკონომიკური წნეხის შედეგად და რუსეთი ვერ შეძლებს ამ დროისთვის ლიბერალიზაციას, დიდია ალბათობა, რომ უბრალოდ ახალი ავტორიტარული რეჟიმი დამყარდება, შესაძლოა უფრო ნაციონალისტური და არაპროგნოზირებადიც, ვიდრე დღევანდელი.
რუსეთის ევროპეიზაციას აგერ უკვე სამი საუკუნეა ცდილობენ, მაგრამ ეს პროცესი ისევე მდორედ მიედინება, როგორც რუსეთის დიდი მდინარეები. მიუხედავად ამისა, ევროკავშირმა ამ მიზნიდან – ხელი არ უნდა აიღოს.