Spread the love
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  

Цензор.НЕТ  უკრაინა

იური ბუტუსოვი

 

მეთოდებით, რომლებსაც იყენებს უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი – ალეკსანდრ სირსკი არმიის მართვაში, ფრონტის შენარჩუნება შეუძლებელია.

რადიო „თავისუფლებისთვის“ მიცემულ ინტერვიუში, Цензор.НЕТ-ის მთავარი რედაქტორი – იური ბუტუსოვი, ასახელებს ფაქტორებს, რომლებიც გავლენას ახდენს ფრონტზე არსებულ ვითარებაზე.

ეს ფაქტორები ჩამოთვლილია, არა იმდენად მათი მნიშვნელობის, რამდენადაც მათი სამხედრო ორგანიზაციასა და მართვაზე ზეგავლენის მიხედვით

პირველი: ხელით მართვის რეჟიმი. ამ ფორმით ხელმძღვანელობს  თავად მთავარსარდალი, რომელიც პირდაპირ ერევა ბატალიონებისა  და  ბრიგადების მართვაში  ОСУВ-ის (არმიის სტრატეგიული მართვა) და ОТУВ-ის (ოპერატიულ-ტაქტიკური მართვა) მეშვეობით და ეს ხდება ბრიგადის მეთაურების ხელით. სწორედ ასეთი ჩარევისა და მართვის, სხვადასხვა რგოლებზე „გადახტომის“ სტილი გვხვდება ე.წ. ОСУВ-ში. სამწუხაროდ ამის გამოა გაბატონებული უკრაინის შეიარაღებულ ძალებში, ასეთი ქაოსი და ხელით მართვის სტილი – სისტემური მუშაობა კი  პრინციპულად უკუგდებულია.

მეორე: ქაოსი საკადრო პოლიტიკაში. სირსკი გამუდმებით ცვლის მეთაურებს. არის ბრიგადები, სადაც მეთაური 6-ჯერ გამოცვალეს. გამუდმებით იცვლებიან ბატალიონების მეთაურებიც. ამ პროცესში არ იკითხება  არავითარი ლოგიკა და საღი აზრი. ბოლო დროს, არაერთხელ მომყავს მაგალითი, როცა 2 თვის განმავლობაში, 2-ჯერ მოხსნეს 24-ე ბრიგადის მეთაური და მოიყვანეს მესამე. გათავისუფლებულ 2 პირს  – ივან გოლიშევსკისა და სერგეი მაზორჩუკს – ჰქონდათ კარგი რეპუტაცია და ავტორიტეტით სარგებლობდნენ კოლექტივში.  მათი დანაშაული იყო ის, რომ ისინი, არსებული ვითარების შესახებ, პატიოსნად და ობიექტურად  აწვდიდნენ ხელმძღვანელობას ანგარიშებს: რომ მოწინააღმდეგე უტევდა, რომ იძულებულინი იყვნენ უკან დაეხიათ, რომ მტერი ეუფლებიოდა  ამა თუ იმ პოზიციას. ეს კი, ხელმძღვანელობის მხრიდან, აღიქმება პანიკის დათესვად, სიმტკიცის ნაკლებობად, რაც დაუშვებელია. სირსკი თავად ანადგურებს მის მიმართ რწმენას საკუთარ ხელქვეითებში. პასუხისმგებლობას ის ყოველთვის სხვას აკისრებს. ამ საკადრო სახლობანას თამაშით კი, ამოცანა ვერ შესრულდება, ვინაიდან მეთაურებს, რომლებიც ავლენენ დამოუკიდებლობას, პასუხისმგებლიანობას და ობიექტურად აღწერენ მძიმე ვითარებას, მაშინვე ატოვებინებენ პოსტებს – თანაც ეს ხდება მასობრივად.

