Spread the love
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  

Politico  აშშ

გაბრიელ გევინი

 

  2024 წლის პირველ ნახევარში, დასავლელმა მოკავშირეებმა ისარგებლეს სანქციებს შორის დატოვებული ხვრელით და დაახლოებით 2 მილიარდი დოლარის ღირებულების რუსული ნავთობი შეისყიდეს. ეს სახსრები რუსეთს საშუალებას აძლევს, ხელფასები გადაუხადოს თავის ჯარისკაცებს უკრაინაში, ნათქვამია გამოსაქვეყნებლად გამზადებულ ანგარიშში, რომელსაც ჟურნალი Politico გაეცნო

დემოკრატიის კვლევის, ასევე ენერგეტიკისა და სუფთა ჰაერის შემსწავლელი ცენტრების ერთობლივი ანალიზი, რომელიც სამშაბათს გასაჯაროვდება, მიუთითებს, რომ ბენზინის, დიზელის საწვავისა და რუსული ნედლი ნავთობის სხვა პროდუქტების შესყიდვები, ბოლო თვეებში გაიზარდა და იმპორტი – სამი თურქული ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან ხორციელდება.

იმპორტი ტექნიკურად ლეგალურია სანქციების პაკეტში არსებული, ყველასათვის კარგად ცნობილი ხვრელის საშუალებით.

მართალია ევროკავშირმა და მისმა მოკავშირეებმა თითქმის სრულად აკრძალეს რუსული ნავთობის იმპორტი, მაგრამ ამ ქვეყნებს კვლავინდებურად შეუძლიათ დაუბრკოლებლად შეიძინონ რუსული წარმოშობის საწვავი თუ ის გადამუშავებულია მესამე ქვეყანაში, მაგალითად თურქეთში.

ანგარიშის თანახმად, თურქეთი და მისი დასავლელი მოკავშირეები, სულ უფრო ხშირად იყენებენ ამ შემოვლით მექანიზმს, მიუხედავად უკრაინის დაჟინებული მოთხოვნისა.

2024 წლის პირველ ნახევარში, ევროკავშირმა, აშშ-მ, დიდმა ბრიტანეთმა და სხვა დასავლელმა მოკავშირეებმა, შეისყიდეს დაახლოებით 2 მილიარდი დოლარის საწვავი სამი თურქული საწარმოდან, ნათქვამია ანგარიშში. ამ დროს თურქეთმა ისარგებლა ბარელზე 5-20 დოლარის ფასდაკლებით რუსეთისგან. 2023 წელს, ეს შეღავათი შეეხო მიღებული მოცულობის  34%-ს , ხოლო 2024 წელს, შესყიდული საწვავის 79%-ს.

„თურქეთიდან ბენზინის იმპორტი ევროკავშირს 10%-ით იაფი უჯდება, ვიდრე საუდის არაბეთიდან საწვავის შემოტანა – განაცხადა ენერგეტიკისა და სუფთა ჰაერის კვლევის ცენტრის ანალიტიკოსმა – ვაიბჰაბ რაგჰენანდანმა – მაგრამ მომხმარებლებზე ეს ეკონომია არ აისახება და სარგებელს მხოლოდ საშუამავლო კომპანიები და კომერსანტები იღებენ. ვიღაც ამ სქემებით ხელს ითბობს, მაგრამ ეს ვიღაც, არ არის უბრალო მომხმარებელი.“

პოლიტიკოსები ევროკავშირიდან და აშშ-დან ირწმუნებიან, რომ იცავენ სასანქციო შეთანხმებებს და ამით რუსებს აკარგვინებენ ნავთობის გადამუშავებით მიღებულ პრემიებს. მაგრამ დასავლეთისთვის მიყიდული წიაღისეული საწვავის შემოსავლებით, რუსეთი ყოველთვიური გზავნის 6 200 ჯარისკაცს საბრძოლველად უკრაინაში. ამის მერე, დასავლეთის ქვეყნებს უფლება აღარ აქვთ თქვან, რომ არ იციან საწვავის წარმოშობის შესახებ.

ანგარიშის ავტორების მონაცემებით, ერთ-ერთ თურქულ საწარმოში, რომელიც აზერბაიჯანულ  Star Aegean-ს ეკუთვნის, ნავთობის 98% რუსეთიდან არის მიღებული და მისი 73% რუსულ ენერგოგიგანტ „ ლუკოილზე“ მოდის, რომელზეც ვრცელდება დასავლური სანქციები. ამ პროდუქციის ცხრა მეათედი მიდის დასავლურ ქვეყნებში, რომლებიც დეკლარირებულად მხარს უჭერენ უკრაინას.

არც ევროპის კომისიის და არც თურქეთის ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო, დასმულ შეკითხვებზე კომენტარს არ იძლევა.

გასულ წელს, უკრაინის პრეზიდენტის ეკონომიკური მრჩეველი ოლეგ უსტენკო აცხადებდა, რომ „შვიდეულმა“ უნდა აკრძალოს რუსული წარმოშობის ნავთობპროდუქტების შესყიდვა, რათა კრემლმა დაკარგოს შემოსავალი, რომელსაც შუამავლების – თურქეთის, ინდოეთისა და ჩინეთის მეშვეობით იღებს.

„საწვავის რუსული წარმომავლობა, სანქციების სულისკვეთებას პირდაპირ ეწინააღმდეგება“ – განაცხადა ენერგეტიკის ექსპერტმა დემოკრატიის კვლევის ცენტრიდან – მარტინ ვლადიმიროვმა.

„ჩვენ რეკომენდაციას ვაძლევთ ევროკავშირსა და „შვიდეულს“, რომ აკრძალონ რუსული ნავთობის ყიდვა – ყველაფერი ცხადზე უცხადესია“ – დაასკვნის ის.

By admin