POLITICO აშშ
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა პარლამენტის თანაპარტიელი წევრები უნდა დაარწმუნოს, რომ ნანობს – და შემდეგ გააგრძელოს მუშაობა
ლონდონი – ბორის ჯონსონი შეეცადა, გადაეშალა კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების პერიოდში გამართული პარტიული შეხვედრებით გამოწვეული სკანდალის ფურცელი, შეახსენა რა პარლამენტის წევრებს, რომ მას მნიშვნელოვანი როლი აკისრია უკრაინაში მიმდინარე ომში.
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, რომელიც გასულ კვირას პოლიციამ დააჯარიმა 2020 წელს გამართული შეხვედრის გამო (როცა კოვიდრეგულაციებით იკრძალებოდა შეკრება დახურულ სივრცეში), სამშაბათს ბოდიში მოიხადა პარლამენტის წინაშე – „სრული მოწიწებით“.
შეხვედრა გაიმართა ჯონსონის დაბადების დღეზე, მალევე კოვიდის დაწყებიდან. ჯონსონი ირწმუნება, რომ ღონისძიებას მცირე ხნით შეუერთდა და რომ არ უფიქრია, თუ წესს არღვევდა.
პრემიერ-მინისტრმა, ჯარიმის დაკისრებიდან პალამენტის წევრებთან პირველივე შეხვედრაზე, განაცხადა, რომ „ესმის წყენა და მრისხანება საზოგადოების მხრიდან“ და ის, რომ „ადამიანები უკეთ მოქცევას ელიან თავიანთი პრემიერისგან“.
თუმცა ჯონსონი მყისიერად გადაერთო ომზე, რომელმაც უკრაინა მოიცვა და აღნიშნა, რომ საზოგადოების რისხვამ, ის მიახვედრა „პრიორიტეტებს და რომ ბრიტანელი ხალხის საუკეთესო ტრადიციებიდან გამომდინარე, ის ვალდებულია საკადრისად უპასუხოს პუტინის ბარბაროსულ შეტევას უკრაინაზე’’.
მან ხაზი გაუსვა მსოფლიო ლიდერებთან ვირტუალურ შეხვედრას, რომელსაც ის სამშაბათ დილას ესწრებოდა, ასევე ისაუბრა ამასწინდელ ვიზიტზე კიევში, შეხვედრაზე პრეზიდენტ ვლადიმირ ზელენსკისთან, ახსენა ისიც, რომ პრეზიდენტმა მაღალი შეფასება მისცა ბრიტანეთის რეაქციას რუსეთის აგრესიაზე.
ლეიბორისტების ლიდერი – ქეირ სთარმერი ამ ანკესს არ წამოეგო. მან პრემიერი დაადანაშაულა „გადაცდომებსა და საკითხისთვის გვერდის ავლის მცდელობაში“ და ჯონსონის საქციელი ასე შეაფასა: „ეს არ არის უმნიშვნელო ხარვეზი სისტემაში. ეს არის მისი არსის გამომხატველი. ეს არის ის, რასაც ის აკეთებს“.
საფიაჰ ნგაჰმა, კოვიდ-19-ის ჯგუფის – „დაღუპულთა ოჯახები სამართლიანობისთვის“- წარმომადგენელმა, აღნიშნა, რომ ჯონსონის ბოდიში – ეს „არის სიტყვა ადამიანისა, რომელიც იმაზე წუხს, რომ დანაშაულზე წაასწრეს და არა იმ კაცისა, რომელიც სხვებისთვის მიყენებულ ზიანს განიცდის“.
ამ დღეებში ჯონსონს ალბათ უფრო თანაპარტიელების რეაქცია ადარდებს – პრემიერის ბედი ახლა თანაპარტიელების ხელშია, თუმცა მათ ჯერჯერობით არ მოუხდენიათ შიდაპარტიული გამოკითხვის ინიცირება – ჯონსონის ლიდერად დარჩენის საკითხზე.
ტორების წევრმა პარლამენტში და კაბინეტის ყოფილმა წევრმა მარკ ჰარპერმა, ჯონსონს გადადგომისკენ მოუწოდა და თქვა, რომ ის „უკვე აღარ იმსახურებს იმ საპატიო პოსტს, რომელიც უკავია“. მაგრამ მას კონსერვატორების მხოლოდ მცირე ნაწილი შეუერთდა.
ოთხშაბათს ჯონსონის სიმტკიცეს კიდევ ერთხელ გამოსცდიან, როცა პარლამენტარები იმსჯელებენ, გადასცენ თუ არა, ეს საკითხი თემთა კომიტეტს, რომელიც განიხილავს პარლამენტისადმი უპატივცემულობის პრობლემატიკას, იმ ვითარებაში, როცა ჯონსონმა გაურკვევლობაში ამყოფა პარლამენტის წევრები – მან თქვა, რომ ყველა კოვიდრეგულაცია დაცული იყო.
პრმიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ მას ეს არ ჩაუდენია წინასწარი განზრახვით – ახლა მისი დაცვა დამოკიდებულია იმაზე, რამდენად სარწმუნოდ მიიჩნევენ მის არგუმენტს პარლამენტის წარმომადგენლები. პარლამენტის გაურკვევლობაში ჩაყენება – ტრადიციულად გადადგომით მთავრდება.
ჯონსონმა დაადასტურა, რომ უკვე გადაიხადა პოლიციის მიერ გამოწერილი ჯარიმა და პარლამენტის წევრებს შეახსენა, რომ გამოძიება ჯერ კიდევ არ დასრულებულა. მისივე თანაპარტიელი კრიტიკოსები ვარაუდობენ, რომ ხმის მიცემა ამ კვირაში ჯონსონის სასარგებლოდ დასრულდება. მაგრამ ისინი ასევე ამბობენ, რომ ეს აისახება პარტიის მდგომარეობაზე და კონსერვატორების გამოსვლაზე მომავალ თვეში დაგეგმილ ადგილობრივ არჩევნებზე, მით უფრო, თუ ჯონსონი კიდევ დააჯარიმეს გაცილებით „ხმამაღალ“ დარღვევაზე.
ერთ-ერთმა მაღალი რანგის კონსერვატირმა განაცხადა, რომ ჯონსონის კოლეგები, თავს „ იმედგაცრუებულად“ გრძნობენ, მაგრამ ისინი „დაელოდებიან არჩევნების შედეგებს“.