ბილ ემოტი
Project Syndicate – დუბლინი
თანამდებობის ვადაზე ადრე დატოვება, იაპონიის ყველაზე გრძელვადიან პრემიერ-მინისტრს – შინზო აბეს, საშუალებას აძლევს თვითონ აირჩიოს წასვლის პირობები და არა მისმა ხმალამოღებულმა მეტოქეებმა. ის ტოვებს ქვეყანას, რომელსაც ფუნდამენტური ეკონომიკური პრობლემები,გააჩნია, თუმცა, ამავდროულად, მეტადაა მზად მსოფლიოში საკუთარი გზის გასაკვლევად.
შინზო აბეს მოულოდნელი გადადგომით (ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო) დასრულდა იაპონიის ყველაზე გრძელვადიანი პრემიერ-მინისტრის მმართველობა. 1945 წლიდან მოყოლებული,მსოფლიოში ყველაზე აღიარებული იაპონელი სახელმწიფო მოღვაწის გარდა, აბე, აგრეთვე, აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან გოლფის თამაშის ყველაზე მეტად მოყვარული მსოფლიო ლიდერი იყო.
მართალია, აბე იაპონიის ეკონომიკას კვლავ სუსტ მდგომარეობაში ტოვებს, თუმცა მან თავდაცვისა და საგარეო პოლიტიკის საკითხებში ქვეყანა ბევრად ძლიერი და დამოუკიდებელი გახადა. ვინც არ უნდა დაიკავოს მისი თანამდებობა, სავარაუდოდ ამავე გზაზე გააგრძელებს სვლას, რაც კარგი ამბავია აღმოსავლეთ აზიაში მშვიდობის დამცველებისთვის და ზოგადად, კანონზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგისთვის.
აბეს მმართველობის ვადა 2021 წლის სექტემბერში უნდა ამოწურულიყო, თუმცა მისი რეიტინგი ისტორიულ მინიმუმამდე დაეცა, რამაც პრემიერობისთვის მორიგ კენჭისყრას აზრი დაუკარგა. შესაბამისად, მისი წასვლის მანერაც, სათავეში თითქმის რვა წლიანი ყოფნის შემდეგ, მისი პოლიტიკური ცხოვრების ძველი პრინციპებიდან გამომდინარეობს. პარტიის სტაჟიანი ლიდერისთვის, რომელმაც იცის, რომ მისი პოლიტიკური კარიერის დასასრული მოახლოვდა, უმჯობესია თვითონვე წამოაყენოს თანამდებობის დატოვების პირობები, ვიდრე მისმა მეტოქეებმა გამოაგდონ.
აბეს ახალგაზრდობიდან აწუხებს წყლულოვანი კოლიტი, დამაუძლურებელი სენი, რომელმაც ერთხელ აქამდეც აიძულა გადადგომა, 2007 წელს, გაპრემიერებიდან ერთი წლის შემდეგ. პირველ გადადგომას სერიოზული პოლიტიკური სირთულეები დაემთხვა, რამაც 2012 წელს მისი დაბრუნება კიდევ უფრო მნიშვნელოვნად აქცია. საავადმყოფოში ორი კარგად ფართოდ გაშუქებული ვიზიტის გათვალისწინებით, აბეს ჯანმრთელობის გაუარესება დამაჯერებელია. მიუხედავად ამისა, ტოკიოს ოლიმპიური თამაშების მომავალი ზაფხულისთვის გადადების გათვალისწინებით, რთული დასაჯერებელია, რომ ის მაინცდამაინც ახლა გადაწყვეტდა გადადგომას, რომ არა სერიოზული პოლიტიკური ზეწოლა.
საერთაშორისო გადმოსახედიდან, აბეს პოპულარობის ვარდნა მოულოდნელი იყო, იმის გათვალისწინებით, რომ ქვეყანაში covid-19-ის 1300-ზე ნაკლები შემთხვევა დაფიქსირდა და იაპონია ეკონომიკურადაც უფრო ნაკლებად დაზარალდა, ვიდრე შეერთებული შტატები და ევროპის ქვეყნების უმრავლესობა. აბეს მთავრობამ კრიტიკა არამდგრადი კომუნიკაციითა და პანდემიის საპასუხოდ შესამჩნევად უდარდელი ეკონომიკური პოლიტიკით დაიმსახურა. ასევე, თანამდებობაზე ყოფნის ამდენი წლის განმავლობაში დაგროვილმა სკანდალებმა და ქვეყნის უცვლელი მმართველობის გადაღლილობამაც თავისი როლი ითამაშა.
