Spread the love
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  

The Times   დიდი ბრიტანეთი

ჯორჯ გრილსი, ოლივერ რაითი

 

ბორის ჯონსონმა მიანიშნა გარკვეულ დათბობაზე რუსეთთან ურთიერთობაში, მას შემდეგ, რაც ბოლო წელიწადნახევრის განმავლობაში, პირველად დაურეკა პუტინს

იტყობინებიან, რომ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს სურს მოსკოვთან კავშირი დაამყაროს, მიუხედავად რიგ საკითხებზე არსებული უკმაყოფილებისა – დაწყებული ყირიმის თემით და დამთავრებული 2018 წლის მოწამვლის ფაქტით სოლსბერიში.

დიდი ბრიტანეთის და რუსეთის ლიდერებმა ორმხრივი პრიორიტეტები განიხილეს სატელეფონო საუბარში, რომელიც 25 ოქტომბერს, კონფერენცია  Cop26-ის წინ გაიმართა. მსოფლიო ლიდერების ამ თავყრილობაში, რომელიც  მომდევნო კვირისთვისაა დაგეგმილი – პუტინი არ მიიღებს მონაწილეობას.

პუტინი დიდი ხნის განმავლობაში არ ცნობდა კლიმატურ ცვლილებებს,  თავისი წაუსვლელობა გლაზგოს კონფერენციაზე, მან რუსეთში კორონავირუსის გამო შექმნილი მძიმე ვითარებით ახსნა. ამ ქვეყანაში დააავადების რეკორდული მაჩვენებლები – მკაცრი ლოქდაუნით დასრულდა.

პუტინის გადაწყვეტილება არ წასულიყო გლაზგოში, დაემთხვა გაერთიანებული სამეფოსა და რუსეთს შორის არსებულ დაძაბულობას. აგვისტოში დიდმა ბრიტანეთმა სანქციები დაუწესა რუსეთის სადაზვერვო სამსახურის ოფიცრებს, რომლებსაც პასუხსმგებლობა ეკისრებათ ოპოზიციონერ ალექსეი ნავალნიზე განხორციელებულ თავდასხმაში.

სანქციების შემოღებიდან მოკლე ხანში, რუსეთმა ბი ბი სის მოსკოვში აკრედიტებულ ჟურნალისტი სარა რეინსფორდი ქვეყნიდან გააძევა. ეს მოხდა მას შემდეგ, რაც მისმა რეპორტაჟმა ბელორუსიიდან, გააღიზიანა ალექსანდრე ლუკაშენკოს მომხრეები – ლუკაშენკო პუტინის მოკავშირედ ითვლება. სექტემბერში დიდმა ბრიტანეთმა დაასახელა სოლსბერიში მომხდარი ტერაქტის მონაწილე მესამე ეჭვმიტანილის ვინაობა, როცა დაშავდნენ რუსეთის უშიშროების ყოფილი აგენტი სერგეი სკრიპალი, მისი ქალიშვილი იულია და ბრიტანული პოლიციის ოფიცერი, ხოლო ადგილობრივი მაცხოვრებელი  დონ სტერჯესი დაიღუპა. მესამე ეჭვმიტანილი აღმოჩნდა რუსეთის დაზვერვის მაღალი რანგის წარმომადგენელი – დენის სერგეევი. კრემლმა ამ ინფორმაციას დაცინვით უპასუხა.

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ მოსკოვთან ურთიერთობა „არ არის ისეთი, როგორიც გვსურს“ და რომ არსებობს „მნიშვნელოვანი პრობლემები ორმხრივ ურთიერთობაში“. თუმცა,  მისი თქმით, დიდ ბრიტანეთს და რუსეთს „ხანგრძლივი ისტორიის გამო“ მართებთ თანამშრომლობა. ორივე ლიდერმა მოახერხა გარკვეული პროგრესი რიგ საკითხებში, მათ შორის, ირანის ბირთვულ შეთანხმებასთან დაკავშირებით.

ბრიტანეთის სამთავრობო წყაროზე დაყრდნობით, ჯონსონს სურდა „ კონტაქტის დამყარება“ პუტინთან, რათა სამომავლოდ პროგრესისთვის მიეღწია. „ლაპარაკია, პრაგმატულ, გონივრულ დიპლომატიაზე ისეთ საკითხებში, სადაც არსებობს საერთო ინტერესები, მათ შორისაა  კლიმატის ცვლილება და ირანის ბირთვული შეთანხმება“- განმარტა ამ წყარომ.

ამ სატელეფონო საუბრის შედეგებზე, განცხადება გააკეთა კრემლმაც: „ რუსეთის პრეზიდენტმა და დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა – გაცვალეს პოზიციები ორმხრივ ურთიერთობაში არსებულ სიტუაციაზე. გამოითქვა საერთო აზრი, რომ მიუხედავად არსებული პრობლემებისა, საჭიროა მოსკოვისა და ლონდონის ურთიერთქმედება სხვადასხვა მიმართულებით“.

By admin