მესამე: პასუხისმგებლობა. ის საერთოდ არ ჩანს, რადგან გაფანტულია. ანგარიშვალდებულება სრულად ვრცელდება დაბალ რგოლებზე. როცა ფრონტზე თავს იჩენს პრობლემები, ამას აქვს კომპლექსური მიზეზი: ეს დაკავშირებულია საბრძოლო მასალებთან, შენაერთების მართვასთან, მომზადებასთან, ტაქტიკასთან, ძალთა თანაფარდობასთან…როცა მტერი წინ მოიწევს, გვართმევს პოზიციას, იწყება დამნაშავის ძიება. დამნაშავე კი ყოველთვის შემსრულებელია, პირველ რიგში – ჯარისკაცი, შემდეგ ბატალიონის მეთაური, შემდეგ კი ბრიგადის მეთური, მაგრამ არასდროს გენერალი – ამ როლში არასდროს გვევლინება  ОСУВ-ის და ОТУВ-ის რომელიმე ხელმძღვანელი და ან სირსკი. ეს უკანასკნელი პირადად ერევა მებრძოლების ტაქტიკურ დონეზე მართვაში და კარნახობს ბრიგადის მეთაურებს, სად და როდის იმოქმედონ, რაც აბსურდია და ასე არ ხდება არსად, მით უფრო, ნატოში. ეს წმინდა წყლის თაღლითობაა…

მეოთხე: არმიის მიმართ ნდობის დაკარგვა. არმიის მართვა ეფუძნება განუწყვეტელ ტყუილსა და უპასუხისმგებლო ხელმძღვანელების სუბიექტურ შეხედულებებს. ისინი კი იქცევიან, როგორც ვახტიორები და არა როგორც ლიდერები. ლიდერების დეფიციტი კლავს არმიას. მეთაურების კასტა უყვირის ქვეშევრდომებს, ათავისუფლებს მათ თანამდებობიდან და სწორედ ეს უკანასკნელები არიან პასუხისმგებლები გაფუჭებულ საქმეზე. ხელმძღვანელობა კი არ არის ანგარიშვალდებული ჩავარდნაზე. ისინი ფრონტიდან მოშორებით, რუკის მეშვეობით იძლევიან ბრძანებებს და პასუხს არ აგებენ, არც ბრძოლისუნარიანობაზე, არც დანაკარგებზე, არც შენაერთების უწესრიგო გამოყენებაზე. ეს კი ნიშნავს პასუხისმგებლობის  სრულ მოშლას. მართვაში, ეს ვლინდება საკვანძო პრობლემის სახით – იკარგება ნდობა. არმიას არ სჯერა მეთაურობის, რადგან ტოტალური სიცრუის სისტემას წინა პლანზე გამოჰყავს ის ადამიანები, რომლებიც ეწევიან მუშაობის იმიტაციას და ცდილობენ, გამოიცნონ ის, რისი გაგება სურს უფროსობას. ეს არის მართვის არაადეკვატური სისტემა, ასეთი სისტემით კი ბრძოლა შეუძლებელია.

სიცრუეზე ვწერ, როგორც ძირეულ პრობლემაზე. მე მაქვს ჯერ კიდევ ზალუჟნის დროინდელი – 2020 წლის ანგარიშები. ეს ისტორია არ დაწყებულა სირსკით, როგორც ამას მარინა ბეზუგლაია ამტკიცებს. სამწუხაროდ პარტია – „ხალხის მსახური“ და  თავად მარიანა ბეზუგლაია, ნაწილია ამ სიცრუისა, რადგან დეპუტატი მუდმივად ცრუობს. ამასწინათ, მან განაცხადა, რომ სამხედრო-სამოქალაქო ადმინისტრაცია და პრეზიდენტი, აგებენ დაცვის ხაზებს დონბასში, ეს მტკნარი სიცრუეა. სამწუხაროდ მარინა ბეზუგლაია იტყუება ისე, როგორც გენერალიტეტი, უბრალოდ მას სხვა ინტერესი ამოძრავებს. ამ გზით, ის ცდილობს, ფრონტზე შექმნილ სიტუაციაზე პასუხისმგებლობა, პრეზიდენტსა და „ხალხის მსახურს“ ააცილოს, რომლებიც ანაწილებენ რესურსებს, პასუხს აგებენ დაცვის ხაზების გამართულობაზე, სახსრების გამოყოფაზე… მას კი სურს, ეს პასუხისმგებლობა ვიღაც გენერლებზე გადაიტანოს. ისე გამოდის, თითქოს ისინი დამოუკიდებლად ომობენ და ყველაფერს უშუალოდ განაგებენ.