გარდა ამისა, მზარდი იყო იმედგაცრუება ეკონომიკისა და ცხოვრების დონის მდგომარეობით. აბეს ხმამაღლა გარეკლამებული ეკონომიკური პროგრამა – „აბენომიკა“ – სწრაფი მონეტარული ექსპანსიის, გარკვეული ფისკალური სტიმულებისა და ზრდაზე ორიენტირებულ სტრუქტურულ რეფორმებზე საუბრისგან შედგებოდა. თუმცა მისი შედეგები მწირი აღმოჩნდა, მით უმეტეს ლიდერისგან, რომელმაც სამჯერ გაიმარჯვა საყოველთაო არჩევნებში და დიდი ხნის განმავლობაში ეკუთვნოდა ძლიერ საპარლამენტო უმრავლესობას.
აბენომიკა წარმოადგენდა პროგრამას, რომელსაც უნდა დაეძლია დეფლაცია, დაეჩქარებინა ეკონომიკური ზრდა და მეორე ფაზაში, ხელი შეეწყო შობადობის დონის ზრდისთვის იაპონიაში. მართალია, ფასებმა ვარდნა შეწყვიტა, მაგრამ იმედები დაბალი ინფლაციის აღდგენასა და ხელფასების ზრდაზე დაიმსხვრა. ეკონომიკური ზრდა, 2012 წელსა და ამჟამინდელ პანდემიას შორის, ცოტა უკეთესია წინა დეკადასთან შედარებით, თუმცა ეს უმეტესად იმის დამსახურებაა, რომ არ მომხდარა ისეთი დიდი შოკი, როგორიც 2008 წლის ფინანსური კრიზისი ან 2011 წლის მიწისძვრა და ცუნამი იყო. შობადობის დონე კი უცვლელი რჩება.
აბეს მთავრობამ ნამდვილად გაატარა არაერთი მცირე, სასარგებლო რეფორმა, მათ შორის კორპორაციული მართვის ახალი კოდექსი, კომპანიებისთვის ინფორმაციის გასაჯაროების გაუმჯობესებული წესები, ბავშვთა ჯანდაცვაზე გაზრდილი ხარჯები და ჯანმრთელობისთვის სახიფათოდ ხანგრძლივ ზეგანაკვეთურ დროზე მკაცრი ლიმიტები; მიუხედავად ამისა, უფრო ღრმა რეფორმების გატარების გეგმები კონკურენტული გარემოს გასაძლიერებლად, ან ვერ განხორციელდა, ან დაიბლოკა მსხვილი ბიზნესების მიერ. მთლიანი სამუშაო ძალის თითქმის 40% მოკლევადიან, დროებით კონტრაქტებზე რჩება და მართალია დასაქმებული ქალების რაოდენობა გაიზარდა, მაგრამ მათგან ძალიან ცოტამ თუ მიაღწია მმართველ პოზიციებამდე.
აბემ ვერც მისი უდიდესი ამბიციის მიღწევა შეძლო, რაც იაპონიის 1947 წლის კონსტიტუციისთვის გადახედვას და ქვეყნის შეიარაღებული ძალებისთვის სტატუსის ნორმალიზებას გულისხმობდა, დოკუმენტიდან ცნობილი პაციფიზმის მუხლის (თავი მე-9) ამოღების საშუალებით. იაპონელი საზოგადოება ასეთი ცვლილების მოწინააღმდეგე რჩება, აბეს ლიბერალ-დემოკრატებმა (ლდპ) კი თავიანთი მძლავრი საპარლამენტო უმრავლესობა პაციფისტური ფესვების მქონე ცენტრისტულ ბუდისტურ გუნდ „კომეიტოსთან“ კოალიციისკენ მიმართეს. ვინაიდან კონსტიტუციაში ცვლილების შესატანად საჭიროა პარლამენტის ყოველ პალატაში მინიმუმ 2/3-იანი უმრავლესობის, ხოლო ეროვნულ რეფერენდუმზე მარტივი უმრავლესობის ქონა, აბემ ოცნების რეალიზება ვერ შეძლო.
