Spread the love
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  

LE FIGARO საფრანგეთი

ვიქტორ რუარი 

 

5 აპრილს ვლადიმირ პუტინმა ხელი მოაწერა კანონს, რომლის თანახმად, მას კიდევ ორი საპრეზიდენტო ვადით შეუძლია კენჭი იყაროს. ექსპერტი საერთაშორისო და თავდაცვის საკითხებში ადრიან დეზიუენი თვლის, რომ ეს სიახლე ამყარებს პუტინის ძალაუფლებას, მაგრამ იმავდროულად, წამოჭრის რუსეთის ხელისუფლების ქმედუნარიანობის საკითხს პუტინის წასვლის შემდეგ

LE  FIGARO: ვლადიმირ პუტინმა ხელი მოაწერა კანონს, რომლის ძალით, მას შეუძლია საკუთარი კანდიდატურის დაყენება ახლანდელი საპრეზიდენტო ვადის დასრულების შემდეგაც. რა სიგნალს აძლევს ის ამით დანარჩენ სამყაროს?

ადრიან დეზიუენი: პუტინი ინარჩუნებს თავისუფალი მანევრის შესაძლებლობას საერთაშორისო პარტნიორებთან ურთიერთობაში, რომლებიც დამძიმებულნი არიან შუალედური ან ხელახალი არჩევნებით. ამ კანონის ხელმოწერით, ის მათ ძლიერ სიგნალს უგზავნის: უახლოეს წლებში, მათ მოუწევთ მისთვის ანგარიშის გაწევა. რამდენად პარადოქსულადაც არ უნდა ჩანდეს, ის ქმნის პრეზიდენტის სურათს, რომელიც ვერ ახერხებს გარდამავალი პერიოდის ორგანიზებას, ან ლიდერისას, რომელსაც არ გამოსდის ძალაუფლების დატოვება, ანუ მიანიშნებს, რომ მისი ძლიერი პიროვნება განუყოფელია რუსეთის ბედისწერისგან.

საკონსტიტუციო რეფორმა კიდევ უფრო აძლიერებს პუტინის ძალაუფლებას, მაგრამ ეს შეიძლება სისუსტის გამოვლინებადაც ჩაითვალოს.

ხანგრძლივ პრეზიდენტობას მოაქვს სტაბილურობა, მაგრამ ეს იმასაც აჩვენებს, რომ რუსული დემოკრატია –  ვერ მუშაობს პუტინის გარეშე. პუტინი სავარძელში 20 წელია ზის, მაგრამ ის არ არის მარადიული. მის დაბერებას მოჰყვება ძლიერი დაპირისპირება მემკვიდრეებსა და მოწინააღმდეგეებს შორის, რომლებიც ცნობილნი არიან რევოლუციური მიდრეკილებებით. ვფიქრობ, პუტინის დონის პოლიტიკოსი 100 წელიწადში ერთხელ იბადება. დამატებითი საპრეზიდენტო ვადის გამოყენების შემთხვევაში, ის  გაცილებით ხანგრძლივად იქნება ხელისუფლებაში, ვიდრე სტალინი იყო! მაგრამ გადაიტანს პუტინისტური დემოკრატია მის წასვლას პოლიტიკიდან?

        – რა შედეგები მოჰყვება ხელისუფლების ასეთ გახანგრძლივებას მოსკოვის დასავლელ პარტნიორებთან ურთიერთობაში?

        –  ვინაიდან ევროპული ქვეყნები სწორებას მეტ- ნაკლებად ამერიკულ   პოზიციაზე აკეთებენ, ისინი უეჭველად შეუერთდებიან ჯო ბაიდენს ჯვაროსნულ ლაშქრობაში – რუსეთის დემოკრატიზაციის მოთხოვნით. თანაც რუსეთის სამეფო კარზე, გადატრიალება ნაკლებად სავარაუდოა, ხოლო ნავალნის დაბრუნება და მისი ვიდეო პუტინის საპრეზიდენტო სასახლის შესახებ, მხოლოდ და მხოლოდ, ქარიშხალია ჭიქაში. მართალია საკონსტიტუციო რეფორმა დიდი ხნის წინ გამოცხადდა, მაგრამ ბაიდენის მოსვლამ კიდევ უფრო გაართულა მოსკოვისა და ევროპის ურთიერთობა, რამდენადაც, მისი ადმინისტრაცია წნეხს ახორციელებს მოსკოვზე, როგორც „ ახლო საზღვარგარეთის,“ ისე დასავლეთ ევროპის საშუალებით.

