Bloomberg აშშ
ჯოშ ვინგროუვი და აკაილა გარდნერი
არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თქვა, რომ კიევი უნდა მოელაპარაკოს მოსკოვს შეიარაღებული კონფლიქტის დასრულების შესახებ, ამასთან ტრამპმა დააკნინა რუსეთის მიერ დაკავებული ტერიტორიების მნიშვნელობა. ეს იყო მორიგი სიგნალი იმის შესახებ, რომ ის აპირებს, კატეგორიულად მოითხოვოს კონფლიქტის დარეგულირება, ეს კი ნიშნავს რუსეთის მონაპოვრის დაკანონებას
„ ის უნდა იყოს მზად შეთანხმების დასადებად და მორჩა – განაცხადა ტრამპმა უკრაინის პრეზიდენტ ვლადიმირ ზელენსკის მისამართით, ფლორიდაში მდებარე კლუბ მარ-ა-ლაგოში გამოსვლისას – შეთანხმება უაღრესად მნიშვნელოვანია, უამრავი ადამიანია დაღუპული“.
ტრამპმა თქვა, რომ საუკუნეა საჭირო უკრაინული ქალაქების აღსადგენად, რომლებიც რუსეთმა მიწასთან გაასწორა. მან სკეპტიკურად მოიხსენია უკრაინის ოპტიმიზმი, დაიბრუნოს დაკარგული ტერიტორიები. ტრამპმა კიდევ ერთხელ გაააკრიტიკა თეთრი სახლის გადაწყვეტილება, უკრაინის მხრიდან ამერიკული იარაღის რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში გამოყენების შესახებ. უნდა ვივარაუდოთ, რომ ის არ დათანხმდება ამგვარი ნებართვის გაცემას, კონფლიქტი რომც არ დასრულდეს.
„ადვილია თქვა, რომ გინდა – დაიბრუნო მიწები, მაგრამ ეს ქალაქები ძირითადად დანგრეულია – განაცხადა ტრამპმა ორშაბათის გამოსვლაში – შეხედეთ ამ ქალაქებს, ერთი ნაგებობაც კი არ არის გადარჩენილი. ასე რომ, ვიდრე რამეს იტყოდეთ „მიწების დაბრუნებაზე“, ჯერ იკითხეთ, რას იბრუნებთ – იმას, რის აღდგენასაც 110 წელი სჭირდება?“
ამ კომენტარებიდან ნათლად ჩანს, რომ ტრამპის გაპრეზიდენტებით ამერიკული დახმარება მკვეთრად შემცირდება, თუ საერთოდ არ შეწყდა.
ორშაბათს ტრამპმა რამდენჯერმე გაიმეორა: ის, რომ ხელისუფლებაში ყოფილიყო, რუსეთის პრეზიდენტი ამ ომს არ დაიწყებდა. მან გააკრიტიკა ბაიდენის ადმინისტრაცია…
„ვფიქრობ, მათ არ უნდა მიეცათ კიევისთვის რუსეთის სიღრმეში 300 კილომეტრზე დარტყმის უფლება“ – თქვა ტრამპმა.
ბაიდენის ადმინისტრაციამ დაადასტურა თავისი პოზიცია, რომელიც იმაში მდგომარეობს, რომ ზელენსკიმ თავად უნდა უნდა გადაწყვიტოს, თუ როდის და რა პირობებით ჩაერთვება მოლაპარაკებებში. „არაფერი უკრაინის შესახებ – უკრაინელების გარეშე. ჩვენ არ ვაპირებთ ძალდატანებას ან იმ პირობების თავს მოხვევას თუ რა უნდა გააკეთონ უკრაინელებმა სამომავლოდ“ – განაცხადა ნაციონალური უშიშროების საბჭოს ოფიციალურმა წარმომადგენელმა ჯონ კირბიმ.
ბაიდენის ადმინისტრაციამ, უკრაინისთვის ATACMS-ების გამოყენების უფლებაზე მსჯელობა ჯერ კიდევ არჩევნებამდე დაიწყო, ხოლო მიღებული გადაწყვეტილება, იყო პასუხი ჩრდილოკორეელი ჯარისკაცების კონფლიქტში ჩართვაზე, აღნიშნა კირბიმ.
ტრამპმა მოკლედ ისაუბრა ზელენსკისთან შეხვედრის შესახებ, რომელიც ახალახან გაიმართა პარიზში.
რეპორტიორის კითხვაზე, მან უპასუხა, რომ ინაუგურაციაზე მას ზელენსკი არ მიუპატიჟებია, თუმცა სხვა მსოფლიო ლიდერები მიიწვია.
„ თუ მოისურვებს ჩამოსვლას, ამას მივესალმები, მაგრამ მოწვევით არ მომიწვევია… დიახ, არა“ – თქვა ტრამპმა.
არჩეულმა პრეზიდენტმა, უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტს, „ამაზრზენი“ უწოდა და თქვა, რომ ომში ორივე მხრიდან „ასტრონომიული“ რაოდენობის დანაკარგია. „მე, რომ პრეზიდენტი ვყოფილიყავი, ეს არაგზით არ მოხდებოდა“- განაცხადა მან.