რაც შეეხება მის მემკვიდრეობას, აბეს ტრადიციონალისტად დაიმახსოვრებენ (იაპონური გაგებით). ლდპ-ში ის “ახალი კონსერვატორების“ გუნდს უძღვება, რომელიც მხარს ძლიერ სახელმწიფო ცენტრალურ მმართველობას, დამკვიდრებული ღირებულებების დაცვას და ყველაზე მეტად, უფრო ძლიერ და ავტონომიურ საგარეო და თავდაცვის პოლიტიკას უჭერს. ამ პრიორიტეტებით კი ის ნამდვილად ხელმძღვანელობდა.
დროდადრო, ის ტრამპთან მონურად ახლო ურთიერთობისკენაც იხრებოდა. თუმცა ის ასევე მიისწრაფვოდა იაპონიის ავტონომიური როლის გაეძლიერებინა ისეთ საკითხებში, როგორიცაა ვაჭრობა. 2007 წელს მისი ძალისხმევით მოხერხდა 12 ქვეყნის წყნარ-ოკეანური პარტნიორობის გადარჩენა, მას შემდეგ, რაც ტრამპის ადმინისტრაცია შეთანხმებიდან გავიდა. იაპონიამ აგრეთვე შეთანხმებას მიაღწია ევროკავშირთან ორმხრივი თვისუფალი ვაჭრობის ორგანიზების საკითხში და მალე დაიწყება პარალელური შეთანხმება დიდ ბრიტანეთთან.
გარდა ამისა, აბემ გააძლიერა იაპონია-ინდოეთის თავდაცვითი ურთიერთობები. თუმცა, იაპონიის საომარი ისტორიის რევიზიონისტულ ხედვაზე ხაზგასმით, მან ურთიერთობა სამხრეთ კორეასთან – იაპონიის უახლოეს მეზობელსა და აშშ-ს პარტნიორთან უსაფრთხოებაში – ახალ უდაბლეს წერტილამდე დაიყვანა, ქვეყნის მემარცხენე მიმართულებით გადახვევის შემდეგ.
შეჯიბრი პოტენციურ მემკვიდრეებს შორის ლდპ-ში რამდენიმე თვეა ფარულად მიმდინარეობს. მაგრამ ისედაც აშკარაა, რომ არც ერთი მოწინააღმდეგე ლიდერი – თავდაცვის მინისტრი ტარო კონო, ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი ფუმიო კიშიდა, სამთავრობო მდივანი იოშიჰიდე სუგა და აბეს ძველი მეტოქე, შიგერუ იშიბაც კი – არ მოისურვებს ქვეყნის საგარეო პოლიტიკური პოზიციის შერბილებას. პირიქით, შეიძლება ისიც სცადონ, რომ კონკურენტულები უსაფრთხოების საკითხებზე უფრო ძლიერი პოზიცის ქონით გამოჩნდნენ, მაგალითად მხარი დაუჭირონ სამხედრო ხარჯების გაზრდას, ჩრდილოეთ კორეის სარაკეტო საფრთხეებზე წინმსწრები იერიშის შესაძლებლობების შემუშავებას, ან აღმოსავლეთ ჩინეთის ზღვაში ჩინური საზღვაო თავდასხმების წინააღმდეგ უფრო მკაცრ რეაგირებას.
1952 წელს, ამერიკული ოკუპაციის დასრულებიდან მოყოლებული, იაპონიის არც ერთ პრემიერ- მინისტრს სერიოზულად არ განუზრახავს აშშ-სთან ურთიერთობის გაწყვეტა. თუმცა, იმის გაცნობიერებით, რომ ამერიკა სულ უფრო ნაკლებ სანდო და კოოპერატიული მოკავშირე გახდა, განსაკუთრებით ტრამპის დროს, აბემ საფუძველი მოამზადა იაპონიისთვის რომ განვითარდეს მეტი დამოუკიდებლობისა იდეა მსოფლიო პარტნიორებთან ერთად საკუთარ ქსელს შექმნის შესახებ. ეს სტრატეგია კი ძალაში რჩება.