Handelsblatt გერმანია
დიტმარ ნოიერი
ბერლინი – დაზვერვის ფედერალური სამსახურის (დფს) შეფასებით, რუსეთის მოსახლეობა, მთლიანობაში მხარს უჭერს პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს და იზიარებს მის სამხედრო მიზნებს უკრაინაში
„ჩვენ დაგვრჩა შთაბეჭდილება, რომ მთელი რუსი ხალხი მზადაა, გაჰყვეს პუტინს და მიაჩნია, რომ სამხედრო მოქმედებები აუცილებელია, რადგან ნატოს მტრული ალიანსი, წარმოადგენს აგრესორს“ – განაცხადა დფს-ს პრეზიდენტმა – ბრუნო კალმა პოდკასტი Table Today-ში. რუსი ხალხი თვლის, რომ რუსეთისთვის ღირსებისა და დიდების საკითხია, ჩაერთოს კონფლიქტში და ასე ვთქვათ – მოაშოროს არსებული უსამართლო რეჟიმი უკრაინას“.
კალის აზრით, პუტინის ურყევი მხარდაჭერა იმით აიხსნება, რომ კრემლის მეთაური სრულად აკონტროლებს მედიას. ეს მას საშუალებას აძლევს, „მოახდინოს მთელი ქვეყნით მანიპულირება – დასავლეთიდან აღმოსავლეთამდე და ნებისმიერი მიმართულებით.“ რა თქმა უნდა, „ პოლიტიკურ წრეებში აზრი იყოფა საომარ მოქმედებებში ამა თუ იმ ნაბიჯის მიზანშეწონილობის თაობაზე“. კალის თქმით, „კონფლიქტით დაღლა“ შეიმჩნევა იმ ადგილებში, სადაც მიმდინარეობს საომარი მოქმედებები და სადაც ჯარისკაცები ხედავენ, რამდენად „ბევრი ადამიანი ეწირება ომს.“
„მაგრამ ეს არაფერს ცვლის. უბრალოდ პოულობენ იმაზე მეტ მოხალისეს, ვიდრე საჭიროა“ – გვიხსნის დაზვერვის უფროსი. „ცალკეული ადამიანები, ჯგუფებიც კი, ტოვებენ თვითნებურად ფრონტს, მაგრამ სიტუაცია უცვლელია, რაკი ახერხებენ მოიძიონ საჭიროზე მეტი მოხალისე“, ამბობს დაზვერვის უფროსი. „ცალკეულ ადამიანს ან ცალკეულ დაჯგუფებას – რუსეთის სამხედრო მანქანაში, არასდროს ენიჭებოდა განსაკუთრებული მნიშვნელობა“.
დფს-ს ხელმძღვანელი დაზვერვის მონაცემებზე მიუთითებს და ამბობს, რომ პუტინი არ დაკმაყოფილდება უკრაინით და შესაძლოა გადასწვდეს ნატოს ტერიტორიებს. „ჩვენ დარწმუნებული ვართ და გაგვაჩნია სადაზვერვო მონაცემები იმის თაობაზე, რომ უკრაინა, მხოლოდ ერთი ნაბიჯია დასავლეთისკენ სავალ გზაზე“ – ამბობს ბრუნო კალა.
როგორ შეამოწმებს რუსეთი – ნატოს ბლოკის სიმტკიცეს
მიუხედავად ზემოთქმულისა, ეს არ ნიშნავს, რომ დიდ ჯავშანკოლონებს გადაისვრიან აღმოსავლეთიდან დასავლეთისკენ, აგრძელებს კალი. „ეს ჯერჯერობით არ ჩანს, მაგრამ მიგვაჩნია, რომ ნატოს ვალდებულებები მოკავშირეების წინაშე – კოლექტიური თავდაცვის თვალსაზრისით, შემოწმდება სიმტკიცეზე“. მოსკოვში არიან პოლიტიკოსები, რომლებიც აღარ თვლიან, რომ ნატოს მეხუთე მუხლი მოქმედებს: „მათ სურთ, ამის შემოწმება“.