ეს მიდგომა დამახასიათებელია ჩვენი ხელისუფლებისთვის. ის არასდროს იღებს პასუხისმგებლობას. იგივე ეხება მარიანა ბეზუგლაიასა და სირსკისაც.

ასეთ ვითარებაში, ისინი ერთნაირად იქცევიან. იმის ნაცვლად, რომ გაერთიანდნენ და გუნდურად აიღონ პასუხისმგებლობა, ისინი მხოლოდ ერთი რამით არიან დაკავებულნი, თითის სხვისკენ გაშვერით. რა თქმა უნდა, ეს სათავეს იღებს ზელენსკი-ერმაკის დუეტისგან და მას აგრძელებს ხალხი, რომელსაც ის ნიშნავს სამეთაურო თანამდებობებზე.

ეს ერთგვარი სტილია თვალთმაქცობისა, როცა ყოველთვის გარეთ ეძიებ დამნაშავეს და არასდროს წამოგცდება: „ეს მე უნდა გავაკეთო, ეს მე უნდა შევამოწმო“. თავდაცვის კომიტეტის წევრი მმართველი პარტიიდან, დაკავებულია იმით, რომ უბრალოდ ჭორაობს, აქაოდა,  ეს თუ ის გენერალი – ამას და ამას აშავებსო.

რატომ იშლება ფრონტი. როგორც წესი, ეს ხდება ასე: ხდება არა იმიტომ, რომ რუსეთის მეთაურობას ფრონტზე შეჰყავს რაღაც დამატებითი სატანკო კოლონები. ფრონტზე აგზავნიან ამა თუ იმ საბრძოლო შენაერთს, მას აძლევენ დასაცავი ზოლის მონახაზს, რომლის მოცულობა ბევრად აღემატება საბრძოლო ერთეულის შესაძლებლობებს. რაზმი, ბატალიონი თუ ბრიგადა იძულებულია, წინა ხაზზე განლაგდეს – ყოველგვარი რეზერვის გარეშე. ანუ თავდაცვის, ძალების გაშლის, მტრის სისტემური განადგურების გეგმის ნაცვლად, იწყება პოლიტიკურ თამაში, რომელიც ზემოდანაა დაშვებული. ქვეყნის ხელმძღვანელობა, დაწყებული მთავარსარდლიდან, მოითხოვს პოზიტიურ ინფორმაციას. აი ეს ვიდეორგოლები, რომლებსაც გვთავაზობს ზელენსკი – მათ მოსამზადებლად ითხოვენ დადებით ცნობებს. ისეთი გენერლები კი, როგორიც ალეკსანდრ სირსკია, გაცილებით მეტად დაჰკანკალებენ საკუთარ სავარძლებს, ვიდრე თავის ქვეშევრდომებს – სამხედრო მეთურობა იღებს შეთავაზებულ თამაშის წესს. მას იღებს მარიანა ბეზუგლაიაც. ყოველ მათგანს სურს მხოლოდ პოზიტიური ინფორმაცია. როცა საქმე ცუდადაა – აქ, სირსკისთვის დამნაშავეა ჯარისკაცი, ბატალიონის მეთაური, მარიანა ბეზუგლაიასთვის – სირსკი, სხვა ჩინოვნიკისთვის – თავად ბეზუგლაია, ყველა ერთმანეთისკენ იშვერს თითს. საერთო პასუხისმგებლობა კი ქვეყნის დაცვაზე, ანუ იმ საქმეზე, რაც მათ თანამდებობრივად ევალებათ, არსად ჩანს.

By admin