UnHerd დიდი ბრიტანეთი
ფილიპ პილკინგტონი – მაკროეკონომისტი, ინვესტიციების ექსპერტი, ავტორი წიგნისა – Reformation in Economics
ორშაბათს – ოქრომ დაამყარა მორიგი რეკორდი, გადალახა რა 3 400 დოლარიანი ზღრუბლი. ამ ძვირფას მეტალს, დღეს საუკეთესო მაჩვენებლები აქვს საფინანსო ბაზრებზე. ზოგზოგიერთებმა ლამის მისი ქება-დიდება აღავლინეს და მას XXI საუკუნის უბადლო აქტივი უწოდეს. უახლოეს პერიოდში ოქროს ფასის წარმმართველი იქნება ტრამპის სავაჭრო პოლიტიკის ზეგავლენა, რომელიც ახლა არყევს ფინანსურ ბაზრებს. თუმცა გრძელვადიან პერსპექტივაში, ამ ტენდენციის მკვებავი აღმოჩნდება აგრესიული დედოლარიზაციის პროცესი
ამერიკული დოლარი, 2015 წლიდან მოყოლებული, თმობს საკუთარ პოზიციებს. მისთვის ეს ყველაზე ხანგრძლივი წარუმატებლობის მონაკვეთია და როგორც ჩანს, ეს ვალუტა განაგრძნობს ვარდნას. როცა უკრაინაში, ომის დაწყების შემდეგ, ბაიდენის ადმინისტრაციამ დააყადაღა რუსული აქტივები, დაირხა ხმები, რომ ეს აღმოჩნდებოდა დოლარის, როგორც მსოფლიოს ერთიანი სარეზერვო ვალუტის – დასასრულის დასაწყისი.
აპრილის დამდეგს, სტივენ მირანი, ეკონომიკურ მრჩეველთა საბჭოს ხელძღვანელი, გამოვიდა სიტყვით, რომ ასეთი სიტუაცია იწვევს „გამუდმებულ სავალუტო გადახრებს – სხვა ქვეყნების უსამართლო სავაჭრო ბარიერებთან ერთად და ხელს უწყობს გაუსაძლის სავაჭრო დეფიციტს“. შემდეგ მან დასძინა: „ეს სავაჭრო დეფიციტი ანადგურებს ჩვენი წარმოების სექტორს, დარტყმას აყენებს მუშათა ოჯახებს, მათ ერთობებს და ყველაფერი ეს ხდება იმიტომ, რომ არაამერიკელებმა იოლად ივაჭრონ“.
ბაზრის ბევრმა მონაწილემ ჩათვალა, რომ თეთრი სახლი შეგნებულად მოძრაობს იმ მიმართულებით, რათა დოლარმა დაკარგოს სარეზერვო ვალუტის სტატუსი. მაგალითად ნორმალურ ვითარებაში, როცა ინვესტორები იწყებენ ნერვიულობას, ისინი ცდილობენ აქციებისგან გათავისუფლებას და ფულს აბანდებენ ამერიკის სახელმწიფო ობლიგაციებში. ამას ეწოდება, „გაქცევა უსაფრთხო ადგილისკენ“. მაგრამ ახლა ინვესტორები ჰყიდიან ობლიგაციებსაც და აქციებსაც. ეს მიუთითებს, რომ ისინი აღარ მიიჩნევენ რომელიმე ამერიკულ აქტივს უსაფრთხოდ.
ოქროზე ფასის ასეთი მყისიერი ზრდა – გაყიდვების მეორე მხარეა. რაკი ინვესტორები კარგავენ ამერიკული დოლარის ნდობას, მათ სულ უფრო ნაკლები სივრცე რჩებათ სახსრების დასაბანდებლად. ერთ-ერთი ასეთი ალტერნატივა არის ძვირფასი ლითონები. ასე რომ, ჩვენ მომსწრე ვართ არა დროებითი მოვლენის, არამედ მსოფლიო ფულად სისტემაში მიმდინარე სტრუქტურული ძვრების.
მირანი მართალია, როცა ამბობს, რომ დოლარის სარეზერვო სტატუსი, ვნებს აშშ-ს ეკონომიკას. ის უბიძგებს ჭარბი მოხმარებისა და არასაკმარისი კაპიტალდაბანდებისკენ, მთლიანობაში ზედმეტ ტვირთად აწვება ქვეყანას. მაგრამ დოლარის ჰეგემონიაზე უარი, იქნება მეტად მტკივნეული. დოლარი ეცემა და მასთან ერთად მცირდება ამერიკელების მსყიდველუნარიანობა იმპორტულ საქონლის მიმართ, ფასები კი იზრდება.
ყოველივე ეს შეიძლებოდა წარმართულიყო თანდათანობით – დოლარის მიმზიდველობის კლების პარალელურად, მაგრამ ტრამპის ადმინისტრაციის სავაჭრო პოლიტიკა და რიტორიკა აჩქარებს ამ პროცესს. ფედერალური სარეზერვო სისტემა (ფსს), აპირებს გაზარდოს საპროცენტო განაკვეთები, რათა შეზღუდოს ინფლაცია. მეორე მხრივ, თეთრ სახლი ფსს-გან მოითხოვს განაკვეთების დაწევას და ამის გამო, თავს ესხმის მის თავმჯდომარე – ჯერომ პაუელს.
ჯინი განთავისუფლდა ბოთლიდან. როგორც ჩანს, ტრამპის ადმინისტრაცია მზადაა ბოლომდე მისდიოს თავის რისკიან ეკონომიკურ სტრატეგიას. ახლა მან კურსის შეცვლა რომც სცადოს, უკვე გვიანია. აშშ-ს ელის კარგა ხნის წინ მომწიფებული – გადაბალანსირება. მაგრამ ტრამპის ადმინისტრაციის აგრესიული მიდგომა მოასწავებს, რომ მომხმარებლებისთვის ამ პროცესის შედეგი, იქნება მტკივნეული. რას მოიტანს ეს ყოველივე, სიკეთეს თუ ბოროტებას, ძნელი სათქმელია, ერთი კი ცხადია აშშ-ს მოუწევს მძიმე საფასურის გადახდა, რის თავიდან აცილებასაც, ის დიდი ხანია ცდილობს.