              ბაიდენის ინტერვიუ, სადაც მან პუტინს „მკვლელი“ უწოდა, რუსეთის ლიდერის ირონიული პასუხი და აშშ-ს პრეზიდენტის დაცემა თვითმფრინავის ტრაპზე – ყოველივე ეს, ტონს მისცემს უახლოეს წლებს. იქნება აქტიური წნეხი, რომ საქართველო და უკრაინა ნატოში მიიღონ. საფრანგეთი და გერმანია, დღემდე ამის წინააღმდეგნი იყვნენ და მათ მოუწევთ დააზუსტონ თავიანთი პოზიცია, რადგან ეს წარმოადგენს პებტაგონის მიზანს. აშშ სულ უფრო შეურიგებებლი ხდება რუსეთის მიმართ. ეს ნათლად ჩანს „ჩრდილოეთ ნაკადი-2“-ის მაგალითზე, როცა ბერლინმა უკუაგდო ვაშინგტონის ულტიმატუმი, რამაც გაგვახსენა ვაშინგტონის საფრანგეთზე ძალდატანება „მისტრალების“  გაყიდვის საკითხში. მთლიანობაში, აშშ სულ უფრო ეყრდნობა ცენტრალურ ევროპასა და ბალტიის ქვეყნებს, ასევე იყენებს საფრანგეთსა და გერმანიას შორის არსებულ წინააღმდეგობებს.

      –  რუსეთის ძალების მობილიზაციამ საზღვრებთან (უკრაინის), გააჩინა კონფლიქტის გამწვავების საფრთხე. როგორი სიტუაცია იქმნება?

–  აშშ უბიძგებს უკრაინას იმისკენ, რომ დაიწყოს დონბასის ბრძოლით დაბრუნება და კიდევ ერთხელ წამოჭრას ყირიმის საკითხი. ამერიკული არმია რუსეთის წინააღმდეგ მაღალი ინტენსივობის კონფლიქტში არ ჩაებმება. შედეგები იქნება უმძიმესი, თუ გავითვალისწინებთ რუსეთის ბირთვულ შესაძლებლობებს. აშშ უკრაინაში გაშუალებულად თამაშობს, რაც გულისხმობს ლოჯისტიკურ და ფინანსურ მხარდაჭერას. სამხედრო ძალების გადაადგილება ორივე მხარეს შეინიშნება, მაგრამ უფრო სერიოზული არაფერი ხდება. უკრაინული გამანადგურებლების პარკის განახლებას, მოსკოვი თვალს აქტიურად მიადევნებს.

ასეთ ვითარებაში, პარიზს შეუძლია გადატვირთოს მინსკის პროცესი, მოახდინოს რუსეთის, უკრაინის, გერმანიისა და საფრანგეთის ლიდერთა შეხვედრის ორგანიზება. 5 მაის ნაპოლეონის გარდაცვალებიდან 200-წლიანი  ცერემონია, იძლევა ამის მშვენიერ შესაძლებლობას და დაძაბულობის განტვირთვის შანსს?

რუსეთის მოსახლეობა ჯერ კიდევ უჭერს მხარს პრეზიდენტის პოლიტიკას?

  • დიახ, მაგრამ სულ უფრო ნაკლებად. უკრაინის ომის შედეგად, აშკარაა პოლიტიკური ცვეთა. ელცინისა და პუტინის ეპოქაში გაზრდილ ახალგაზრდა თაობას, აღარ ახსოვს 1980-1999-იანი წლების ნგრევა. ახალგაზრდობა განახლებას ესწრაფის. მიუხედავად ამისა, რუსეთის მოქალაქეების უმრავლესობა პასიურ პოზიციას ინარჩუნებს პუტინის ხელისუფლებაში დარჩენის საკითხისადმი. ქვეყნის სტაბილურობა, როგორც ჩანს, მოსახლეობას გაცილებით მეტი უღირს.

               

                

By admin