ამ სცენარში, იგულისხმება ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების მეხუთე მუხლი. თუ რუსეთი თავს დაესხმება ნატოს წევრ ქვეყანას, ხელშეკრულების მონაწილეებმა, საჭიროების შემთხვევაში, მას უნდა გაუწიონ სამხედრო დახმარება. 2006 წლიდან, კიბერსივრცე ასევე განიხილება სამხედრო მოქმედების თეატრად. ამიერიდან ნატო, შეტევას მის მონაცემთა გაცვლის ქსელებზე, განიხილავს ისეთივე თავდასხმად, როგორც სახმელეთო, საზღვაო და საჰაერო ძალების მიერ განხორციელებულ იერიშს. ნატოს წევრებს, ასევე შეუძლიათ სამხედრო მდგომარეობის გამოცხადება კიბერშეტევის საპასუხოდ. ამგვარად კომპიუტერი, ასევე წარმოადგენს „იარაღს“.
დფს-ს შეფი განმარტავს, რომ სამოკავშირეო ურთიერთობათა სიმყარის შესამოწმებლად, სრულიად არაა საჭირო მასშტაბური დაბომბვა ან ჯავსანსატანკო ნაწილების გამოყენება. „საკმარისია გაგზავნო „მწვანე ადამიანები“ მომცრო ჯგუფებად ესტონეთში – რუსული ჩაგრული უმცირესობების დასაცავად“.
კალი, ამით მიანიშნებს რუსეთის 11 წლისწინანდელ ქმედებაზე, როცა მოსკოვმა მიიტაცა ყირიმის ნახევარკუნძული. მაშინ მოსკოვმა გამოიყენა რუსი სპეცნაზელები ამოსაცნობი ნიშნების გარეშე, რომელთაც მაშინ – „მწვანე კაცები“ უწოდეს. 2014 წლის 18 მარტს, სახელმწიფო დუმამ, ნახევარკუნძული ჩართო რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში. მისი ეს გადაწყვეტილება ჯერ არ უღიარებიათ საერთაშორისო დონეზე.
ნატოს ჩრდილო-აღმოსავლური მრავალნაციონალური კორპუსის მეთაური – გენერალი იურგენ-იოახიმ ფონ ზაბდრადტი თვლის, რომ „ესტონეთის სცენარი რეალისტურია“. მოსკოვი ეცდება ალიანსი სიმტკიცეზე შეამოწმოს, მაგალითად კალინინგრადთან პირდაპირი გზის გაჭრას ან განახორციელოს ესტონეთის და/ან ლატვიის – ოკუპაცია“, აცხადებდა გენერალი ამასწინანდელ ინტერვიუში გაზეთ Tagesspiegel-თან. „ამისთვის შესაძლებელია რუსულენოვანი უმცირესობების გამოყენება ბალტიისპირეთის ქვეყნებში“. ის თვლის, რომ მსგავსი სცენარები შეიძლება გამოიყენონ ალიანსის ერთიანობის შესამოწმებლად და იმის დასადგენად, რამდენად შორს წამსვლელია მოსკოვი.
ფდს-ს ხელმძღვანელი უკრაინის კონფლიქტის შესახებ: „პუტინი ითხოვს მხოლოდ კაპიტულაციას, სხვა არაფერს.“
დაზვერვის ფედერალური სამსახური, გერმანიისა და ევროპის ირგვლივ შექმნილ სიტუაციას, სერიოზულს უწოდებს. რუსეთის ხელისუფლების მიზანია – გაავრცელოს საკუთარი გავლენა დასავლეთით, აღნიშნავს კალი – მათ სურთ ნატოს უკუგდება 90-იანი წლების მდგომარეობამდე“. რუსებს სურთ, ამერიკელები განდევნონ ევროპიდან და ამისთვის ისინი გამოიყენებენ „ყველა საშუალებას“. მზვერავი გვაფრთხილებს : „ეს სათავეშივე უნდა აღიკვეთოს“. შეკავება, ესაა „ყველაზე ნაკლებსისხლიანი“ საშუალება, რათა თავიდან აიცილო ომი.