Spread the love
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  

iDNES.cz  ჩეხეთი

ლადისლავ კრიზანეკი

 

 უკრაინული ძალების შეჭრამ კურსკის ოლქში, რამაც კიევს გაუღვივა ომში გარდატეხის შეტანის იმედი, შეიძლება მოიტანოს იმის საპირისპირო შედეგი, რასაც უკრაინა ელის. უკრაინული არმიის მეთაურობას, უპირველესად იმის იმედი ჰქონდა, რომ ამ ნაბიჯით, აიძულებდა რუსებს, გაეყვანათ ძალები აღმოსავლეთ ფრონტიდან, სადაც უკრაინელების მდგომარეობა უმძიმესია, მაგრამ ამ გათვლამ, არ გაამართლა. პირიქით, ვლადიმირ პუტინი თითქოს  ვერ ამჩნევს კიევის წამოწყებულ ოპერაციას რუსეთის ტერიტორიაზე, რომელშიც ჩართულია ათასობით უკრაინელი ჯარისკაცი და დიდძალი, ძვირადღირებული დასავლური ტექნიკა. პუტინი ჯიუტად ცდილობს, მიაღწიოს მასშტაბურ გარღვევას დონეცკის ოლქში. რა გამოდის, უკრაინელებმა ვერ გათვალეს?

საკვანძო ქალაქ პოკროვსკთან – ფრონტი ჩამოშლის პირასაა. რუსები, რიცხობრივი უპირატესობის ხარჯზე, წინ მიიწევენ. მათ, ქალაქს რამდენიმე კილომეტრი აშორებთ, უკრაინული ნაწილები კი უკანასკნელი ძალით იბრძვიან. თუ ქალაქი დაეცა, რაც სამხედრო ანალიტიკოსთა უმრავლესობის აზრით გარდაუვალია – უკრაინა ოპერატიულ კატასტროფაში აღმოჩნდება.

„სიტუაცია უკიდურესად მძიმეა“ – აღიარებს ზელენსკი. „რუსეთი არ იშურებს არაფერს, რაც კი გააჩნია“ – განაცხადა უკრაინული არმიის მეთაურმა – ალეკსანდრ სირსკიმ. „თუ პოკროვსკი დავთმეთ, ფრონტის მთელი ხაზი ჩამოიშლება“ –  ამბობს სამხედრო ექსპერტი მიხაილ ჩიროხოვი.

არავითარი ხაფანგი

ამ დღეებში პოკროვსკში გააფთრებული ბრძოლები მიმდინარეობს. უკრაინის არმიაში არსებული ცოცხალი ძალისა და ლოგისტიკური მხარდაჭერის დეფიციტის ფონზე (როგორც ამას ფრონტის ხაზიდან ვიგებთ), რუსები სწრაფად მიიწევენ წინ.

მათთვის ეს ისე მოულოდნელი აღმოჩნდა, რომ ზოგიერთი ფიქრობს,  რომ რაღაც ეშმაკობას აქვს ადგილი და უკრაინელები რუსებს ხაფანგს უმზადებენ. ვლადიმირ ზელენსკის, რუსების წინსვლის გამო – სამხედროების, კანონმდებლებისა და ანალიტიკოსების მხრიდან მწვავე კრიტიკა დაატყდა თავს. ის ხალხი, ვინც თავიდან აღფრთოვანებული იყო კურსკში ელვისებური შეჭრით და ეგონა, რომ მოსკოვი გადაისროდა ამ ოლქში ნაწილებს აღმოსავლეთ ფრონტიდან, ახლა უკვე არ ერიდება პრეზიდენტის კრიტიკას. კურსკის ოპერაციამდე, ათასობით გამოცდილი უკრაინელი ჯარისკაცის გადაისროლეს რუსეთში, ახლა კი მათი უკმარისობა იგრძნობა ყველგან და ექსპერტები ფიქრობენ, რომ ეს იყო დაუფიქრებელი და ძალზე რისკიანი ნაბიჯი.

„შეტევა კურსკის ოლქზე, აჩენს შესაძლებლობებს, მაგრამ მას თან სდევს დიდი რისკები და ხარჯი. აქამდე უკრაინული ოპერაცია მიმდინარეობდა შერეული ძალებით  და რაოდებრივად შეადგენდა დაახლოებით 15 000 კაცს. ოლქში იმყოფება ერთ-ერთი საუკეთესო და გამოცდილი კონტიგენტი ( მის ბირთვს, წარმოადგენს ელიტური მოიერიშე დანაყოფები), რომელიც მოიხსნა დონეცკისა და ხარკოვის ხაზებიდან, ხოლო ნაწილი რეზერვის სახით იყო შემონახული“ – ამბობს ავტორიტეტული ექსპერტი – მაიკლ კოფმანი თავის სტატიაში, რომელიც ჟურნალ „ფორინ ეფეარზში“ გამოქვეყნდა. კურსკის გარღვევა, მას ჩავარდნად არ შეუფასებია, მაგრამ აღნიშნა, რომ რისკი დიდი ალბათობით არ გაამართლებს, რადგან ეს შეტევა კიდევ უფრო დაასუსტებს, ისედაც მყიფე თავდაცვის ხაზს  უკრაინის აღმოსავლეთში.

