The Spectator ბრიტანეთი
ლიზა ჰესელდაინი
ნუთუ გერმანიის კანცლერი დაექვემდებარა წნეხს იმ ნიადაგზე, რომ შეემცირებინა უკრაინის დახმარება და დაელაგებინა ურთიერთობა რუსეთთან? გერმანულ ტელეარხ ZDF-ისთვის მიცემულ ინტერვიუში შოლცმა განაცხადა, რომ მოლაპარაკებები უკრაინის კონფლიქტის დარეგულირებაზე, რუსეთის მონაწილეობის გარეშე, შეუძლებელია
„ვფიქრობ, რომ ახლა საუკეთესო დროა, რომ მოვახერხოთ კონფლიქტის მოწესრიგება, თან იმაზე სწრაფად, ვიდრე ბევრს წარმოუდგენია – თქვა შოლცმა – უკრაინის პრეზიდენტთან შევთანხმდით, რომ მოლაპარაკებებში რუსეთი უნდა ჩერთოს.“
ამგვარი კომენტარები გაისმა ზელენსკისთან გამართულ გასული პარასკევის შეხვედრაზე, რომელზეც ლიდერებმა იმსჯელეს „საერთო ძალისხმევაზე თუ როგორ უნდა დამყარდეს სამართლიანი და მტკიცე მშვიდობა უკრაინაში“. გერმანიისა და უკრაინის ანგარიშები, მიმდინარე მოვლენების შესახებ, ზოგადია, მაგრამ ყველა თანხმდება, რომ ლიდერებმა განიხილეს „სამომავლო ნაბიჯები“ სამშვიდობო მოლაპარაკებების მორიგი რაუნდის წინ.
ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა უკრაინაში მშვიდობის დამყარების საკითხი, უმაღლეს დონეზე განიხილება. კიევის მოკავშირეები ერთმანეთს პირველად შვეიცარიაში შეხვდნენ – ე. წ. მშვიდობის სამიტის ფარგლებში და ეს მოხდა ივნისის თვეში. შეკრების მიზანი იყო, გაცნობოდნენ ზელენსკის პირობებს თუ როგორ მოხერხდებოდა რუსეთთან მოლაპარაკებზე დათანხმება. 90-ზე მეტი ქვეყნის წარმომადგენლებმა, თავი მოიყარეს, რომ ემსჯელათ ბირთვული, სასურსათო უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარულ საკითხებზე, როგორიცაა ტყვეთა გაცვლა და უკანონოდ დეპორტირებული ბავშვების სამშობლოში დაბრუნება.
ნიშანდობლივია, რომ ამ განხილვებში რუსეთი არ მონაწილეობდა, თუმცა შვეიცარიამ გამოთქვა მზადყოფნა, მოსკოვი შეხვედრაზე მიეწვია. მოგვიანებით, კრემლმა უგულვებელყო სამიტის შედეგები და მათ „ნულოვანი“ უწოდა.
არც შოლცს და არც ზელენსკის, პარასკევს რაიმე მნიშვნელოვანი არ უთქვამთ, თუნდაც ის, როდის გაიმართებოდა სამშვიდობო მოლაპარაკებების მეორე რაუნდი. თუმცა ივლისში, ზელენსკიმ იმედი გამოთქვა, რომ ნოემბრისთვის მოლაპარაკებების დასაწყებად, ყველაფერი მზად იქნებოდა. მას სურს, მეორე სამიტის, აშშ-ს 5 ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებამდე ჩატარება. საქმე ისაა, რომ კიევში ბევრი შიშობს, რომ ტრამპის გაპრეზიდენტების სავსებით რეალისტურმა პერსპექტივამ, შეიძლება საფრთხე შეუქმნას კონფლიქტის სამართლიანად გადაწყვეტას.
მეორე საკითხია თუ როგორ მოხერხდება რუსეთის დასწრება სამშვიდობო შეხვედრაზე. მართალია, პუტინი და მისი მოხელეები სიტყვიერად მხარს უჭერენ სამშვიდობო მოლაპარაკების იდეას და არაერთხელ განაცხადეს „მზადყოფნა დიალოგისთვის“, მაგრამ არაფერი მოასწავებს, რომ რუსეთის პრეზიდენტს რეალურად სურს ზელენსკის გვერდზე მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდომა.
თუ გერმანიას მივუბრუნდებით, არც შოლცია ამ პროცესში მთლად უანგარო, როცა აცხადებს პუტინთან დიალოგის აუცილებლობაზე. თვის დასაწყისში თიურინგიასა და საქსონიაში გამართული არჩევნების შედეგებმა აჩვენა, რომ კანცლერის სოციალ-დემოკრატიულ პარტიასა და მის პარტნიორებს, მძიმე დღეები უდგას. სოციალ-დემოკრატების, თავისუფალი დემოკრატიული პარტიისა და „მწვანეების“ კოალიცია, იშლება. ბოლო გამოკითხვის შედეგებით, რომელიც ZDF-მა პარასკევს გამოაქვეყნა, ვიგებთ: გერმანელების 72% თვლის, რომ შოლცის მთავრობა ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევებს – „თავს ვერ ართმევს“.
სხვაზე უკეთ, ადგილობრივ არჩევნებზე თავი უკიდურესმა მემარჯვენე „ალტერნატივამ გერმანიისთვის“ და მემარცხენე „სარა ვაგენკნეხტის კავშირმა“ წარმოაჩინეს. ორივე პარტია, უკრაინის მხარდაჭერის შეწყვეტისა და მოსკოვთან ურთიერთობის გაუმჯობესების მოთხოვნით გამოდის. ამ იდეებმა, როგორც ჩანს, ფართო გამოხმაურება ჰპოვა ელექტორატში. ჟურნალ FOCUS-ის მიერ ივნისში ჩატარებულმა გამოკითხვამ დაგვანახა, რომ „ალტერნატივას“ ამომრჩეველთა 80% – კონფლიქტის „დიპლომატიური გადაჭრის“ მომხრეა. გერმანიაში მომდევნო ფედერალური არჩევნები, დაახლოებით წელიწადში ჩატარდება. ბევრი ხელისუფლებაში დაბრუნებას ქრისტიან-დემოკრატიულ კავშირს უწინასწარმეტყველებს. შოლცის პარტია კი უკვე ჩამორჩება „ალტერნატივას“. ამის გამო, კანცლერი ცდილობს შექმნილი სიტუაციიდან თავის დაძვრენას, რათა თავიდან აიცილოს კარსმომდგარი კატასტროფა. 12 თვე, ძალზე მოკლე ვადაა საიმისოდ, რომ სრულად გაბათილდეს ის ფაქტორები, რომლებიც „შუქნიშანიდან“ (ასე მოიხსენიებენ მმართველ კოალიციას – რედაქციისგან) ამომრჩეველს „ალტერნატივასკენ“ ან „კავშირისკენ“ მიერეკება, თუმცა ტაქტიკის ცვლილებამ უკრაინის საკითხში, შეიძლება შეაფერხოს ეს გადინება – სულ ცოტა, დროებით მაინც.