Spread the love
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  

El País  ესპანეთი

ველენ დომინგეს სევრიანი, მიგელ გონსალესი

 

  აროლო ლასარო, რომელიც ივნისში დატოვებს ლიბანში განლაგებული „ცისფერი ჩაფხუტების“ 10 000-იანი კონტიგენტის მეთაურის პოსტს, მაღალ თანამდებობაზე დანიშვნის მთავარი კანდიდატია

ესპანეთი სათავეში ჩაუდგება ევროკორპუსს – სამხედრო შენაერთს, რომელსაც ხშირად მოიხსენიებენ მომავალი ევროპული არმიის წინამორბედად. ესპანეთის არმიის სამვარსკვლავიანი გენერალი, 2 წლით უხელმძღვანელებს ევროკორპუსის ტაქტიკურ ოპერაციათა შტაბს. ის  განლაგებულია ფრანგულ სტრასბურგში, ევროკავშირის ცენტრში. ეს არის ადგილი, სადაც მდინარე რაინი, XX საუკუნის პირველ ნახევარში, ორ მოსისხლე მტერს – გერმანიასა და საფრანგეთს – აშორიშორებდა. მეორე მსოფლიო ომის შემდგომ კი, ის ძველი სამყაროს ერთიანობას განასახიერებს.

სექტემბერში, პოლონელი პეტრ ბლაზეუშის ადგილს, ესპანელი ოფიცერი დაიკავებს. მართალია საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ მიღებულა, მაგრამ ამ თანამდებობაზე ყველაზე შესაფერის კანდიდატად, გენერალ-ლეიტენანტი – აროლდო ლასარო მიიჩნევა, რომელიც ივნისში ტოვებს გაეროს დროებითი ძალების მეთაურის პოსტს ლიბანში. 2022 წლის თებერვლიდან, ლასარო მშვიდობისმყოფელთა 10 000-კაციან კონტიგენტს უძღვება, რომელიც განლაგებულია ე.წ. „ლურჯი ხაზის“ ჩრდილოეთით. ეს ხაზი წარმოადგენს საზღვარს ლიბანსა და ისრაელს შორის.

კონტიგენტის ამოცანაა – თვალყური ადევნოს თუ რამდენად იცავენ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას –  შიიტური დაჯგუფება „ჰეზბოლა“ და ისრაელის არმია.

ლასაროს მანდატი ერთ-ერთი ყველაზე რთულია გაეროს მისიებს შორის, ვინაიდან გენერალს მუშაობა უწევს გამუდმებული სროლებისა და ისრაელის მხრიდან არაერთი შეჭრის პირობებში. ისრაელი დღემდე აკონტროლებს  5 დასახლებულ პუნქტს ლიბანის ტერიტორიაზე და „ცისფერ ჩაფხუტებს“ დიდი ძალისხმევის გაღება უწევთ, რათა არ დაუშვან შემდგომი ესკალაცია.

ესპანელი გენერლის მეთაურობით, ევროპულ კორპუსს შეიძლება მოუწიოს სამშვიდობო მისიის გაძღოლა უკრაინაში. იგეგმება მოსკოვსა და კიევს შორის  ცეცხლის შეწყვეტის მომავალი შეთანხმების მონიტორინგი. თუმცა სამხედრო წყაროები მიუთითებენ, რომ გენერალურ შტაბს, ამ ჰიპოთეტურ ოპერაციის  დროს, გაუძღვებიან ფრანგი და ბრიტანელი სამხედროები, რაკი ისინი იჩენენ განსაკუთრებულ აქტიურობას (მისიის რეალიზაციის თვალსაზრისით). ნატოსა და ევროკავშირის  დროშების ქვეშ, ევროკორპუსს დიდი გამოცდილება აქვს მსგავსი ამოცანების შესრულებაში -. ასე იყო ბოსნია-ჰერცოგოვინაში, კოსოვოში, ავღანეთში, მალისა და ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში.

ევროკორპუსი შეიქნა 1992 წელს, ლა როშელის სამიტზე, ფრანგი ფრანსუა მიტერანისა და გერმანელი ჰელმუტ კოლის ინიციატივით. დღეს ის აერთიანებს 6 წევრ-სახელმწიფოს: გერმანიას ბელგიას, ესპანეთს, საფრანგეთს, ლუქსემბურგსა და პოლონეთს. ამას გარდა, არსებობს 5 ასოცირებული წევრიც: საბერძნეთი, იტალია, რუმინეთი, თურქეთი და ავსტრია. გენერალი ჩაიბარებს ბაზას  სტრასბურგში, რომლის ფუნქციობაში ესპანეთის წვლილი ასე გამოიყურება: წლიური ბიუჯეტის 21% და  1000-კაციანი სამხედრო პერსონალი. შტაბს შეუძლია უხელმძღვანელოს საარმიო კორპუსს –  65 000 ჯარისკაცისა და ოფიცრის შემადგენლობით.

უახლოეს თვეებში უნდა მიიღონ გადაწყვეტილება, გადაიყვანენ  თუ არა ევროკორპუსის დაქვემდებარებაში ევროკავშირის საბრძოლო ჯგუფებს  – მცირე ზომის ქვეითთა რაზმებს, რომლებიც ბრიუსელის აზრით, აუცილებელია სწრაფი, „ქირურგიული“ ჩარევისთვის. ისინი არასდროს გამოუყენებიათ რეალურ საბრძოლო მოქმედებებში, 2008 ანუ მისი შექმნის წლიდან. ბოლო დრომდე, კორპუსის წევრი ქვეყნები დამოუკიდებლად მართავდნენ ამ საბრძოლო ჯგუფებს, რაც აზრთა სხვადასხვაობას იწვევს – საბიუჯეტო განსხვავებებიდან და ქვეყნების პოლიტიკური მისწრაფებებიდან გამომდინარე. „ეს გადაწყვეტილება ევროკორპუსს გააძლიერებს“ – ამგვარი პოზიცია გამოხატა ქვეითთა ერთ-ერთმა კადრის პოლკოვნიკმა. ამასთან საბრძოლო ჯგუფების გამოყენებისთვის, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, საჭიროა წევრი-ქვეყნების თანხმობა.

ბოლო კვირეებში, ესპანეთის მთავრობამ გადადგა რამდენიმე ნაბიჯი ევროკორპუსის მიმართულებით, რომელიც უნდა იქცეს ევროკავშირის უსაფრთხოებისა და სტაბილურობის გარანტად.

ესპანეთის თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა – მარგარიტა რობლესმა, 15 მარტს მოინახულა ევროკორპუსის შტაბ-ბინა და ამით გახდა პირველი თავდაცვის მინისტრი, რომელიც სტუმრობდა ამ ორგანოს. პარალელურად, მისი კოლეგები განიხილავდნენ მოსალოდნელი მისიის თემას  უკრაინაში. ეს მისია განხორციელდება მაშინ, თუ გაირკვა შესაძლო შეთანხმების დეტალები და თუ ის თავის თავში გააერთიანებს ევროპული ქვეყნების უსაფრთხოების გარანტიებსაც, მათ შორის ესპანეთისას. 19 მარტს, ევროკორპუსის მეთაური პეტრ ბლაზეუში ჩაფრინდა მადრიდში და შეხვდა ესპანეთის უმაღლეს მთავარსარდლობას.