Reuters დიდი ბრიტანეთი
მოსკოვი – რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა, შაბათს გამოაცხადა კურსკის ოლქში უკრაინული შეტევის „სრულ კრახით“ დასრულებისა და უკრაინელების კონტროლირებადი ბოლო სოფლების განთავისუფლების შესახებ
ტრამპის ადმინისტრაცია აძლიერებს დიპლომატიურ მცდელობებს უკრაინაში ომის დასასრულებლად. ამასთან პუტინმა განაცხადა, რომ უკრაინული არმიის განდევნა რუსული მიწიდან, გზას უხსნის მოსკოვს შემდგომი წარმატებებისკენ – ახლა უკვე მოწინააღმდეგის ტერიტორიებზე.
უკრაინულმა არმიამ დაიკავა კურსკის სასაზღვრო ზოლის მიმდებარე ტერიტორია გასული წლის მოულოდნელი შეტევის შედეგად, რამაც პუტინს ბევრი თავსატეხი გაუჩინა. მას შემდეგ, რუსი მებრძოლები განუხრელად ცდილობდნენ მათ განდევნას საკუთარი ტერიტორიიდან, ბოლო დროს უკვე ჩრდილოკორეელების მხარდაჭერით.
„კიევის რეჟიმის ავანტიურა – ბოლომდე ჩაფლავდა“ – განაცხადა პუტინმა კრემლის მიერ გამოქვეყნებულ ვიდეოფრაგმენტში მას შემდეგ, რაც მოისმინა რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების გენშტაბის უფროსის – ვალერი გერასიმოვის ანგარიში. „მოწინააღმდეგის სრული განადგურება კურსკის სასაზღვრო ზოლში, ქმნის ხელსაყრელ პირობებს ჩვენი მებრძოლების წარმატებული მოქმედებისთვის ფრონტის სხვადასხვა მნიშვნელოვან უბნებზე“- განაცხადა პუტინმა.
გერასიმოვმა პუტინს მოახსენა, რომ შაბათს უკანასკნელი დასახლებული პუნქტი კურსკის ოლქში – სოფელი გორნალი – „განთავისუფლებული იქნა უკრაინული ნაწილებისგან“. „კურსკში შემოჭრილი უკრაინის შეიარაღებული ფორმირებების განადგურება უკვე დასრულდა“ – შეაჯამა გერასიმოვმა.
გერასიმოვმა მაღალი შეფასება მისცა ჩრდილოკორეელი ოფიცრებისა და ჯარისკაცების წვლილს კურსკის ბრძოლებში, რომლებმაც გამოავლინეს „მაღალი პროფესიონალიზმი, სიმამაცე და გმირობა“, ასრულებდნენ რა საბრძოლო ამოცანებს რუსი სამხედროების მხარდამხარ. უკრაინელი ჩინოვნიკების მონაცემებით, ჩრდილოეთ კორეამ კონფლიქტის ზონაში მიავლინა 14 000 ჯარისკაცი და სამიათასიანი მხარდამჭერი კონტიგენტი დანაკლისის შესავსებად. იმის გამო, რომ მათ არ ჰქონდათ ჯავშანტექნიკა და საბრძოლო მოქმედებებში უპილოტოების გამოყენების პრაქტიკა, კორეელებმა თავიდან მძიმე დანაკარგი განიცადეს, მაგრამ მოგვიანებით შეძლეს ადაპტირება.
უკრაინის პრეზიდენტ ვლადიმირ ზელენსკის იმედი ჰქონდა, რომ მტრის ტერიტორიის დაკავება, მას გამოადგებოდა მომავალ მოლაპარაკებებში სავაჭროდ.
ზელენსკიმ თქვა, რომ, შაბათს რომში, მას ჰქონდა (როგორც თეთრ სახლში განმარტეს – „მეტად პროდუქტიული“) შეხვედრა აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან – აქ ორივე ლიდერი ესწრებოდა რომის პაპ ფრანცისკეს დაკრძალვას.
ტრამპი წნეხს ახორციელებს ზელენსკიზე, რათა ამ უკანასკნელმა უარი თქვას უკრაინის ტერიტორიის ნაწილზე. ეს დააჩქარებს სამწლიანი კონფლიქტის დასრულებას, რომელსაც მოჰყვა მასშტაბური მსხვერპლი და ნგრევა ქალაქებში, დაბებსა და სოფლებში – უკრაინის მთელს ტერიტორიაზე.