„რუსული ძალები ავიწროებენ უკრაინის თავდაცვის ხაზებს რამდენიმე ღერძის გასწვრივ, რომლებიც უგლედარიდან პოკროვსკისკენ, ტორეცკიდან კი ჩასოვ იარისა და კუპიანსკისკენ მიემართება“ – დაწერა კოფმანმა.

„ვლადიმირ პუტინისთვის, წარმატება უკრაინის აღმოსავლეთში – პრიორიტეტულია. ამაში არის ლოგიკა: რუსეთის მიერ დაკავებული ტერიტორიების დაბრუნება,  უკრაინას ძალზე გაუჭირდება, კიევი კი ვერ მოახერხებს, ხანგრძლივად შეინარჩუნოს კურსკში მოპოვებული პოზიციები.“

საერთოდ, პოკროვსკისთვის ბრძოლა – ეს არის ავდეევკის სისხლისმღვრელი ოპერაციის გაგრძელება, რომელიც უკრაინელებმა თებერვალში დაკარგეს. ეს ქალაქი, პოკროვსკის სამხრეთ-აღმოსავლეთით 40 კილომეტრში მდებარეობს და ის იყო მნიშვნელოვანი საყრდენი პუნქტი, რომლითაც უკრაინა ახერხებდა მთელი აღმოსავლეთ ფრონტის შენარჩუნებას.  ავდეევკის დაცემა, აღმოჩნდა უზარმაზარი დანაკარგი კიევისთვის, უპირველესად იმიტომ, რომ რუსეთის არმიამ შეძლო მთელი ძალისხმევა პოკროვსკსა და მეორე საკვანძო ქალაქ – ჩასოვ იარზე გადაეტანა.

მთავარი ლოგისტიკური კვანძი

პოკროვსკის (უკრაინული არმიის მთავარი ლოგისტიკური ცენტრის) აღება, მოსკოვს სტრატეგიულ ამოცანად მიაჩნია. ეს, მას გზას უხსნის ისეთი მსხვილი ქალაქებისკენ, როგორიცაა – დნეპრი და ზაპოროჟიე.

პოკროვსკი, სადაც ომამდე 60 ათასი კაცი ცხოვრობდა, მასზე გამავალი რკინიგზითა და მაგისტრალების ქსელით, წარმოადგენს უკრაინული არმიის მთავარ ლოგისტიკურ პუნქტს აღმოსავლეთ ფრონტზე. მისი დაკარგვის შემთხვევაში, უკრაინული არმიის მომარაგება მთელ  რეგიონში –  საფრთხის წინაშე აღმოჩნდება .

„თუ გავითვალისწინებთ, რომ ამა წლის მაისში, რუსეთი დაბრუნდა ხარკოვის ოლქში, არ გვაქვს საფუძველი ვიფიქროთ, რომ კრემლი დასჯერდება დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებს“ – განაცხადა „ობოზრევატელისთვის“ მიცემულ ინტერვიუში სამხედრო ვეტერანმა და აქტივისტმა ოლეგ სიმოროზმა – მისი თქმით, პოკროვსკი ნებისმიერ ფასად უნდა შენარჩუნდეს.

ბრძოლის ველიდან, უპირატესად ქაოსური და ურთიერთგამომრიცხავი ცნობები მოდის, ოფიციალური არხები იტყობინებიან უკრაინელების გააფთრებულ წინააღმდეგობაზე, მაგრამ ზოგიერთი რუსული და უკრაინული წყაროს ცნობით, რუსები თითქმის დაუბრკოლებლად მიიწევენ წინ.

ამაზე მიუთითებს მაგალითად ნოვოგროდოვკის დაცემა, ქალაქისა, რომელიც პოკროვსკიდან 10 კილომეტრში მდებარეობს და რომელიც რუსებმა პრაქტიკულად უბრძოლველად დაიკავეს. ამდენად, ზოგიერთი ანალიტიკოსი მიიჩნევს, რომ პოკროვსკის აღება არა თვეების, არამედ რამდენიმე კვირის საკითხია და მალე ქალაქს მიწასთან ისევე გაასწორებენ,  როგორც მარიუპოლს , ბახმუტსა  და ავდეევკას. თუ, რა თქმა უნდა, სასწაული არ მოხდა.

„ყველაზე ცუდი სცენარი იქნება: თუ უკრაინა რამდენიმე თვეში  დაკარგავს დიდი ტერიტორიებს აღმოსავლეთში, ხოლო კურსკში ვერ შეინარჩუნებს ვერაფერს, რაც შეიძლებოდა მოლაპარაკებების დროს კოზირად გამოყენებულიყო“ – წერს კოფმანი.

By admin