The Times დიდი ბრიტანეთი
მარკ ბენეთსი
უმაღლესი რადას დეპუტატმა – მაქსიმ ტკაჩენკომ, „ხალხის მსახურის“ პარტიიდან, განაცხადა, რომ დაახლოებით 150 ათასმა პირმა, შეწყვიტა მცდელობა, დაეწყო ახალი ცხოვრება კიევის კონტროლირებად რეგიონებში და მიაშურა რუსების მიერ დაკავებულ ტერიტორიებს. მისი თქმით, მათ არ დარჩათ სხვა არჩევანი, გარდა მშობლიურ ქალაქებში დაბრუნებისა
„იძულებით გადადგილებულებმა, ვერ მიიღეს საჭირო დახმარება სახელმწიფოსგან – ვერც საცხოვრებელი, ვერც სოციალური მხარდაჭერა, ვერც დანაკარგის კომპენსაცია და ვერც ალტერნატიული სამუშაო“ – უთხრა მან საიტ „უკრინფორმს“. ტკაჩენკომ ასევე აღნიშნა, რომ დროებით გადაადგილებული მოქალაქეების უმრავლესობა, შეეჯახა „დისკრიმინაციას“ და ვერ იპოვა სამუშაო ადგილი – დამსაქმებლების მათდამი სკეპტიკური დამოკიდებულების გამო.
მოგვიანებით ტკაჩენკომ უარყო თავისივე სიტყვები, როცა მისი განცხადება რუსულმა მედიამ აიტაცა.
„ასეთი მონაცემები არ არსებობს. ეს იყო ჩემი უსაფუძვლო და ემოციური ვარაუდი“ – თქვა მან.
თუმცა მისი გამონათქვამი კვლავ აქტუალური გახდა მას შემდეგ, რაც პიოტრ ანდრიუშენკომ, მარიუპოლის დევნილი მერის მრჩეველმა თქვა, რომ სულ ცოტა 50 ათასი ადამიანი დაუbრუნდა მარიუპოლს იმ დროიდან, როცა 2022 წელს ქალაქი რუსების ხელში გადავიდა.
ანდრიუშენკოს თქმით, კიევის ხელისუფლების მხრიდან დახმარების ვერმიღების პირობებში, დევნილებმა ვერ შეძლეს ცხოვრება ახალი ფურცლიდან დაეწყოთ – უკრაინის კონტროლირებად რაიონებში. „ადამიანებს არა აქვთ საცხოვრისი, დასაქმებულები კი არენდის ფულს ძლივს უყრიან თავს. ისინი იძულებულნი არიან, რომ უკან დაბრუნდნენ. ეს არა არის იდეოლოგიის საკითხი“ – აღნიშნავს ის.
მან ასევე განაცხადა, რომ ათასობით უკრაინელი დაბრუნდა მარიუპოლში, რათა ხელახლა მოეხდინა საკუთრების რეგისტრაცია, ამჯერად უკვე რუსული კანონმდებლობის შესაბამისად.
„მოგვიანებით ისინი წავიდნენ“ – დაწერა მან Telegram-ზე. მარიუპოლის აღების შემდეგ, რუსეთმა განაცხადა, რომ მოახდენდა კერძო საკუთრების „ნაციონალიზაციას“, იმ შემთხვევაში, თუ მფლობელი არ წარმოადგენდა შესაბამის დოკუმენტაციას, ამასთან მფლობელს ევალებოდა საბუთები პირადად წარმოედგინა.
პარტია „ხალხის მსახურის“ თავჯდომარემ – ელენა შულიაკმა, დევნილთა მხარდაჭერის სახელმწიფო პოლიტიკას, სრული კრახი უწოდა. მსოფლიო ბანკი დაზიანებული და დანგრეული საცხოვრებელის აღდგენისთვის საჭირო თანხად 120 მილიარდ ფუნტ სტერლინგს ასახელებს. შულიაკი აღნიშნავს, რომ დღევანდელი დაფინანსებით (4 მილიარდი გრივნა წელიწადში), საცხოვრებელი ფონდის აღდგენას – 1575 წელი დასჭირდება.
შიდა მიგრანტების რაოდენობა უკრაინაში, თითქმის 4 მილიონს აღწევს. ისინი იღებენ 2 ათას გრივნას (დაახლოებით 40 ფუნტ სტერლინგს) ყოველთვიურად, ხოლო ოჯახები მცირეწლოვანი ბავშვებითა და ინვალიდებით – 3 ათას გრივნას. დაახლოებით 7 მილიონმა უკრაინელმა კი ქვეყანა ომის დაწყებისთანავე დატოვა.
უკრაინელი მოხელების მონაცემებით, მარიუპოლში დაიღუპა 25 ათასი კაცი, თუმცა სხვა ცნობებით, ეს რიცხვი შეიძლება 3-ჯერ მეტი იყოს.
გაეროს ანგარიშში აღნიშნულია, რომ მრავალსართულიანი შენობების 90% და კერძო სახლების 60% დანგრეული ან დაზიანებულია საომარი მოქმედებების შედეგად. ბევრი ადამიანი, რომელიც დარჩა ან დაბრუნდა მარიუპოლში, ცხოვრობს ნათესავებთან ან თავშესაფარში.
რუსეთმა წამოიწყო მარიუპოლის აღდგენის პროექტი, მაგრამ კრიტიკოსები მოსკოვს ამხელენ სახლების უხარისხო მშენებლობასა და პროგრამის პროპაგანდისტული მიზნებით გამოყენებაში. „ყველაფერი ეს ტყუილია! ყოველივე ეს – თვალის ახვევაა“ – ყვიროდა ქალბატონი პუტინის მარიუპოლში შარშანდელი მოგზაურობის დროს.