Die Welt გერმანია
უკრაინა და რუსეთი ვერ დაუბრუნდებიან 1991 წლის საზღვრებს. აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტი – ჯეი დი ვენსი პოსტკასტში გვიხსნის, თუ რამდენად ფუჭია უკრაინელთა მხრიდან ამის მოლოდინი. ის გვიყვება მოლაპარაკების მიმდინარეობაზე
ვიცე-პრეზიდენტი სკეპტიკურად მიიჩნევს იმას, რომ საკმარისი შეუპოვრობის შემთხვევაში, უკრაინა შეძლებს რუსეთის განდევნას თავისი ტერიტორიებიდან. „თუ კონფლიქტი გაგრძელდა, ისინი აქედან გამარჯვებული ვერ გამოვლენ – განაცხადა მან კონსერვატორ პოდკასტერთან და აქტივისტთან – ჩარლი კირკთან ორშაბათის ინტერვიუში – ვფიქრობ, ძირითად მედიასაშუალებებში გაბატონებული შეხედულება მცდარია, რომ თუ საბრძოლო მოქმედებები კიდევ რამდენიმე წელი გაგრძელდა, რუსები დამარცხდებიან, უკრაინელები დაიბრუნებენ ტერიტორიებს და ყველაფერი ისე იქნება, როგორც კონფლიქტამდე. ეს აცდენილია რეალობას, რომელშიც ვცხოვრობთ“.
თუ კონფლიქტი კიდევ რამდენიმე წელი გასტანს, ამ ქვეყნების საზოგადოებებს ელით კოლაფსი, თქვა ვენსმა და მიუთითა დემოგრაფიულ სიტუაციაზე რუსეთსა და უკრაინაში. დაიღუპება მილიონობით ადამიანი და კონფლიქტი შეიძლება გადაიზარდოს ბირთვულ ომში – აღნიშნა ვიცე-პრეზიდენტმა – ეს საფრთხე უნდა გამოირიცხოს.
მან „დიდი მიღწევად“მიიჩნია ის, რომ აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მისი პოლიტიკით, სამშვიდობო მოლაპარაკებები ბევრად წინ წასწია, ვიდრე მისმა წინამორბედმა ჯო ბაიდენმა წლების განმავლობაში. „ყველაზე დიდი გარღვევა არის ის, რომ ჩვენ ვუბიძგეთ მხარეებს იქითკენ, ეთქვათ რა სურთ, რათა კონფლიქტი დაასრულონ“ – თქვა ვენსმა.
„ხან უკრაინელები იწვევენ მოულოდნელ იმედგაცრუებას, ხან კი რუსები – განაგრძო ვენსმა – ასეა თუ ისე, სწორედ ამაშია მოლაპარაკებათა პროცესის არსი. ხან გიწევს დაპირების გაცემა, ხან უნდა დაიმუქრო დასჯით. დიპლომატიის ამოცანაა, ორივე მხარე მიიყვანოს დიალოგის მაგიდასთან. ჩვენ დიდი ძალისხმევას ვიჩენთ. დღეს მეტი ოპტიმიზმი მაქვს, ვიდრე 2 კვირის წინ მქონდა“ – აღნიშნა ვენსმა.
გასულ კვირაში, ტრამპმა წარმოადგინა სამშვიდობო გეგმა, რომელიც რუსეთის სასარგებლოდ მნიშვნელოვან ტერიტორიულ დათმობებს მოიცავს. აშშ-მ დაპირება გასცა, რომ ოფიციალურად ცნობს ყირიმს რუსეთის ნაწილად, ასევე დე-ფაქტო აღიარებს მოსკოვის კონტროლს ლუგანსკსა და ოკუპირებული დონეცკის, ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქების ნაწილებზე. არც კიევი და არც მოსკოვი, ამ წინადადებას, აღფრთოვანებით არ შეგებებია.
რუსეთი ცდილობს დაწინაურებას სუმის ოლქში
ამასობაში ფრონტზე შეტაკებები გრძელდება. უკრაინის ხელისუფლების მონაცემებით, რუსეთი ცდილობს შექმნას ბუფერული ზონა ქვეყნის ჩრდილო- აღმოსავლეთში. თუმცა როგორც Telegram-ში სუმის ოლქის გუბერნატორი – ოლეგ გრიგოროვი იტყობინება, ჯერჯერობით „არსებით წარმატებას“ მოსკოვმა ვერ მიღწია. მან უარყო ცნობა, რომ რუსმა სამხედროებმა კონტროლი დააწესეს 4 საზღვრისპირა დასახლებულ პუნქტზე. გრიგოროვის თქმით, ბრძოლა გრძელდება. უკრაინის სამხედრო-საჰაერო ძალების ცნობით, ღამით რუსეთმა 100 უპილოტო აპარატით შეუტია მეზობელ ქვეყანას. 37 ერთეული ჩამოაგდეს, 47 კი უკვალოდ გაქრა. დნეპროპეტროვსკის ოლქში – დაიღუპა 12 წლის გოგონა.
ვლადიმირ ზელენსკი უფრთხის რუსული არმიის შეტევას ბელორუსის მხრიდან. სამშაბათს ვარშავაში მან განაცხადა, რომ სექტემბრისთვის „რუსეთი ამზადებს რაღაცას – ერთობლივი სამხედრო სწავლების საფარქვეშ“.
ორშაბათს მოსკოვმა გამოაცხადა სამი დღით ცეცხლის შეწყვეტა – 8-დან 11 მაისამდე, როცა გაიმართება ფაშისტურ გერმანიაზე გამარჯვების საზეიმო ღონისძიებები.